"გრაფინიას საფლავი უნიშოდ დატოვეს, რომ ბოლშევიკებს გარდაცვლილი არ ამოეთხარათ"
მას შემდეგ, რაც გრაფინია მოკლეს და მისი სასახლე დაარბიეს, ბოლშევიკებმა შენობაში საბავშვო ბაღი გახსნეს. სანამ აქ ბაღი იყო, აქაურობა თითქოს კიდევ ფეხზე იდგა. მერე ყველაფერი დაიქცა. დღეს ამ ბრწყინვალებიდან მხოლოდ დანგრეული კედლები შემორჩა. ის ულამაზესი სამშვენისებიც ჩამოცვივდა, თაღებს რომ ამშვენებდა
ამბობენ, მიტოვებული სახლი მფლობელის წარსულს ინახავსო, მაშინაც კი, როცა მათგან მხოლოდ ნანგრევები რჩება... ეს ამბავი მწვანე კონცხზე, მახინჯაურში აგებულ გრაფინია მარია ფესენკოს სასახლეს ეხება. გრაფინია რუსეთის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზის ძიძა და იმპერიის ერთ-ერთი პირველი ქალბატონი გახლდათ... მწვანე კონცხზე ცხოვრება და იქიდან ზღვის ცქერა გრაფინიას ჯერ კიდევ მაშინ მოეწონა, როცა თურქებისგან გათავისუფლებული ბათუმი რუსეთის იმპერატორმა დაათვალიერა და თან ვაჟი, ნიკოლოზი იახლა ძიძასთან ერთად.
აქედან მოყოლებული, მწვანე კონცხის წინ გადაშლილი შავი ზღვა გრაფინიას სიზმრებს არ მოშორებია, აღზრდილმა კი სიზმარი ცხადად უქცია. დღეს ამ ბრწყინვალებიდან მხოლოდ კედლები და ეზოში გრაფინიას უნიშო საფლავი შემორჩა. კიდევ - იმ სასტიკი სიკვდილის აჩრდილი, რომელიც სასახლეში გასაძარცვად შესულმა ბოლშევიკებმა მოუვლინეს გრაფინიას. რა გასაკვირია, სასტიკი სიკვდილი თვით იმპერატორის ოჯახს ერგო და მის ძიძას ვინ დაინდობდა!
მახინჯაურელ ფიქრია ლომთათიძეს კარგად ახსოვს, რას ჰყვებოდა მისი ხანდაზმული მამამთილი ამ სასახლის შესახებ. - ჩემს მამამთილს გრაფინიას შესახებ მამამისისაგან ჰქონდა გაგონილი. ამბობდა, ჩვენი ადგილები ისეთი ლამაზია, თვალს ყველა მნახველს მოსჭრის და ჩრდილოეთში მცხოვრებ გრაფინიაზე რა გავლენას მოახდენდა, ადვილი წარმოსადგენიაო. რუსეთის იმპერატორი უზარმაზარი ამალით ბათუმში მაშინ ჩასულა, როდესაც ქალაქი თურქებისაგან გათავისუფლდა. ამალაში მისი ვაჟი, მომავალი იმპერატორი და მისი ძიძაც ყოფილან. ძიძა მწვანე კონცხის დანახვაზე ისე აღფრთოვანებულა, რომ იქ დაბრუნების სურვილს არ მოუსვენებია... გრაფინიას აგარაკის მშენებლობა 1907 წელს დაიწყო. მასთან ერთად ჩაქვში რომანოვების სამი სასახლე აშენდა. ჩემი მამამთილი თვითონ დადიოდა…ამ სასახლეში გახსნილ საბავშვო ბაღში და ამბობდა, კიბის რიკულებიც ისეთი ლამაზი იყო, ბავშვები ხელს ვუსვამდით მოსაფერებლადო.
- ანუ სასახლეში საბავშვო ბაღი გახსნეს? - დიახ. ჩემი მამამთილი ამბობდა, ისეთი უღმერთო იყო ის ხალხი, ამ ცოდვით სავსე ადგილას ბავშვები შერეკესო!
გრაფინიას ბოლშევიკები გასაძარცვად რომ შეუცვივდნენ, ქალმა, ალბათ, წინააღმდეგობა გაუწია და გაგუდეს. რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდა, ხალხმა მოიკითხა, სასახლეში შევიდნენ და ეს უბედურება ნახეს, მერე კი საბრალოს საკუთარი სასახლის ეზოში მიუჩინეს განსასვენებელი. საფლავი უნიშოდ დატოვეს, რომ ბოლშევიკებს გარდაცვლილი არ ამოეთხარათ. მერე გრაფინიას ქონება დაიტაცეს, სასახლეში კი საბავშვო ბაღი გახსნეს. სანამ აქ ბაღი იყო, აქაურობა თითქოს კიდევ ფეხზე იდგა. მერე ყველაფერი დაიქცა. ის ულამაზესი სამშვენისებიც ჩამოცვივდა, სასახლის თაღებს რომ ამშვენებდა. იმედს არ ვკარგავთ, რომ ვინმე მოვა და აქაურობას მოუვლის. ოდესღაც მშვენიერი სასახლე ახლა გულსაკლავად გამოიყურება. ბრწყინვალე ქალბატონის ბრწყინვალე სასახლის ნანგრევები კი იმის ნიშნად შემორჩა, რომ ადამიანის დიდება წამია, მის მიერ შექმნილი სილამაზე კი - მარადიული.