"ანუნა შემთხვევით დავინახე, მასში ყველაფერმა მომხიბლა" - ვინ არის წარმატებული კალათბურთელის ყველაზე დიდი გულშემატკივარი? - კვირის პალიტრა

"ანუნა შემთხვევით დავინახე, მასში ყველაფერმა მომხიბლა" - ვინ არის წარმატებული კალათბურთელის ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

"ტყუილი მითქვამს, მაგრამ ისეთი არა, რომ ამით ვინმეს ვავნო"

სახელი: დუდა

გვარი: სანაძე

დაბადების თარიღი და ადგილი: 1992 წლის 25 ივლისი, თბილისი.

ზოდიაქოს ნიშანი: ლომი.

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი, მყავს შეყვარებული.

სათამაშო ადგილი და პოზიცია: საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები; 2 და 3 ნომერი. SG, SF.

სწავლა ამერიკაში, "სან დიეგო": ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში. მაშინ ევროპაში თამაშზე უარი ვთქვი და ამერიკაში წავედი. იმიტომ, რომ ამერიკაში ინდივიდუალურად უფრო ძლიერდები. სწავლისა და კალათბურთის შეთავსება, რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა, ადვილად და შრომის გარეშე არაფერი მოდის. ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი დავამთავრე და ამავდროულად, როგორც მოთამაშე კარგად განვვითარდი. იქ ყოფნამ ბევრი რამ შემძინა.

ოჯახური პრიორიტეტები და მამის გავლენა: მამამ, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში, მას დიდი გამოცდილება აქვს და რჩევებს დღემდე მაძლევს.

უმთავრესი, რაც წარმატების მიღწევაში დამეხმარა: შრომა, თავდაჯერებულობა და პოზიტივზე ფიქრი ცუდ დღეებში.

ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინც ყველაზე ემოციურად უყურებს თამაშებს: რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი, ბებია, ბაბუა, ანუნა - ჩემი შეყვარებული. ყველა დიდი ემოციით ელოდება ჩემს ყველა თამაშს.

სპორტული დებიუტი: დაახლოებით 9-10 წლის ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა თამაშის დღე. სიმართლე გითხრა, არ ვნერვიულობდი, მაგრამ მახსოვს, დიდი ანგარიშით წავაგეთ.

პირველი ქვეყანა, სადაც ვითამაშე: საქართველოს გარეთ, დიდი ხნით ამერიკაში მომიწია ყოფნამ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, შენი ქვეყნის სახელს როგორ წარადგენ უცხო ქვეყანაში. ჩემს უნივერსიტეტში, თავიდან, საქართველოზე ინფორმაცია არ ჰქონდათ და ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი, მაგრამ ჩემი კარგი თამაშით მათი ყურადღება მივიპყარი და პრესაში ბევრი სტატია დაიწერა ჩემზე, საქართველოზე და ამის მერე, უკვე გაიგეს, რომ მე საქართველოდან ვიყავი და არა - ჯორჯიის შტატიდან.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო: უნივერსიტეტში რეკორდი მოვხსენი, ყველაზე მეტი ქულა მაქვს ჩაგდებული - 38.

ყველაზე რთული მატჩი: ევრობასკეტზე იტალიასთან.

გამარჯვებით მიღებული ემოცია: როდესაც სერბეთის ნაკრებთან გადამწყვეტი სამქულიანი ჩავაგდე და მოვიგეთ.

ცხოვრებისეული შეცდომა: ღმერთის წყალობით, ეგეთი მომენტი არ მქონია, მაგრამ პატარ-პატარა შეცდომა ყველას გვაქვს.

დაუვიწყარი მომენტი: საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველი თამაში.

ტრადიცია შეჯიბრებაზე გასვლის წინ: თამაშის დღის რუტინა მაქვს, თამაშამდე აუცილებლად ძილი და გახურების ჩაგდებით დაწყება.

ყველაზე დიდი წარმატება: ჯერ არ ვფიქრობ, რომ დიდ წარმატებას მივაღწიე. ყველაფერი წინ არის.

მიზანი, რომლისკენაც მივდივარ: ევროლიგა.

მისაბაძი სპორტსმენი: კობი ბრაიანტი.

მავნე ჩვევა: გამოკვეთილად არაფერი.

