"მხოლოდ საჭიდაო ლეიბზე ვართ ცოტა დაუნდობლები, თორემ ისე, ისეთივე გოგონები ვართ, როგორც სხვები" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ საჭიდაო ლეიბზე ვართ ცოტა დაუნდობლები, თორემ ისე, ისეთივე გოგონები ვართ, როგორც სხვები"

ამ ცოტა ხნის წინ, ბუქარესტში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში მეტად წარმატებული გამოდგა ჩვენი მოჭიდავე ქალებისთვის. ჯერ იყო და საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა ქალი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი და ეს ნინო ოძელაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ფინალში გამარჯვების შემდეგ ჩვენებურადაც ჩამოუარა საჭიდაო ხალიჩას, მას არც ელენე ქებაძე (+80 კგ) ჩამორჩა და ოქროს მედალი მანაც დაიმსახურა. გოგონები უკვე სამშობლოში არიან და ჩვენს კითხვებს პასუხობენ:

ნინო ოძელაშვილი: - ევროპის ჩემპიონობის მერე, უფრო მოვუმატე ვარჯიშს. წინაზე, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გავხდი და როცა ვმარცხდები, მერე ყოველთვის ვაანალიზებ თუ რა გახდა მარცხის მიზეზი და ვცდილობ გამოვასწორო. მოვუმატე ვარჯიშს, თოკზე ასვლას, სირბილს, ვუყურებდი ჩემს გამოსვლებს და ყველაფერს ვაკეთებდი რომ მსოფლიო ჩემპიონატს სათანადო ფორმაში შევხვედროდი. ნინო ოძელაშვილი ძალიან ბევრი ვიშრომე და მივაღწიე ამ შედეგს.

- ვიცი რომ შენი უმთავრესი გულშემატკივარი ოჯახია. მამას მიუძღვის უდიდესი როლი შენს სპორტსმენობაში, როგორ შეხვდნენ ისინი შენს წარმატებას?

- რა რეაქცია ჰქონდა მამას არ მინახავს, მაგრამ წარმომიდგენია, როგორ გაუხარდებოდა. მამას სულ უნდოდა რომ წარმატებისათვის მიმეღწია, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ვერ მივაღწევდი, თუ თავგამოდებით არ ვივარჯიშებდი... მისი ეს ნათქვამი ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო, მიჩნდებოდა სურვილი, რომ ჩემი ძლიერება დამემტკიცებინა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მართლაც დავამტკიცე, ახლა მამა ჩემზე ბედნიერია.

- აუცილებლად უნდა აღინიშნოს, შენი ცეკვა, რომელიც ინტერნეტ ჰიტად იქცა, მეტიც გულშემატკივრები ველით ახალ გამარჯვებებს, რომ ახალი ცეკვა შემოგვთავაზო... - ძალიან მიყვარს ცეკვა და ვთვლი, რომ ჩემი ცეკვა სულაც არ ნიშნავს, რომ ცანცარა ვარ (როგორც ზოგიერთმა დაწერა), ამ ფორმით მე გამოვხატავ სიხარულს... ნათქვამი მქონდა, თუ მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდებოდი, აუცილებლად ვიცეკვედბი და ავასრულე პირობა. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან გამიკვრიდა, რომ ამ ცეკვას ზოგიერთისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა, თუმცა მთავარია რომ საზოგადოების უმეტესობამ სწორად გაიგო და მოიწონა.

ნინო და ელენე

- სამწუხაროდ, დღემდე, საზოგადოების ნაწილისთვის უცხოა, ქალი მოჭიდავე, ქალი მოკრივე და სხვ. შენთან მიმართებაში თუ ყოფილა განსაკუთრებული რეაქცია? - ქართველი კაცების ნაწილი, ძალიან შტერია. ისეთ სისულელეს მეუბნებიან ხოლმე, გაოცებული ვარ. ჰგონიათ რომ ხუმრობენ, ამ დროს თავს იგდებენ სასაცილოდ. განსაკუთრებით მაღიზიანებს, როცა იგებენ ჩემს პროფესიას და მეუბნებიან - ვაიმე, არ მცემო. ან კიდევ, მოჭიდავე ხარ? კაიფის მხრივ მეჭიდავები და სხვ. საბედნიეროდ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია და უმეტესობა სწორად უდგება საკითხს... ბევრი მილოცავს, ამბობენ, რომ გაუხარდათ ჩემი წარმატება...

ელენე ქებაძე: - ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთიდან ვარ. პატარა ძალიან მოუსვენარი და ცელქი ბავშვი ვიყავი და როცა სოფელში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა, მშობლებმა ჩემი მიყვანა გადაწყვიტეს. თავდაპირველად ვვარჯიშობდი ძიუდოში, მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოშიც მქონდა წარმატებები: ევროპის თასი, მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი და სხვ. მაინც სამბოში გავაგრძელე ვარჯიში, რადგან ეს სპორტი უფრო ჩემეული აღმოჩნდა და გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს სამბოში.

- სპორტში უმნიშვნელოვანესია გულშემატკივრის ფაქტორი, შენთვის რას ნიშნავს გულშემატკივარი?

- არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია გულშემატკივარი. ელენე გამარჯვების შემდეგ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ოჯახი და ჩემი სოფლელები არიან. მათ გარეშე ალბათ ვერაფერს მივაღწევდი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გიორგეთელებს გვერდში დგომისთვის.

- მსოფლიო ჩემპიონატზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რანგში გამოხვედი, იმის წინაზეც ფინალი გქონდა წაგებული და წლევანდელი ფინალი, ფსიქოლოგიურად რთული ხომ არ იყო?

- რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი დღე იქნებოდა და აუცილებლად გავიმარჯვებდი. ძალიან ძლიერ მეტოქეებს შევხვდი, თუმცა ჩემს თავში ვნახე ძალა და გავიმარჯვე. ორმაგად უნდა ვივარჯიშო, რომ მიღწეული შევინარჩუნო და ის უმაგრესი განცდა, რასაც კვარცხლბეკზე დგომა და ჰიმნის მოსმენა ჰქვია, კიდევ არაერთხელ განვიცადო, რადგან ამაზე სასიამოვნო გრძნობა ალბათ სპორტსმენისთვის არ არსებობს.

- ვინაა ელენე ქებაძე და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში?

- რჩეული ჯერ არ მყავს. სპორტის გამო თითქმის სულ დაკავებული ვარ, როგორც გითხარით, ვარ გიორგეთიდან და თუ თავისუფალი დრო მაქვს მაშინვე სოფელში მივდივარ. იქ ყოფნას არაფერი მირჩევნია. ელენე ქებაძის ცხოვრებას მხოლოდ ტიტული - მსოფლიოს ჩემპიონი დაემატა, თორემ ისევ ისეთი ვარ, როგორც აქამდე ვიყავი.

- ელენე, როგორ ფიქრობ რატომ არაა საქართველოში გოგონების ჭიდაობა ისეთივე პოპულარული, როგორც ბიჭების?

- ქალებზე ამბობენ რომ სუსტი სქესია, მაგრამ ვერ დავეთანხმები. სუსტი და ძლიერი ორივე სქესშია. პირადად ჩვენ, მოჭიდავეები, მხოლოდ საჭიდაო ლეიბზე ვართ ცოტა დაუნდობლები, თორემ ისე, ისეთივე გოგონები ვართ, როგორც სხვები.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)