დაკარგული ქონების ძიებაში...
"ქართველების სისხლითა და ცრემლით გაჟღენთილი მიწა კეთილ ნაყოფს ვერ დაამწიფებს"
ის იყო რუსეთის მასმედიაში მიწყდა აგვისტოს ომის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილი ანტიქართული პროპაგანდის გამაყრუებელი ზალპი, რომ ამბავი მომიტანეს: ჩემი აწ უკვე ყოფილი მეგობარი, ევგენი ევტუშენკო საქართველოსთვის ამ ტრაგიკულ დღეებში აფხაზეთს ეწვიაო. რა თქმა უნდა, იგი თბილისში არ ჩამოსულა, სადაც მას ყველაზე დიდი გაჭირვების დროს ერთგულად ამოუდგნენ მხარში, სადაც ბეჭდავდნენ და გამოსცემდნენ მის წიგნებს.
მოწიფული მწერალი და საზოგადო მოღვაწე არღვევს ყველანაირ ეთიკურ და ადამიანურ ნორმას, ყველანაირ საერთაშორისო კონვენციას, შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს დაუკითხავად და იქ ერთი სიტყვითაც არ კითხულობს, რა ბედი ეწიათ აფხაზეთის ძირძველ, მკვიდრ ქართველებს, მათ შორის მის პირად მეგობრებსაც. არ დაგიმალავთ და, ამ უზნეო, ველურმა საქციელმა მეც კი თავზარი დამცა _ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია, აღარ უკვირს ჩემი ხალხის წინააღმდეგ მიმართული უსამართლო გამოხდომები. ვისარგებლე ძველი ნაცნობობით (ევტუშენკოს 1958 წლიდან ვიცნობ. ვეხმარებოდი თარგმნისას, ძალიან ბევრს ვწერდი მასზე) და დავურეკე, როგორც თავად მითხრა, სწორედ მაშინ, როდესაც აფხაზეთიდან დაბრუნებული ცოცხალი კლასიკოსი და თავგადაკლული მოგზაური ოჯახთან ერთად ამერიკაში აპირებდა გამგზავრებას, სადაც იგი, აგერ უკვე ოცი წელია, რუსულ კულტურას ასწავლის და უეჭველია, თავის ამერიკელ სტუდენტებს მოუთხრობს დიდ თანამემამულეებზეც - პუშკინიდან ბროდსკამდე, ვისი შემოქმედებაც საქართველოსთან იყო დაკავშირებული.
ვეცდები, თავაზიანობის წესი დავიცვა და პრესის ფურცლებზე არ გადმოვიტანო ჩვენი მეტად ხანგრძლივი და უსიამოვნო ლაპარაკის ყველა წვრილმანი. თქვენს ყურადღებას მივაპყრობ მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთს, რომელიც მხოლოდ მე არ მეხებოდა და ვეცდები, შეძლებისამებრ, კომენტარი გავუკეთო თავად ფაქტს, რომელმაც აღმაშფოთა: ევგენი ევტუშენკოს პარტიზანულ გადასვლას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ჩემი მოსაუბრის აგრესიულ კილოსა და მისი გრძელი მონოლოგის შინაარსს.
როდესაც ევტუშენკოს ვკითხე, - რას მივაწერო, რომ საქართველოში ნახევარი საუკუნეა ძმად მიჩნეული კაცი ქართველებისთვის ასეთ მძიმე დღეებში თბილისში კი არ ჩადის, პირიქით, რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ზონას სტუმრობს-მეთქი, გაღიზიანდა, - ჩემი თვალთვალის უფლება არავის აქვს და ახლა, როდესაც შენ გელაპარაკები, ასე მგონია, ბერიასთან ვარ დაკითხვაზეო.
ასეთ სიბრიყვეს სასაცილოც აღარ ეთქმოდა! ევტუშენკოს მშვენივრად მოეხსენება, რომ მე, ზოგისგან განსხვავებით, კავშირი არა მაქვს და არასოდეს მქონია "ენ-კა-ვე-დე-კა-გე-ბე-ეფ-ეს-ბესთან", მე არ ვიყავი ის, ვინც მეგობრების თანდასწრებით რეკავდა ათასი ჯურის პარტიულ ხელმძღვანელთან, არც ის, ვინც ანდროპოვთან ნაცნობობით ტრაბახობდა და ა.შ., გარდა ამისა, არა მგონია, გარეგნულად ვგავდე ლავრენტი პავლოვიჩს - სათვალე არ მიკეთია და ჯერჯერობით არ გავმელოტებულვარ. რჩება მესამე მიზეზი: როგორც ეტყობა, სიტყვის დიდოსტატის ქვეცნობიერი ჩემს ეროვნულ წარმომავლობას ყველა ჩვენგანისთვის უსიამოვნო პიროვნებასთან აიგივებს.
