საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმისმიცემა კი მოქალაქეებს 08:00 საათიდან შეუძლიათ.
არჩევნებისთვის 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.
არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 - ია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ათი საარჩევნო უბანი 28 ნოემბერს 08:00 საათიდან გაიხსნა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკუთვნის.
როგორც ცესკოში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზანია „ჩვენს თანამოქალაქეებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით“.
რაც შეეხება ავღანეთს - იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, 26 ნოემბერს მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკო-ში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
ცეცკო-ს ბოლო ინფორმაციით, 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38,8%, რაც რაოდენობრივად არის 1 363 493 ამომრჩეველი.
ბოლო მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობით ამბროლაური გამოირჩევა 50.1%-ით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში ფიქსირდება - 30,3%-ით.
"ინტერპრესნიუსი"