"საქართველოს ნაკრებში მუშაობა იგივეა, ბრაზილიის ნაკრები ან "ბარსელონა" ჩაგაბარონ"
დიდი ხანია, ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) ტატამზე აღარ გვინახავს. ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა გასულ პარასკევს ბუქარესტში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გროზნოს "ედელვაისის" სახელით იჭიდავა. 32 წლის ფალავანი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ლაპარაკობს, მაგრამ... ყველაზე მეტად ახლა მისი უახლოესი გეგმები გვაინტერესებს, რადგან სწორედ ჯარჯი ზვიადაური სახელდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად. მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მოახერხებს პრობლემებითა და სკანდალებით დახუნძლული ნაკრების გაერთიანებასო, ეიმედება ძიუდოს ქართველ ქომაგს. თვითონ რას ფიქრობს ამ საკითხზე, ჯარჯი ზვიადაურთან "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუთი გაიგებთ:
- ორი წელიწადია, შეჯიბრებაში აღარ მიმიღია მონაწილეობა და ცოტა არ იყოს, დაკარგული მაქვს "ტურნირის განცდა". თუმცა ფიზიკურ კონდიციასა და გამძლეობას არ ვუჩივი. ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჩეჩნეთის კლუბ "ედელვაისს" წარმოვადგენ. გროზნოში ვმუშაობ. ევროპის თამაშების ჩემპიონები გავხდით და როგორც ხედავთ, კონტინენტის საკლუბო ჩემპიონატშიც ვმონაწილეობთ.
- 2016 წლის ოლიმპიადაზე დამარცხების შემდეგ თქვი, ეს ჩემი ბოლო ტურნირიაო... - ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ როცა ადამიანი პროფესიული სპორტიდან წასვლაზე ფიქრს დაიწყებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კარიერა უკვე დასრულებული აქვს... ამის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ოფიციალურად წავალ ძიუდოდან! ძიუდო, ოჯახის შემდეგ ყველაზე მთავარია ჩემს ცხოვრებაში და თავს არასდროს დავანებებ!
- რადგან კარიერის დასრულებაზე ფიქრი შემოგპარვია, ისიც გეცოდინება, რას გააკეთებ აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ... - ძიუდოში დავრჩები... ამჟამად ჩეჩნეთში ახალგაზრდულ ნაკრებს ვავარჯიშებ, წარმატებაც გვაქვს - შარშან ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოვიგეთ, წელს რუსეთის ჩემპიონატში გავედით პირველ ადგილზე და ყველა ასაკობრივ ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ...
- მწვრთნელობა "საშენო" საქმეა? - ზედგამოჭრილია ჩემთვის. თუ თავდაუზოგავი შრომისა და ტატამზე დაღვრილი ოფლის ფასი იცი, უსიტყვოდ ხვდები, რა სჭირდება სპორტსმენს. არასწორად მიმაჩნია, 50 შეგირდს ერთად ავარჯიშებდე. ყველა სპორტსმენს თავისებური ხასიათი აქვს და სხვადასხვაგვარად უნდა მიუდგე, ოღონდ - მხოლოდ ტატამზე. ტატამს მიღმა სპორტსმენების გამორჩევა დაუშვებელია!
- საქართველოს ძიუდოს ფედერაციას მართლაც სურს შენი დანიშვნა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად? - მკითხეს, რას ფიქრობო?! სპორტსმენის კარიერაში მაქსიმალური მიღწევა ოლიმპიური ჩემპიონობაა, მწვრთნელის კარიერაში - ძლიერ გუნდთან მუშაობა. საქართველოს ნაკრების ჩაბარება იგივეა, ფეხბურთში ბრაზილიის ნაკრების ან "ბარსელონას" მწვრთნელობა განდონ. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რაც ხდება დღეს ქართულ ძიუდოში. სანამ ძიუდოს სამყარო, ფედერაცია და ძიუდოისტები "შიგნიდან არ დაალაგებენ" ვითარებას, არავის აქვს ჩარევის უფლება. ნაკრების წევრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთი მძიმეა, ბიჭებს გვერდით დგომა სჭირდებათ, ბევრი მუშაობაა აუცილებელი, შეჯიბრებისთვის რომ განეწყონ. ამ რთული და არეული ვითარების მოგვარება ძიუდოს ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შეუძლიათ. ოლიმპიადამდე ცოტა დროა და თუ შედეგი უნდათ, ჯერ სიტუაცია უნდა განიმუხტოს, ბიჭები სავარჯიშოდ განაწყონ და მერე იფიქრონ, ვინ მოვიდეს მწვრთნელად!
