ვეგეტარიანელი ლეონარდო, სმის მოყვარული ამადეო და კალიებით დაშინებული დალი - უცნობი ფაქტები ცნობილ მხატვრებზე
მათ მთელ მსოფლიოში იცნობენ, ზოგიერთი მათგანი საუკუნეების წინ მოღვაწეობდა, თუმცა დღემდე ეთაყვანებიან მათ შედევრებს. საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში ურჩევნია მათ ნამუშევრებს უცქიროს, თუმცა ამის მიღმა თითოეული მათგანის საინტერესო, უცნაური და ერთობ რთული ცხოვრება დგას. გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი მხატვრების შესახებ უცნობ ფაქტებს.
ლეონარდო და ვინჩი ამბიდექსტრი გახლდათ - მას ორივე, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით შეეძლო ხატვა.
ლეონარდო ვეგეტარიანელი ყოფილა: "თუ ადამიანები თავისუფლებას ვესწრაფვით, რატომ ვსვამთ ფრინველებსა და ცხოველებს გალიებში? რატომ ვსპობთ სასტიკად მათ? ჩვენ სხვისი სიკვდილით ვცოცხლობთ". მისი დაუცხრომელი გენია კულინარიასაც კი გადასწვდა: 13 წლის განმავლობაში მილანელ დიდებულთა წვეულებების უცვლელი ხელმძღვანელი იყო და რამდენიმე ეშმაკური მოწყობილობაც შექმნა მზარეულთა შრომის გასაადვილებლად: "ლეონარდოსგან" - ასე ერქვა მილანში განთქმულ თხლად დაჭრილ ხორცის კერძს, ხოლო მისი საინჟინრო თუ სხვა პროექტების შესწავლამ კი მეცნიერები დაარწმუნა, რომ უმრავლესობამ თავის დროზე მხოლოდ მასალების არარსებობის გამო ვერ შეისხა ხორცი.
ვან გოგის ერთ-ერთი ცნობილი ტილო "ვარსკვლავებიანი ღამე" 1889 წელს მხატვარმა საფრანგეთში, ფსიქიურად დაავადებულთათვის განკუთვნილ კლინიკაში შექმნა. ის იტანჯებოდა შიზოფრენიითა და დეპრესიით. მან ფსიქიკური აშლილობის დროს თვითდაზიანება მიიყენა და ყური მოიჭრა.
ამედეო მოდილიანის სმის მანერა ყოველგვარ რიტუალს უარყოფდა. სვამდა აჩქარებით, დიდი ყლუპებით, მიღებულის სასმელისგან ყოველგვარის სიამოვნების მიღების გარეშე. მოკლე ხანში მიეჩვია აბსენტის სმას. ჩანს, ალკოჰოლი ეხმარებოდა მხატვარს გადაელახა თანდაყოლილი მორცხვობა, რის დაფარვასაც ბახუსის ქვეშ მყოფი ამადეო აღვირახსნილი თავხედის ნიღბით ცდილობდა.
რემბრანდტის ცნობილი "იაკობ დე ჰეინ მესამის" პორტრეტი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოპარული ხელოვნების ნიმუში. ის ოთხჯერ მოიპარეს და იპოვეს. პორტრეტი ლონდონის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება.
გენიალურ ფრანგ მხატვარ კლოდ მონეს პირველი აღიარება მომავალი მეუღლის - კამილა დონსიეს პორტრეტმა "მწვანეკაბიანი ქალი, ანუ კამილა" მოუტანა. გამოფენის მეორე დღეს მონემ უკვე სახელმოხვეჭილმა გაიღვიძა... საინტერესოა ისიც, რომ მონეს ფუნჯი ხელიდან სიცოცხლის ბოლომდე არ გაუგდია - მაშინაც კი, როცა კატარაქტის გამო თითქმის დაბრმავდა და ჟივერნში, საკუთარი ოფლით ედემად ქცეულ თავის მამულში საყვარელ ტბორსა და ყვავილნარს ვეღარ ხედავდა...