მიუხედავად ჩვენი ხმააწეული, აგრესიული კილოსი, მე იგი არ შემიდარებია მალიუტა სკურატოვისთვის, რომელიც, ჩვენი პოეტისა არ იყოს, წარმომავლობით რუსი იყო და რომლისაც მე ისე არ მეშინოდა, როგორც მთელ რუსეთს ეშინოდა იოსებ ბესარიონის ძისა.
ცნობილია, რომ ევტუშენკო ნიჭიერი და ემოციური, მაგრამ ძალიან არათანმიმდევრული ადამიანია. მისი მსჯელობა და ნათქვამი ლოგიკას არ ემორჩილება. ჩემს ბუნებრივ შეკითხვას, თუ ჰკითხე აფხაზ მწერლებს, რომლებიც სოხუმში დაგხვდნენ (კერძოდ, ალექსი გოგუას), სად არიან ის ქართველები, მათ შორის, ლიტერატორები და ჟურნალისტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ იქ ცხოვრობდნენ-მეთქი (აბა, ვის, თუ არა მწერალს, ევალება წამოსწიოს ჰუმანიტარული პრობლემები!), მისი სრულიად გაუთვალისწინებელი რეაქცია მოყვა, - აყვირდა: მაშინ, სად იყვნენ ქართველები, როდესაც 1968 წელს, საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეყვანის პროტესტის ნიშნად, შვიდი მოსკოველი წითელ მოედანზე გავიდაო.
გამაოგნებელია! გამოდის, მაშინდელ სსრკ-ის 200 მილიონზე მეტ მოქალაქეში სულ შვიდი გულადი კაცი აღმოჩენილა და იმ შვიდში უეჭველად ქართველებიც უნდა ყოფილიყვნენ; და კიდევ: იქნებ, ევტუშენკოს სტუმრობაც აფხაზეთში რუსეთის ჯარის იქ ყოფნის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციად უნდა გავიგოთ? პრესაში ამის თაობაზე ნათქვამი არაფერია, თავად ევტუშენკო კი თავისი ვოიაჟის მიზეზად უძრავ ქონებას ასახელებს, რომელიც, კარგად არ მახსოვს, გულრიფშში თუ აგუძერაში აქვს. საგულისხმოა, რომ ის ავბედითი აგარაკი ევგენი ალექსანდროვიჩს საქართველოს ხელისუფლებამ აჩუქა საბჭოთა პერიოდში, ედუარდ შევრადნაძის ხელმძღვანელობის დროს, რის ღირსადაც, სხვათა შორის, არც ერთი დიდი ქართველი მწერალი არ გაუხდიათ და რომელიც ყველასთვის ცნობილი სამხედრო კონფლიქტის დროს დაწვეს (ნეტავ, ვინ?). მიზეზი სერიოზული და საპატიოა, მაგრამ ბადებს კითხვას: რა ქნან ქართველებმა, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკარგეს მიწა-წყალი და სახლ-კარი, რომელიც მათი ძირძველი საკუთრება იყო, არავის უჩუქებია და ახლა მიუსაფარნი არიან? იფიქრა კი ამაზე ჩვენმა მოგზაურმა-ჰუმანისტმა, რომელიც ოდესღაც ირწმუნებოდა, - "პოეტი რუსეთში უფრო მეტია, ვიდრე პოეტიო"? ან იქნებ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზეა "მეტი" და საქართველოზე ეს არ ვრცელდება? მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სწორედ საქართველოზე თქვა:
"ოჰ, საქართველოვ! ცრემლის შემშრობო. მეორე აკვანო რუსთა მუზისა. საქართველოს თუ დაივიწყებს, რუსი - პოეტი ვეღარ გახდება".
მზად არის კი ევტუშენკო აღიაროს, რომ ის ჰაიჰარად ნათქვამი არ ყოფილა და სიტყვას საქმეც მოაყოლოს, თუ თავისი ხელით ამოიღებს ამ ლექსებს მომავალი გამოცემებიდან (თუმცა, საქართველოზე იმდენი ლექსი აქვს, ყველას ვერ ამოშლის!)?
