"გამოდი, აბა, ერთი გარეთ"! - პოლიტიკური ჟონგლიორები, რომლებიც კვლავაც ძველბიჭურად ცდილობენ ქვეყნის მართვას - კვირის პალიტრა

"გამოდი, აბა, ერთი გარეთ"! - პოლიტიკური ჟონგლიორები, რომლებიც კვლავაც ძველბიჭურად ცდილობენ ქვეყნის მართვას

თავისუფლად ვუწოდებდი ჩვენს პარლამენტარებს - პოლიტიკურ ჟონგლიორებს, რომელნიც ჯერ კიდევ ძველბიჭური-ქუჩური მეთოდებით ცდილობენ მართონ ქვეყანა. ბატონებო, თქვენი მორალური მდგომარეობა მართლა კრიტიკულ ზღვარზეა. როცა თქვენს მუშტი-კრივს და გინებას ვუყურებ, მამარდაშვილის ცნობილი ფრაზა მახსენდება: "ზნეობა გულისხმობს შინაგანი შრომით მოპოვებულ საზრისეულ რაღაცას, რომელშიც ადამიანი თავისუფლების გამოცდილებასა და ცოდნას იძენს. თავისუფლების გამოცდილება იქმნება იმით, რომ რაღაცას ირჩევ შენი ნებით, როგორც ღმერთს. თუ ეს რთული და მდიდარი სამუშაო შენთვითონ არ შეასრულე, შეუძლებელია ხელოვნურად დანერგო მისი შედეგი, ან შექმნა ზნეობრივ ფასეულობათა კოდექსი"

მორალს კი არ გასწავლით, უბრალოდ მართლა ვერ ვხედავ სურვილს, რომ პოლიტიკოსებს პრობლემების დანახვა და მათი გონივრული ანალიზით მოგვარება სურთ.

ახლა რომ ვთქვა, "საბჭოთა მენტალიტეტს" ვერ ღალატობთ-მეთქი, მეტყვიან რას გადაეკიდე ამ საბჭოეთსო. არადა, რეალურად ასეა. "გამოდი, აბა, ერთი გარეთ"! - ეს ფრაზა ჭკუიდან მშლის. ეს არის ის, რაშიც იცხოვრეთ 70 წელი. საკუთარ გინებასა და კუნთებზე აგებული სიმართლის გატანა რომ გინდათ მხოლოდ. იმიტომ ვერ ვითარდება ქვეყანა.

საქართველოში ბილწსიტყვაობამ მიიღო პანდემიის ხასიათი, რაც სოციალური უბედურებაა, მაგრამ ვერაფერს იზამ, რადგან ამის საუკეთესო მაგალითს თავად პარლამენტარები იძლევიან.

პრობლემაა ქვეყანაში? - აგინებთ ერთმანეთს!

კანონია მისაღები? - აგინებთ ერთმანეთს!

საკითხია გადასაწყვეტი? - აგინებთ ერთმანეთს!

სხვისი მოსაზრება თქვენსას არ ემთხვევა? -აგინებთ ერთმანეთს!....

დიახ, პირველ რიგში პოლიტიკოსები უწყობთ ხელს საზოგადოებაში აგრესიის დათესვას. თუკი ერთმანეთს ძველი ბიჭებივით არ ელაპარაკეთ, ისე ხალხის ყურადღებას ვეღარ იქცევთ. ჩვენ კი რეალობასთან დაბრუნება გვჭირდება. ქვეყნის ცხოვრებას თქვენ ხომ კარგა ხანია აცდით.

"რა გინდა გოგო მოკეტე"/ "ხელი აუქნიე ბებიაშენს"/ "გარეთ გამოდი ერთი"/ "ჩმორო"/ "ყველას დაგივლით"/ "სახეს ჩაგილეწავ"/ "ჭე-კლასის ადამიანო"/ "დაგინგრევ თავ-ყბას"/ ... - ეს ფრაზები და არა მხოლოდ, წლის ბოლოს გამოთქმული "მარგალიტებია".

თქვე, აი, ასე ასრულებთ წელს. ჩვენ კი წინსვლას ვერ ვხედავთ. თან გვინდა ცივილურ სამყაროს რიგებში ჩავეწეროთ, თან თურმე: "ქართველები ვართ და ასეთი რამ მოსულა".

ფურცელზე დაწერილი ნორმები ვერ აკონტროლებს ადამიანის მორალურ მდგომარეობას. ასეთი მორალის მქონე ადამიანები კი ქვეყანას სიკეთისკენ ვერ წაიყვანენ. არ ვიცი, მე ესე მჯერა. გამოხატვის თავისუფლება არასოდეს ყოფილა უზნეობა. ამ მენტალიტეტის მქონე კანონმდებლებს ამიტომაც გერევათ, რა არის გამოხატვის თავისუფლება, რა არის კანონის უზენაესობა, რა არის ქვეყნის პრობლემები, ვინ სად უნდა გამართოს აქცია, ვის რა უნდა ეთქვა თუ არ უნდა ეთქვა...

ჰოდა, რუსეთი ოკუპანტია და შენ რუსეთუმე ხარ ან მე პროევროპელი ვარ კი არა, პრობლემები პირველ რიგში ქვეყნის შიგნით, აი აქ არის. თქვენს ტვინებშია!

ასეთი მენტალიტეტით ვერასოდეს მიხვდებით რას ნიშნავს დასაშვები კრიტიკის ზღვარი. რას ნიშნავს, როგორც კონფუცი იტყოდა: "ქვეყანას, როცა კარგად მართავენ რცხვენიათ საკუთარი ხალხის სიღარიბის. რცხვენიათ ერთმანეთის შეურაცხყოფის..."

ჩვენ სადღაც ვართ! რეალობის შეგრძნება ხომ დავკარგეთ, მაგრამ ერთმანეთიც დავკარგეთ, მერე ეს აგრესია გადმოდის ტელეეთერებში, სადაც ერთმანეთს "ეძიძგილავებიან" და აგინებენ. შედეგი კი ნული. არ ვიცით რა მივიღეთ, ან გამოიკვეთა ამით... და ბევრმა ჩემსავით არ იცის რისთვის გვანერვიულეთ.

უბრალოდ გეტყოდით, რომ ხალხს არც მოკლე მეხსიერება აქვს და არც გულმავიწყია. ის უბრალოდ დაიღალა. ჩვენ ყველანი დავიღალეთ: არასწორი მსჯელობით, აგრესიით, მცდარი მიდგომებით. ჩვენი აბუჩად აგდებით. მხოლოდ პერსონების ცვლილებით, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას არ ცვლის და არც ქვეყანას ავითარებს.

ერთი და იგივე ფრაზებით, ბრძოლის ერთი და იგივე მეთოდებით, ერთმანეთის დადანაშაულებით. ისევ გამდიდრებული ჩინოვნიკებით, ისევ უღატაკესი მოსახლეობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სრული უპასუხისმგებლობაა. და ვართ ერთ ადგილზე, დაუსრულებლად...

იდრე ადამიანის ღირებულება ჩვენს ქვეყანაში სიტყვის მასალაა ისევ და არა ფაქტი, კვლავ შევახსენებ ხელისუფლებას ძლიერი სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა ყველა თავისი მოქალაქისთვის სამართლიანი სახელმწიფოა. ზნეობა კი მართალია ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ის ასევე აუცილებელია სახელმწიფოსთვისაც. უღირსი და უზნეო სახელმწიფო ვერ გახდება ვერც სამართლიანი და ვერც ძლიერი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ნინო ცხვარაშვილის ბლოგი