ყველასათვის ცნობილი სალვადორ დალი მცირე ხნით საპატიმროში სასჯელსაც იხდიდა. ის სამოქალაქო გვარდიელებმა დააკავს, მაგრამ რადგან ციხეში მისი დიდხანს გაჩერების მიზეზი ვერ იპოვეს, მალევე გამოუშვეს. სალვადორს იმდენად ეშინოდა კალიების, რომ ხშირად ნერვულ აშლილობამდეც მიდიოდა. "უფსკრულის წინაშე რომ ვიდგე და ამ დროს სახეზე კალია შემახტეს, მირჩევნია უფსკრულში თავით გადავეშვა, ვიდრე კალიას შევეხო ხელით, ეს ჩემი ცხოვრების საიდუმლოა", - ამბობდა დალი.
ესპანური ტრადიციის თანახმად პაბლო პიკასომ ორი გვარი მიიღო - დედის და მამის, ხოლო ნათლობის სახელის მიღების შემდეგ მისი სრული სახელი ასეთია - პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტირ პატრისიო რუის და პიკასო. ცნობილი მხატვარი იმდენად პატარა და სუსტი დაიბადა, რომ ბებიაქალს ის მკვდარი ეგონა. პიკასოს ბიძა, რომელიც სიგარას ეწეოდა, პატარასთან მივიდა და სახეში კვამლი შეაბოლა, რაზეც ბავშვს წამიერად ჰქონდა რეაგირება და ტირილი დაიწყო.
უკვე საყოველთაოდ აღიარებულ იტალიელ ფერმწერს რაფაელს სურათის შესაკვეთად ბერები ეწვივნენ - პიაჩენცის წმინდა სიქსტეს მონასტრის ბერებმა ისურვეს, სურათზე ყოფილიყო გამოსახული ღვთისმშობლის სახე, რომელსაც აქეთ-იქით ამოუდგებოდნენ მესამე საუკუნეში მოღვაწე პაპი სიქსტე II მეორე და წმინდა ბარბარე... ალბათ, ღვთით შთაგონებულმა რაფაელმა საკუთარი ხელით გადააკრა უზარმაზარი ტილო ჩარჩოს და მრავალრიცხოვანი მოწაფეების დახმარების გარეშე, მხოლოდ თავად შექმნა თავისი შემოქმედების აპოთეოზი, მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი უპირველესი ქმნილება "სიქსტეს მადონა".
დიდი ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონისტთა სკოლის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ოგიუსტ რენუარი პალიტრას სიცოცხლის ბოლომდე არ უშვებდა ხელიდან. ღრმად მოხუცებულ და სნეულ მხატვარს ძალაგამოცლილ თითებზე ფუნჯს ძაფით უმაგრებდნენ და ისე ხატავდა. მას სიცოცხლით ტკბობის უნარი ბოლო წუთებამდე არ დაუკარგავს. სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება მისი წითელ და ვარდისფერ ფერებში შესრულებული პეიზაჟები, პორტრეტები, რომლებზეც საოცრად მომხიბვლელ შიშველ ნატურებსაც გამოსახავდა.
იტალიელი გენიოსის სანდრო ბოტიჩელის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, რომ ბოტიჩელი მარკო ვესპუჩის ცოლზე, სიმონეტა ვესპუჩიზე იყო შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ ქალი სულ რაღაც 22 წლის იყო როდესაც გარდაიცვალა, სწორედ ის იყო მუზა ბოტიჩელის "ვენერას" და სხვა ქალთა სახეების. იმასაც ამბობდნენ, რომ ბოტიჩელიმ გარდაცვალების შემდეგ მისი საყვარელი ქალის ფეხებთან დასვენება ითხოვა.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული ამ უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. დაამშვენეთ თქვენი სახლი ვან გოგის, კლიმტის, მონესა და სხვა უდიდესი მხატვრების შედევრებით! თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კავასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, პირადად შეარჩიეთ თქვენი სასურველი 12 მხატვარი, მათი ტილოები და შექმენით საკუთარი კოლექცია.
მალე ! "კვირის პალიტრის" მკითხველს ექნება შესაძლებლობა სპეციალურ ფასად შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი ნახატები და შექმნას შედევრების საკუთარი კოლექცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html?lang=ka-GE
თეა ბეჟიტაშვილი