წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა - რა გადაწყვიტა სინოდმა უკრაინის საკითხზე? - კვირის პალიტრა

წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა - რა გადაწყვიტა სინოდმა უკრაინის საკითხზე?

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. იგი ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს სხდომაზე. საპატრიარქო უკვე დატოვა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ. მეუფემ მხოლოდ იმ კითხვას უპასუხა, რაც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ეხებოდა.

"მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და შემდეგ საქართველოს ეკლესია მოახდენს რეაგირებას. ახლა ჩვენ თავი შევიკავეთ", - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფემ განაცხადა: "საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს".

წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა "ციანიდის საქმის" განხილვაზე თავი შეიკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ განუცხადა, რომელმაც წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქო უკვე დატოვა.

ჟურნალისტებმა მეუფეს კითხვით მიმართეს, დააყენა თუ არა მან წმიდა სინოდის სხდომაზე "ციანიდის საქმის" განხილვის საკითხი, რაზეც მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ დააყენა.

"სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით კათალიკოს-პატრიარქმა ამ საკითხის განხილვაზე თავი შეიკავა. ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ როდის გამოქვეყნდება დღევანდელი სინოდის კრების ოქმი.

"ინტერპრესნიუსი"