"ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა... ამ პერიოდზე კარგი მოგონებები არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა... ამ პერიოდზე კარგი მოგონებები არ მაქვს"

არქივი, ჟურნალი "გზა", ინტერვიუ დაბეჭდილია 2018 წლის ნოემბერში

"იყო შეცდომები, რადგან ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა, დემოკრატიული სახელმწიფო, "თინეიჯერობის ასაკში"პარლამენტარი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თავისი ასაკის კვალობაზე ბევრი რამ მოასწრო, თუმცა კიდევ უფრო მეტის გაკეთებაც შეეძლო. წუხს, რომ ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოსდა მან განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა პატრიარქი და ეკლესიაა და რომ "ნაციონალური მოძრაობა" გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამუდამოდ შეუკრავს ხელ-ფეხს ეკლესიას. საუბრისას აღნიშნა, რომ ფულს დაუნანებლად ხარჯავს წიგნებსა და ფეხსაცმელში და როგორც მივხვდი, ფულის უძრავ ქონებაში დაბანდებაზეც არ ამბობს უარს. რამ მოახდინა გავლენა მისი პროფესიული არჩევანის გაკეთებაზე, ვინ დაადგა თვალი მის ქონება-ცხოვრებას და სად მუშაობდა სიცოცხლის რისკის ფასად დეპუტატი, - ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

- ვფიქრობ, რომ როგორც ყველა 90-იანელზე, ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა იმ მოვლენებმა, რაც მაშინ ხდებოდა. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და ბევრი რამ დღემდე კარგად მახსოვს. ამ ყველაფერმა გარკვეულწილად იმოქმედა და სურვილი გამიჩნდა, მიმეღო მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში. სწორედ ამან განაპირობა პროფესიული არჩევანიც. სკოლის დამთავრების შემდეგ, რადგან მაშინ პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი არ არსებობდა, იურიდიულზე ჩავაბარე, მეორე კურსიდან კი საზღვარგარეთ წავედი.

- როგორ ფიქრობთ, სრულყოფილებისა და ბედნიერებისთვის ქალისთვის ოჯახი აუცილებელია?

- ასე არ ვფიქრობ. მე ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდზე მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ მაქვს. ყველას თავისი ბედი აქვს. არ ვფიქრობ, რომ ბედნიერება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მათ თუ შეაგროვებ, მაშინ ხარ ბედნიერი. თუ კარიერა ან ოჯახი არ გაქვს, უბედური ხარ? ვიღაცისთვის შვილების გაზრდაა ბედნიერება, ვიღაცისთვის ის, რომ თავის პროფესიაშია რეალიზებული.

- თქვენს შემთხვევაში როგორ მოახდინეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზება?

- საქართველოში დავბრუნდი "ვარდების რევოლუციამდე" 1 წლით ადრე, ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში სამუშაოდ, მაგრამ ისევ წავედი უცხოეთში, რადგან აქ ვერ ვხედავდი თვითრეალიზაციისა და განვითარების პერსპექტივას. რადგან "ვარდების რევოლუციამ" შეცვალა რეალობა და მომავლის იმედი გაჩნდა, მაშინ ისევ დავბრუნდი და დიპლომატიურ სამსახურში განვაგრძე საქმიანობა - კვლავ უცხოეთში, ოღონდ ამჯერად საქართველოს სამსახურში. 2005-დან 2013 წლამდე ვიყავი საქართველოს ელჩი ევროკავშირში. ეს იყო ჩემი კარიერის მანძილზე ყველაზე პროდუქტიული და ყველაზე ძვირფასი წლები, რადგან ამ პერიოდში ბევრი რამის გაკეთება შევძელი.

- ამ ხნის მანძილზე თუ იყო შემთხვევა, რომ რომელიმე გამოწვევას სათანადოდ ვერ გაუმკლავდით და დამარცხდით?

- ისეთი შემთხვევა, რომ გამოწვევების წინაშე დავმარცხებულიყავი, ნამდვილად არ მახსენდება. მიმუშავია ომის ზონაში, ლიბიაში, მის დედაქალაქ ტრიპოლში მაშინ, როცა ყველა დიპლომატიური სამსახური ევაკუირებული იყო, ფაქტობრივად, სიცოცხლის რისკის ფასად. ალბათ ყველაზე რთული იყო, როდესაც ჩავდიოდი ისეთ რეგიონში, სადაც შეიძლებოდა ისლამურ სახელმწიფოს გავეტაცებინე და მოვეკალი; სადაც დაუცველი ვიყავი.