ჯერჯერობით, როგორც პრესა ირწმუნება, ევტუშენკომ აფხაზეთში განაცხადა, რომ იგი თარგმნის აფხაზ პოეტებს და მათ ლექსებს და თავის ლექსებთან ერთად გამოსცემს სოხუმში, ამ მშვენიერ მხარეში. მე კი მგონია, რომ იმ მომავალ წიგნში სწორედ ის თარგმანები შევა, რომელიც არაერთხელ გამოიცა თბილისში, ცნობილ სერიაში "ლექსები საქართველოზე და თარგმანები". ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ იმ წიგნში ქართველი პოეტების ლექსები არ იქნება. გრძნობათა და მოგონებათა კიდევ ერთი საოცარი აბერაცია (თუნდაც ციტატა "ჩვენი აფხაზეთიდან", 11.08.10): "პოეტმა გაიხსენა, რომ თაფლობის თვე თავის პირველ ცოლთან - ბელა ახმადულინასთან ერთად აფხაზეთში გაატარა". ("სამოციანელი პოეტებიდან მხოლოდ მე და ბელაღა დავრჩით. იმიტომ ხომ არა, რომ თაფლობის თვე აფხაზეთში გავატარეთ და დღეგრძელობა გადმოგვედო?!" - იხუმრა ევტუშენკომ). რადგან ლავრენტი ბერია მართლა არა ვარ, ვერ გეტყვით, სად გაატარეს ახალდაქორწინებულებმა, ათეული წლების წინ, თაფლობის თვე, მაგრამ წინათ ამას ისე ჰყვებოდა, როგორც დაუვიწყარ მოგზაურობას საქართველოში.
ევგენი ევტუშენკომ "ჩვენი აფხაზეთის" კორესპონდენტს აცნობა, რომ ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და დიმიტრი გულიას სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს საჩუქრად გადასცა თავისი წიგნები. მსურს ვიცოდე, აჩუქა თუ არა ცნობილი წიგნიც "მიწაზე მძიმე" (გამომც. "მერანი", თბილისი, 1979 წ.), რომელშიც გარდა მისი ლექსებისა საქართველოზე, ხუთი აფხაზი პოეტის ლექსების თარგმანი და 50-მდე ქართველი პოეტის ლექსებია შესული ან იქნებ, მათ ერთად აღარ აღიქვამს? და თუ ეს ასეა, რამდენად დასაშვებია ასეთი დაყოფა კულტურის საკითხებში?
ევტუშენკო პირველად არ ამბობდა, რომ ძალიან ნაწყენი იყო ბუბა კიკაბიძეზე, რომელმაც თავის ცნობილ კლიპში, "თქვენ არ მიღალატეთ... იმედი გამიცრუეთ", ახალგაზრდა ევტუშენკოსა და ბელა ახმადულინას საქართველოში ყოფნის დოკუმენტური ქრონიკის კადრები გამოიყენა. არც სიმღერის ტექსტში და არც კინოქრონიკაში საწყენი არავისთვის არაფერია. ავტორი ამბობს, რომ მისთვის არ უღალატიათ, რაც შეეხება იმედის გაცრუებას, არა მგონია, ევტუშენკოს ჰგონებოდა, რომ მოსკოველი მწერლების სამარისებური დუმილი, რომლითაც ისინი შეხვდნენ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში გაჩაღებულ უმსგავსო ომს, აღფრთოვანებასა და სიყვარულს გამოიწვევდა, რითაც ქართველები მათ ანებივრებდნენ.
