"მის უკან იდგა და რამდენჯერმე მიტრიალდა უკან..." - რატომ აპარებდა თვალს მელანია ტრამპი მაკა ჩიჩუასკენ
რამ ჩააგდო შოკში შევარდნაძის ერთ-ერთი ფოტოგრაფი
ლელი ბლაგონრავოვა 38 წლისაა და უკვე 24 წელია, რაც ფოტოაპარატი მისთვის განუყრელ სამუშაო იარაღად ქცეულა. მის ფოტოობიექტივში ძირითადად პოლიტიკოსები ხვდებიან. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირად ფოტოგრაფს გასახსენებელი სწორედაც რომ ბევრი აქვს.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"დიდი არქივი მაქვს, ეს ჩემი განვლილი ცხოვრება და შენახული წამებია. სტუდენტობისას მასწავლიდნენ, ფოტოს გადაღებამდე სუნთქვა უნდა შეიკავო, რომ კამერამ არ იმოძრაოს და კარგი კადრი გამოვიდესო. ვინ იცის, რამდენი ჩემი შეჩერებული სუნთქვაა ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებში..."
"პორტრეტი არ ნიშნავს მხოლოდ სახეს, ეს ნიშნავს, ადამიანი გახსნა და აჩვენო ხასიათის გარდა მომენტი, წამი მისი ცხოვრებიდან. ფოტოგრაფებს ამის გამო ხშირად ადარებენ მონადირეებს და ამაში არის გარკვეული სიმართლე. ფოტოგრაფმა გარკვეული გამოცდილების შემდეგ ზუსტად იცის, რა უნდა გადაიღოს და რა გამოვა..."
"საფრანგეთში ბოლო ვიზიტისას ბევრი ფოტო გადავიღე, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. პირველ ლედის აქვს დადებითი ემოციები, ძალიან უყვარს ხალხს. შევამჩნიე, სამახსოვრო ფოტოს გადაღების დროს საფრანგეთში მელანია ტრამპი მისკენ თვალს აპარებდა, მის უკან იდგა და რამდენჯერმე მიტრიალდა უკან..."
"გიორგი მარგველაშვილი საურთიერთოდ ძალიან საინტერესო ადამიანია, სასიამოვნოა მასთან საუბარი, მრავალმხრივ განათლებულია და სხვების მოსმენაც იცის. მათთან თავს მომსახურე პერსონალად კი არა, გუნდის წევრად გრძნობ. საჯარო მოხელეების ბევრ პირად ფოტოგრაფს ვიცნობ და თავიანთი ობიექტები არც კი ესალმებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგალითად, ჭიქა ყავის ერთად მირთმევაზე და თუნდაც საუბარზე... ყავაც დაგვილევია და კვერცხიც შეგვიწვია ერთად. აბა, შევარდნაძესთან ერთად ყავის დალევაზე ვინ იფიქრებდა მაშინ? ეს წარმოუდგენელი რამ იყო..."
ფოტოგრაფის ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 6 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
იხილეთ ასევე: მაკა ჩიჩუა, მელანია ტრამპი და ბრიჯიტ მაკრონი - მსოფლიოს პირველი ქალბატონები ვერსალში
ნინო ჯავახიშვილი