- შიში არ გქონდათ?

- როგორ არა, ძალიან მეშინოდა, ყველა ადამიანს აქვს შიშის გრძნობა, მთავარია, მისი დაძლევა. არ დაგიმალავთ, როცა ევროპაში ვბრუნდებოდი ერთი კვირით და მიწაზე ფეხს დავადგამდი, ვმშვიდდებოდი. მიხარია, რომ ეს ეტაპიც გავიარე და ეს გამოწვევაც დავძლიე მაშინ, როცა ყველა მეუბნებოდა, რომ არ წავსულიყავი.

- გასაგებია, რომ გინდოდათ ქვეყნის წინსვლაში თქვენი წვლილი შეგეტანათ, მაგრამ რატომ მაინცდამაინც "ნაციონალური მოძრაობა"? მით უმეტეს, თქვენ მაშინ გახდით პარტიის წევრი, როდესაც უკვე დაკარგული ჰქონდა ძალაუფლება.

- "ნაციონალურ მოძრაობაში" 2016 წელს გავწევრდი. როდესაც დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი, ვაკვირდებოდი აქ მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო შეცდომები და თანაც, მძიმე შეცდომები, რაც ძვირად დაუჯდა ამ პოლიტიკურ ძალასაც და, საბოლოოდ, ქვეყანასაც. ამ შეცდომების შედეგი იყო 2012 წლის არჩევნებში დამარცხებაც, მაგრამ, ამავე დროს, ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. საზოგადოება სამართლიანი უნდა იყოს და დააფასოს ის, რაც გაკეთდა. ჩვენ გვინდა რეფორმირებული სახით დავბრუნდეთ იმისთვის, რომ სახელმწიფომ წინსვლა გააგრძელოს. მივიჩნიე, რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემეძლო მნიშვნელოვანი როლი მეთამაშა ამ პროცესებში და ოპოზიცია გამეძლიერებინა.

- ქვეყანა წინ ვერ მიდის - ახლაც აღნიშნეთ და ადრეც გითქვამთ, რომ სიღარიბე, უმუშევრობა და ტერიტორიული მთლიანობა ეს ის პრობლემებია, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ეს პრობლემები 2012 წლამდე არ აწუხებდათ მოქალაქეებს, მართლა ასე ფიქრობთ?

- უმუშევრობა და სიღარიბე მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყნის პრობლემაა. ჩვენ თუ შევხედავთ, სად ვიყავით ამ მხრივ 2003 წელს და სად - 2012 წელს, პროგრესი სრულიად აშკარაა. იცით, რამდენჯერ გაიზარდა ბიუჯეტი და ეკონომიკური ზრდა როგორ მიდიოდა, რომ არა 2008 წლის ომი? რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, რატომ მოხდა 2008 წლის ომი? იმიტომ, რომ დაესაჯათ საქართველო და ხელი შეეშალათ ჩვენი ქვეყნის გაწევრებისთვის ნატოში, ეკონომიკური განვითარებისა და წარმატებისთვის. ამიტომაც ერთ სიბრტყეში ვერასდროს განვიხილავ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას". ჩვენ თუ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, არ შეიძლება პოლიტიკური ძალაუფლება მივანიჭოთ იმ კაცს, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფინანსური რესურსი, წვდომა ბიუჯეტზეც და სახელმწიფო და ადმინისტრაციულ რესურსზეც.

- თქვენი სიტყვებით, ივანიშვილმა დაკარგა მორალური კომპასი და ერთმანეთისგან ვეღარ გაურჩევია კარგი და ცუდი. მაშინ, როდესაც ეს კომპასი მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა, თქვენ როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, გრძნობდით, რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა და ხალხი? გამოხატეთ პროტესტი თუნდაც 7 ნოემბრის ან სხვა მოვლენების გამო?