ორი წელი გავიდა, რაც ორმა პოლიტიკურმა მანიპულატორმა - მიხაილ ლეონტიევმა და დმიტრი ჟუკოვმა, გამოსცა და ყოველ წელს თავიდან ბეჭდავს საზიზღრობას, სათაურით - "დამოუკიდებელი საქართველო: ვეფხისტყაოსანი ბანდიტი". მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაშისტური გამოცემა ლაფს ასხამს საქართველოს წმინდათა-წმინდას და მის ისტორიას, იმ რუსი მწერლებიდან, ვინც წინათ სიყვარულს ეფიცებოდა საქართველოს და ახლაც, თუ შემთხვევა მიეცათ და მიიწვიეს, სიამოვნებით ჩადიან იქ, ერთიც არ გამოჩნდა, რომელიც საჯაროდ გამოთქვამდა აღშფოთებას ამ და მსგავს გამოცემებზე - ასეთი კი, სამწუხაროდ, უამრავია. ყოველ შემთხვევაში, მე საპროტესტო პუბლიკაციები არ მინახავს, ინტერნეტმა კი ვერაფერი მიკარნახა. სამაგიეროდ, ევტუშენკომ, ჩვენი არცთუ სასიამოვნო საუბრისას, ჩემი აღშფოთების საპასუხოდ, რამდენჯერმე გაიმეორა: "თქვენ ნაციონალისტები ხართ" და მეც იძულებული გავხდი, შემეხსენებინა, რომ ჯერ ერთი, მე ჩემს პირად აზრს გამოვხატავდი და პასუხს ჩემს ნათქვამზე ვაგებდი და მეორეც, რუსეთში, რომელიც "ველიკოდერჟავული" უკურნებელი ბაცილით არის დაავადებული, ქართულ ნაციონალიზმზე ლაპარაკი სასაცილო და უაზრობაა.
სამწუხაროდ, იგივე მიუტევებელი შეცდომა ამა წლის 14 აგვისტოს გაიმეორა რუსეთის ტელევიზიაში მწერალმა, რომლის წიგნები ასევე გამოიცემოდა საქართველოში იმ დროს, როდესაც მას არც რუსეთში ბეჭდავდნენ და არც აფხაზეთში. ვლაპარაკობ ფაზილ ისკანდერზე, კაცზე, რომელმაც ცირკის ჯამბაზივით ისკუპა და სეპარატისტების მოწინააღმდეგიდან სეპარატიზმის იდეოლოგიურ სულისჩამდგმელად გადაიქცა. მე შემიძლია ეს დავამტკიცო, რადგან იმ დროს, როდესაც კონფლიქტი იწყებოდა, თბილისში ვიყავი და ფაზილ ისკანდერი სწორედ მე მიგზავნიდა იმ შვიდი ტელეგრამის ასლს, რომელიც მან საქართველოს ცენტრალურ კომიტეტს გაუგზავნა და საქართველოს ცენტრალურ გაზეთს სთხოვდა, მისი ანტისეპარატისტული პოზიცია გამოექვეყნებინა. დღემდე ვერ გამიგია, რატომ არ გააკეთა ეს საქართველოს კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ.
"ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნდა მხოლოდ რიგით მერვე, შემოკლებული დეპეშა, რომელიც რედაქციაში ჩემი ხელით მივიტანე. მე მაშინ მჯეროდა ისკანდერის გულწრფელობისა და ყოველთვის ვიცავდი, როდესაც ბევრი ქართველი მწერალი მას უსაყვედურებდა. ვაღიარებ, მართლები იყვნენ, მე კი მწარედ ვცდებოდი. "ტვ"-ს ეთერში, თავის ბოლო გამოსვლისას, ისკანდერმა კუთვნილი დროის 90% დაუთმო ლაპარაკს "აუტანელ ქართულ ნაციონალიზმზე", ქართველების მიერ განადგურებულ უძველეს(!!!) აფხაზურ კულტურაზე, რუსეთთან სამუდამო კავშირის აუცილებლობაზე. ამ წლების მანძილზე დამღალა ცნობილ მწერალთან დავამ. მას არ შეუძლია პასუხი გამცეს უმარტივეს კითხვებზე: როგორ მოხვდა "ძირძველ აფხაზურ მიწაზე" ძველი ქართული ძეგლები და სად წავიდა აფხაზური ძეგლები? სად ნახა აფხაზურ ენაზე ბიბლია და თუნდაც კვალის ნასახი აფხაზური ანბანისა (ცხადია, არ ვგულისხობ თანამედროვე რუსულ ასოებს!) და ასე შემდეგ.
ისკანდერმა, რომელიც ჯიუტად აფუძნებს "ქართულ ნაციონალიზმს", ახალი და ორიგინალური აზრი გამოთქვა: ქართველებმა თურმე ღონე იმიტომ მოიცეს, რომ ხელისუფლების სათავეში სტალინი და ბერია იდგნენ. მინდა მჯეროდეს, რომ ისკანდერმა მაინც იცის, რამდენი ქართველი შეიწირა სტალინისა და ბერიას რეპრესიებმა.