- თუმცა, გამოცდილებისა და წარმომავლობის გარდა, შენი კანდიდატურის დასახელების ერთ-ერთი მიზეზი სხვაც იყო - ჯარჯი გუნდის "დალაგებას" შეძლებსო! - "დავალაგებ" და ვეცდები, ბიჭებმა ამ თემაზე აღარ იფიქრონ მას შემდეგ, რაც ვითარება განიმუხტება და ნათელი გახდება, ვის რა და როგორ უნდა... ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ! მეტიც - საქართველოს ნაკრების გაწვრთნას უდიდეს პატივად მივიჩნევ, მაგრამ სანამ "ზემოდან" არ მოგვარდება ყველაფერი, საქმეს ვერც მე ვუშველი და ვერც იაპონიის მთელი სამწვრთნელო შტაბი.
საქართველოს ნაკრებს სამი თვით ხომ არ ჩავიბარებ?! თუ შევთანხმდებით, მინდა, მთელი ციკლი ვიმუშაო და თუ ურთიერთობის მოგვარებაში თვეები დავკარგე, გამოვა, რომ გუნდის მოსამზადებლად კი არა, ურთიერთობების მოსაგვარებლად მივუწვევივარ, რაც ჩემი საქმე არ არის.
- ძიუდოისტებსაც სურთ შენი ხელმძღვანელობით ვარჯიში? - რა თქმა უნდა! თუმცა ოფიციალურად არავისგან ყოფილა შემოთავაზება, მეგობრულად ვილაპარაკე ბიჭებთან და ფედერაციაში მომუშავე ჩემს მეგობრებთან.
- ჯარჯი ზვიადაური მკაცრი მწვრთნელი იქნება! - სიმკაცრე და დისციპლინა ჩემთვის მთავარია. ვინც ამას პატივს არ სცემს, არც ჩემი მეგობარი იქნება და არც - ნათესავი.
- ბერძნები ხომ არ იქნებიან საქართველოში შენი მუშაობის წინააღმდეგი? - პრობლემას არავინ შექმნის! IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) ოფიციალური წარმომადგენელიც ვარ, მათი ეგიდით სემინარებსა და ვარჯიშებს ვატარებ. თუ საქართველოს ნაკრებში ვიმუშავებ, ჩემს ქვეყანას IJF-იც დაუდგება გვერდით.
- გამოცდილების სიმცირეს არ უჩივი, მაგრამ მწვრთნელობას სხვა სპეციფიკა აქვს. არ გაგიჭირდება? - ვიცი, რომ ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიოს უძლიერეს ფალავნებს სხვანაირი მიდგომა დასჭირდებათ. არც მაქვს ილუზია, რომ ამ საქმეს მარტო გავართმევ თავს. აუცილებელია მწვრთნელთა საბჭო, ფიზმომზადების მწვრთნელები, ექიმები, მასაჟისტები... როცა გუნდი ოლიმპიადისთვის ემზადება, სპორტსმენებს პატარა ბავშვებივით სჭირდებათ ყურადღება. ამისთვის მჭირდება გუნდი, რომლის წევრებსაც ვენდობი, ვისაც ზუსტად ეცოდინება, რომელ მოჭიდავესთან როგორი მიდგომაა საჭირო. გვყავს უძლიერესი ახალგაზრდებიც, რომლებიც პირველ გუნდთან ერთად უნდა გაიზარდონ.