- მე იმ პერიოდში ვიყავი ელჩი ევროკავშირში, მაგრამ გულზე ხელის დადებით შემიძლია გითხრათ, რომ მაშინდელ მთავრობასთან ძალიან გულწრფელად ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, თუ რა იქნებოდა საზიანო და რა - სასიკეთო ქვეყნისთვის. შიდა სამზარეულოში აქტიურად არ ვიყავი ჩართული და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გულწრფელად გამოვხატავდი შეშფოთებას კონკრეტული საკითხისა თუ საქმის მიმართ. 7 ნოემბერს რაც შეეხება, გამიჭირდებოდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დარჩენა, რომ არ გადამდგარიყო პრეზიდენტი სააკაშვილი. როგორც მოქალაქემ და როგორც დიპლომატმა, ჩავთვალე, რომ ეს ნაბიჯი იყო აღიარება პოლიტიკური პასუხისმგებლობისა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, რადგან ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა, დემოკრატიული სახელმწიფო, "თინეიჯერობის ასაკში", ხოლო ამ ასაკში შეცდომები ბუნებრივია.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ეშინია საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების?

- ვფიქრობ, ძველი შეცდომების გამო, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ახლანდელმა ხელისუფლებამ არაფერი გამოასწორა, საზოგადოება მოითხოვს რეფორმებს და ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ რეალურად ვაპირებთ რეფორმების განხორციელებას.

- ანუ ბერძენიშვილ-ოქრუაშვილივით წყენა და მტრობა ქვეყნის სასიკეთოდ უნდა დაივიწყოს ყველამ?

- ეს ქვეყანა ყველასია, შეიძლება, ვიღაცას არ ვეთანხმები, მაგრამ იმისიცაა საქართველო. პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ როცა სამოქალაქო ომის საშიშროებაზე საუბრობ, ესე იგი, პირადი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია შენთვის.

samadashvili-1704700262.jpg

- თქვენ თვითონ რამდენად იოლად გავიწყდებათ წყენა? მაგალითად, როგორი ურთიერთობა გაქვთ ეკა ბესელიასთან, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაგატოვებინათ ან გია ვოლსკისთან, რომელმაც 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას "რა გაყვირებს, გოგო", - ასე მოგმართათ...

- არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც წყენა ამახსოვრდება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვისაა ცუდი. რაც უფრო მალე დავივიწყებ, მით უკეთესია. მიმაჩნია, რომ პირადი წყენების ადგილი პოლიტიკაში საერთოდ არ არის. ქუჩაში ვინმეს რომ მოუმართავს "გოგონათი", ძალიანაც გამხარებია, მაგრამ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ასეთი მომართვა სწორი ფორმა არ არის და ჩემი უკმაყოფილება მაშინვე დავაფიქსირე. ეს უბრალო ეტიკეტია.

- რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბოლოდროინდელ თქვენს განცხადებას ეკლესიისა და პატრიარქის შესახებ, რას გვეტყვით? (ინტერვიუ დაბეჭდილია 2018 წლის ნოემბერში)

- მსგავსი რამ პატრიარქისა და ქართული ეკლესიის შესახებ არასდროს და არავისთან მითქვამს, ტყუილია. ეს ამბავი მონაზვნებისგან გავიგე. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ბინძური მეთოდებით ცდილობენ ადამიანების იმიჯის შელახვას, საშინელი კომენტარები იწერებოდა ჩემზე. საჯარო პირებს თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ ყველანაირ სიცრუეს ყურს ვერ წაუყრუებ კაცი.

- რაც შეეხება თქვენს ქონებრივ დეკლარაციას, ამის შესახებაც გკითხავთ, საკუთარი დანაზოგით მოახერხეთ ირლანდიაში სახლის ყიდვა?

- თითქმის ყველა ჩემი სამსახური მაღალანაზღაურებადი იყო. ლიბიაში ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა, ფაქტობრივად, სიცოცხლის რისკის ანაზღაურება ამით ხდებოდა. სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე. ჩემი ძმაცა და ძმისშვილებიც ირლანდიის მოქალაქეები არიან და ამიტომაც გადავწყვიტე, მთელი ჩემი დანაზოგით (და ამაში მშობლებიც დამეხმარნენ) ირლანდიაში სახლი მეყიდა. სხვათა შორის, ჩემს ძმისშვილებს უკვე თვალი აქვთ დადგმული ჩემს სახლზე ირლანდიაში და მითანხმდებიან, ეს სახლი ხომ ჩვენიაო...

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"