მე საერთოდ პირველად შევეჩეხე დიქტატორის ეროვნული წარმომავლობის ასეთ სრულ გაიგივებას მის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან და მთელი ერის დადანაშაულებას იმ ხელისუფლის დანაშაულის გამო, რომელსაც ამ ერისთვის შეღავათი არასდროს გაუწევია. ანალოგის გავლება სტალინსა და ჰიტლერს შორის თუნდაც იმიტომ არ ღირს, რომ სტალინი (ჰიტლერისა და გერმანელი ხალხისგან განსხვავებით), ბოლო ხანს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქართველების კი არა, ისევ იმ რუსეთის კერპია, რომელთან მიერთებასაც ისკანდერი უგალობს. ერთსაც ვიტყვი: დაფიქრებულა კი ოდესმე ისკანდერი, რომელიც ისტორიისა და ფილოსოფიის მოყვარულია, როგორ მოხდა, რომ თუ ქართველები, რომლებიც იმ ტერიტორიაზე, მას რომ ასე აღელვებს, სტალინამდე და ბერიამდე დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ (თუნდაც დავით აღმაშენებლის დროს და გაცილებით გვიანაც), გამოუსწორებელი ნაციონალისტები და მჩაგვრელები იყვნენ, მაშინ რატომ შემორჩა საქართველოს, უხსოვარი დროიდან დღემდე, ეროვნული თემები, რომლებმაც თავისი ენა, რელიგია, ადათ-წესი და კულტურა შემოინახა? იქნებ ამის მიზეზი ტოლერანტობა და სათნოებაა... საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას არ ახსოვს მთელი თემისა და მით უმეტეს, მთელი ხალხის გაძევების არც ერთი ფაქტი, თუმცა "დამოუკიდებელმა აფხაზეთმა" თავისი არსებობის ორიოდე წლის მანძილზე 200 ათასზე მეტი ქართველი აყარა და გამოაძევა (ცხადია, მხოლოდ "უფროსი ძმის" სამხედრო დახმარებით, რაც ამ ეთნიკურ წმენდას განსაკუთრებით გულისამრევს ხდის).
მიუხედავად მწერლის ხანდაზმული ასაკისა, ვიმედოვნებ, რომ მაინც მოესწრება "რუსეთთან სამუდამო მეგობრობის" ავბედით ნაყოფს, რადგან აგრესორის ჩექმით გათელილი, ძირძველ მკვიდრთა - ქართველების სისხლითა და ცრემლით გაჟღენთილი მიწა კეთილ ნაყოფს ვერ დაამწიფებს და ეს, უპირველესად, მწერალს უნდა ესმოდეს.
ამ ყველაფერზე წერა ძალიან მიჭირს, რადგან ევტუშენკოსთან და ისკანდერთანაც დიდი ხნის მეგობრობა თუ არა, დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. მიუხედავად ამისა, როგორც ამბობენ, "პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია". ჭეშმარიტება კი მუდამ ერთია. დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ ამ სტატიის სათაური მარსელ პრუსტის ცნობილი რომანის, "დაკარგული დროის ძიებამ" მიკარნახა. ოღონდ, პრუსტი დაკარგულ დროზე წუხდა, ევტუშენკოს კი დაკარგული ქონება აწუხებს. მეეჭვება, ევტუშენკომ ქონება დაიბრუნოს (იქნებ მხოლოდ ქართველ დევნილებთან ერთად, რომლებიც თავიანთ ისტორიულ, ძირძველ მიწაზე, აფხაზეთში უეჭველად დაბრუნდებიან!), სულიერი ქონება კი შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს. ჩემთვის ეს გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ორმაგად, რადგან ორმა დიდმა მწერალმა თავისთვის და თავისი ხალხის მაგივრადაც გააკეთა არჩევანი, რომელიც თავისუფლების, დემოკრატიის, ცივილიზაციისა და პროგრესისთვის გამოტანილი განაჩენის ტოლფასია. მათი არჩევანი კრიმინალური დიქტატურის სამხედრო-პოლიტიკური იდეოლოგიაა. იგი, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, გულისხმობს რეპრესიებს, რომელიც ეფუძნება სხვა ერების ათვალწუნებას და მუდამ ილტვის, ერების ურთიერთწასაკიდებლად. მინდა ვიცოდე, არიან კი მზად, სხვა მრავალთან ერთად, გააცნობიერონ, რა საშინლად შეცდნენ?
ანაიდა ბესტავაშვილი, მოსკოვი