მშობლიური სახლი ჩემთვის არის: ყველაზე ტბილი ადგილი.

შეყვარებული - ანუნა მდივნიშვილი: ანუნა კალათბურთის ფედერაციაში მუშაობს და შემთხვევით დავინახე, როცა სამსახურიდან გამოდიოდა. მე კი ამ დროს ვარჯიშიდან გამოვდიოდი. დავინტერესდი, შემდეგ, ინფორმაციები მოვიძიე და გავიცანი. მასში აბსოლუტურად ყველაფერმა მომხიბლა.

რომანტიკა ჩემთვის არის: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ჩემს ცხოვრებაში. განტვირთვის საუკეთესო ადგილი ჩემთვის: თუ დრო მაქვს მთაში მიყვარს დასვენება. ყველაზე პროდუქტიული დასვენება გამომდის. თუ 2-3 დღე მაქვს განტვირთვისთვის, მაშინ სპა-ცენტრი და მასაჟი.

მაღიზიანებს ადამიანი, რომელიც: პირფერია, ასეთი ადამიანები არ მომწონს.

მომიტყუებია: ტყუილი მითქვამს, მაგრამ ისეთი არა, რომ ამით ვინმეს ვავნო.

ვკამათობ, როცა: უსამართლობას ვხედავ.

ბავშვობისას მიყვარდა: ვიდეო თამაშები.

საყვარელი თამაში: FIFA, NBA2K.

ჰობი: ფილმების ყურება. ძირითადად, დეტექტიური ჟანრის ფილმები მიზიდავს, მაგრამ ის, რომელსაც ყოველდღე შემიძლია ვუყურო, არის - Coach Carter.

საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობა და შემსრულებელი: ბევრია, გააჩნია სიტუაციას და ჩემს განწყობას.

დაუვიწყარი მოგზაურობა: ამისთვის დრო ჯერჯერობით არ მაქვს. ვფიქრობ, დასვენებისთვის და მოგზაურობისთვის მერეც მექნება დრო (იცინის).

საყვარელი დიზაინერი: კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ რომელიმეს. სამოსი თუ მომეწონება, იმის გამო არ დავიწუნებ, თუ ვინმე ცნობილ დიზანერს არ ეკუთვნის.

საყვარელი ავტომობილი: მერსედესი.

კალათბურთის გარდა ვთამაშობ: ფეხბურთს, ჩოგბურთს.

წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე: კობი ბრაიანტის წიგნი, Mamba Mentality.

სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო: ინგლისური, მათემატიკა.

ყველაზე ცუდად ვსწავლობდი: რუსულს.

ორიანი მიმიღია: ბევრჯერ, მაგრამ სემესტრს სულ კარგად ვამთავრებდი.

ხასიათი მაქვს: ამბობენ, კარგიო (იცინის).

ადამიანს ვუთმობ, როცა: დასათმობია.

განვიცდი, როცა: რაღაცას ვერ გავაკეთებ, რაც ძალიან მინდა და მჭირდება. წაგებას განვიცდი.

სიხარულს გამოვხატავ: ძირითადად, ემოციებს არ გამოვხატავ.

გაბრაზებისას ვარ: ისეთი, როგორიც გაბრაზებული ქართველი კაცი უნდა იყოს (იცინის).

სოციალური ქსელი ჩემს ცხოვრებაში არის: მნიშვნელოვანი, ბევრ გულშემატკივართან მაქვს კონტაქტი და ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რადგან იყო დრო, როდესაც მეც მათ ადგილზე ვიყავი.

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მიმიღია: ყველა გულით მორთმეული საჩუქარი ძვირფასია ჩემთვის. პირველი საჩუქარი კალათბურთის ბურთი იყო.

კოლექცია მაქვს: ფორმების.

კულინარია ჩემთვის არის: ძალიან მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ, რომ გურმანი ვარ, ჭამა ძალიან მიყვარს. საზღვარგარეთ ყოფნისას, როგორ შეიძლება, რომ არ მოგენატროს ქართული კერძები. ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური, მწვადი და ხინკალი.

ყველაზე აბეზარი და უტაქტო შეკითხვა ადამიანებისგან: ჰა, ცოლი როდის მოგყავს?

თამთა დადეშელი

lelo.ge