- და კონკურენციაც გაზარდონ! - სპორტსმენი მხოლოდ კონკურენციით იზრდება. უნდა იცოდე, რომ თუ დღეს ვარჯიშს გააცდენ, შენი კონკურენტი მეტს ივარჯიშებს და შენს ადგილს დაიკავებს. ასეთი წვრილმანი ბევრია, დრო კი - ძალიან ცოტა. ამიტომაც კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია!
- თუ საქართველოში ჩამოხვალ, ბერძნული ცხოვრების წესს შეჩვეულს, ხომ არ გაგიჭირდება? - მთელი ცხოვრებაა, ვმოგზაურობ და ჩემი ცხოვრების სტილი არც საქართველოში მუშაობის დროს შეიცვლება. არც ქართული მენტალობა დამიკარგავს, ძველებურად ვცემ პატივს ქართულ ხასიათსა და ტრადიციებს...
- შესაძლოა, არაკორექტულად ჟღერდეს, მაგრამ... თუ საქართველოში იმუშავებ და იცხოვრებ, ნამდვილ გვარ-სახელს დაიბრუნებ?
- ჯარჯი თუ ილიასი, მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც როგორ ესიამოვნება, ისე მომიხსენიოს! საქართველოში ილიასად არავინ მომიხსენიებს, ყველა ჯარჯის მეძახის.
- შენს ბიძაშვილ ზურაბ ზვიადაურზეც ვილაპარაკოთ. კარგა ხნის განმავლობაში უბრად იყავით, წლები გავიდა, შერიგდით? - არც გაბუტულები ვყოფილვართ და არც - ნაჩხუბრები... მაშინდელი გაუგებრობა დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას მოჰყვა, თორემ "კვირის პალიტრისთვის" ხუთი წლის წინ ნათქვამს დღესაც გავიმეორებ - ზურა ჩემთვის არასდროს იქნება "მკვდარი" და არც მე ზურასთვის. ერთი სისხლი და ჯიში გვაქვს და ამას ვერავინ წაგვართმევს!
- ერთხელ თქვი, შესაძლოა, კარიერის ბოლოს საქართველოს სახელით ვიჭიდავოო... - ვიჭიდავებდი კიდეც, თუ ჩემს სამშობლოს გვერდით დგომა დასჭირდებოდა, მაგრამ დღეს საქართველოს ნაკრებში ისეთი ძიუდოისტები არიან, უნამუსო უნდა იყოს კაცი, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობაზე გამოთქვას პრეტენზია! ბექა ღვინიაშვილის გარდა, სხვა მგლებივით ბიჭებიც მოდიან და როგორ უნდა ვიკადრო, თუნდაც ერთი ტურნირი გამოვატოვებინო იმისთვის, რომ მე ვიჭიდაო?!
- ოსაკაში მომხდარი ჩხუბის ამბავმა საბერძნეთამდეც მოაღწია?
- ვიღაც ჩხუბზე ავრცელებს ხმებს, სხვა ამტკიცებს, რომ ჯარჯიმ უარი თქვა საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე და ა.შ. მოდი, ლანძღვისა და გაკრიტიკების ნაცვლად ბიჭებს მოვუწოდოთ, ვარჯიში გააგრძელონ და საქართველოს დროშა ისევ მაღლა ასწიონ!
- ნაკრების მწვრთნელობაზე თანხმობა ძიუდოისტის კარიერის დასრულებას ნიშნავს. მზად ხარ ამისთვის? - მზად ვარ, რომ ჩამოვიდე და საქართველოს ნაკრებში ვიმუშაო...
- რას ეტყვის ჯარჯი ზვიადაური იმ ქართველ ქომაგს, რომელიც გულშემატკივრობდა და ახლაც იმედიანად ელის ეროვნულ გუნდში მის გამოჩენას? - გაუგებრობა სპორტის ყველა სახეობაში ხდება და გულშემატკივრებს ვთხოვ, ძიუდოზე გულს ნუ აიცრუებენ. ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით და მოწინააღმდეგესაც იოლად დავამარცხებთ! საკმარისია ამდენი დაპირისპირება, ამით მხოლოდ მტერს ვახარებთ. დროა, საქართველოს ნაკრები ისევ გახდეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი!