"არასდროს არავინ მეპატიჟება მეკვლედ" - რას სთხოვენ ცნობილი ადამიანები თოვლის ბაბუას? - კვირის პალიტრა

"არასდროს არავინ მეპატიჟება მეკვლედ" - რას სთხოვენ ცნობილი ადამიანები თოვლის ბაბუას?

საახალწლოდ თოვლის ბაბუისთვის წერილები თუ არასდროს მიგვიწერია, ალბათ ოცნებები მაინც ჩაგვიფიქრებია ყველას, რომელთა ახდენაც იმ ჯადოსნურ ღამეს გვინატრია. ამჯერად სხვადახვა სფეროში წარმატებული ადამიანები გაგვიმხელენ თავიანთ საახალწლო ნატვრებს, წერილებსაც მისწერენ თოვლის ბაბუას და ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდებიან...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

ნინო ოძელაშვილისთვის 2018 წელი წარმატებული და იღბლიანი აღმოჩნდა. ნინომ 9 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში 72 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა:

"პატარაობაში, რა თქმა უნდა, მჯეროდა და მოლოდინიც მქონდა, რომ ოდესმე ჩემთანაც მოვიდოდა, მაგრამ არასდროს ჩანდა. იცით, პატარაობაში სულ მინდოდა, ფრენა მცოდნოდა, ჩიტებივით. სალტოებს ძალიან კარგად ვაკეთებდი და მამამ მითხრა, როცა გაიზრდები, ფრენას მაშინ ისწავლიო. ცოტა რომ წამოვიზარდე, ხან საიდან გადმოვხტი, ხან საიდან, მაგრამ ნურას უკაცრავად, ფრენა ვერ შევძელი და მამას ვუსაყვედურე..."

მსახიობი ბესო ბარათაშვილი თავადაც ყოფილა თოვლის ბაბუის ამპლუაში და დღემდე ახალი იმედებით ავსებს ახალი წლის დადგომა:

"მიყვარს ახალი წელი, ახალი მოლოდინებით, გეგმებით. როგორც ყველა ბავშვს, მეც მიხაროდა სტუმრიანობა, ბევრი ტკბილეული. რამდენიმე დღე, როგორც წესი, განუწყვეტლად ვსვამდით. უგონოდ არ ვთვრებოდი. როგორც კი ამის საშიშროებას ვიგრძნობდი, ვიძინებდი ხოლმე. სიმთვრალეში ალბათ, ბევრი რამ დამმართნია, მაგრამ ახლა მაგეებს ნუ გამახსენებთ, მრცხვენია..."

რუსთაველის თეტრის მსახიობს, ნიკა ქაცარიძეს თურმე, ერთხელ ერთი დიდი ხნის ოცნება უკვე აუსრულა თოვლის ბაბუამ, ახლა სხვა ნატვრა აქვს:

"კარგი ფეხი" მაქვს ჩემს სახლში, ყოველ ახალ წელს გარეთ გავდივარ და ისევ შემოვდივარ, მაგრამ სხვა ვინ დამპატიჟებს მეკვლედ? რიჟა ვარ და როგორც ამბობენ, რიჟები თარსები ვართ. ამიტომ არასდროს არავინ მეპატიჟება მეკვლედ, ბავშვიც კი არ მყავს მონათლული. სულ "ოქროს ფეხი" რომ მქონდეს, ვინ გაბედავს ამას?.."

როგორც მსახიობმა და შოუმენმა დუტა სხირტლაძემ მითხრა, ამ ბოლო დროს მისი სურვილები უფრო პირადული ხასიათისაა:

"საბავშვო ბაღში ერთხელ მე ვიყავი ახალი წელი, ბებიაჩემი თინა ბურბუთაშვილი კი - თოვლის ბაბუა. თეატრში ვიზრდებოდი და რა გასაკვირია, რომ ყველა თოვლის ბაბუას სახელითა და გვარით ვიცნობდი. ამიტომაც, არ მჯეროდა ზღაპრების და არც ახლა მჯერა, მაგრამ მაინც მაქვს სურვილები, რომელთა ასრულებასაც ვთხოვ..."

ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 27 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი