"თავიდანვე ვიცოდი, რომ ცამდე მართალი ვარ" - სასამართლომ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა - კვირის პალიტრა

"თავიდანვე ვიცოდი, რომ ცამდე მართალი ვარ" - სასამართლომ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა

"თავიდანვე ვიცოდი, რომ მართალი ვარ ცამდე და ეს დაადასტურა სასამართლომ. ეს ვიცოდი არა მარტო მე, მთელმა საქართველომ იცოდა", - ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლემ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

როგორც ხაინდრავა აცხადებს, 3 წლის განმავლობაში სასამართლოში იმის გამო დადიოდა, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ რას წარმოადგენს გიგაური.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს ამას ყველაფერს საზოგადოება, რას წარმოადგენს გიგაური. მხოლოდ იმისთვის ვიყავი ამ სასამართლოში. 3 წლის განმავლობაში დავდიოდი, რომ მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რას სჩადიოდნენ ისინი და რას სჩადიან დღეს", - აცხადებს ხაინდრავა.

როგორც ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დირექტორის, ეკა გიგაურის მიერ რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა. შეგახსენებთ, 2015 წელს ხაინდრავამ განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დარბევის გამო მიიღეს პრემიები, გიგაურს კი დარბევაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდება მიენიჭა.

გთავაზობთ ამონარიდს გოგა ხაინდრავას ინტერვიუდან: "ჩემი ამ ვარაუდის საპასუხოდ ეკა გიგაურმა სასამართლოში მიჩივლა პატივისა და ღირსების აყრისთვის და ბოდიშის მოხდასთან ერთად, 30 თეთრი, ანუ 30 ვერცხლი მოითხოვა. ბუნებრივია, გამოწვევა მივიღე, შესაგებელი სარჩელი შევიტანე, ორი წლის შემდეგ კი სასამართლოში მიბარებენ, სადაც ვიგებ, რომ თურმე ეკა გიგაურის ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური წერილები გაგზავნეს, გამოითხოვეს საბუთები, თუმცა, მოტივაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება, არქივიდან გამქრალია. ამის შემდეგ სასამართლო პროცესზე ეკა გიგაურის მოსვლა მოვითხოვე, რათა თავად აეხსნა, რა დამსახურებისთვის მიიღო კაპიტნის წოდება, თუმცა, ადვოკატებმა მოთხოვნა გააპროტესტეს. ეკა გიგაური არც ერთ პროცესზე არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ტელევიზიით, ისე უშუალოდ სასამართლო პროცესზე სამჯერ მოვუწოდე მოსულიყო და კითხვებისთვის პასუხი გაეცა". იხილეთ სრულად