"ქორწილი იყო ძალიან ლამაზი, ქართული წესებით" - პრეზიდენტის ვაჟის, ბიზნესმენისა და სხვათა გახმაურებული ქორწილები - კვირის პალიტრა

"ქორწილი იყო ძალიან ლამაზი, ქართული წესებით" - პრეზიდენტის ვაჟის, ბიზნესმენისა და სხვათა გახმაურებული ქორწილები

ფოტოგალერეა

2018 წლის ქორწილებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანისა და კონსტანსას ქორწილი, რომელიც 4 აგვისტოს ყაზბეგში გაიმართა.

თეიმურაზი და კონსტანსა

სტუმრებს შორის იყვნენ ნეფე-დედოფლის ახლობლები და ნათესავები როგორც საქართველოდან, ისე - საფრანგეთიდან. წყვილს ჯვარი პარიზელმა და ქართველმა მღვდლებმა დაწერეს..."

"ქორწილი იყო ძალიან ლამაზი და მხიარული, ქართული წესებით. ფრანგები აღფრთოვანებული იყვნენ საქართველოს ბუნებით და ძალიან მოეწონათ ქართული ტრადიციები!.. სალომე ძალიან ბედნიერი და გახარებულია! პატარძალი კონსტანსა ფრანგი ფრანგია - ასე ეძახდა ხუმრობით ნამდვილ ფრანგებს სალომეს დედა, ქალბატონი ზეინაბ კედია," - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუმარმა ეკა ჭიჭინაძემ.

თაკო გაჩეჩილაძე, ახლა უკვე თაკო მილანოვა

მომღერალმა და მსახიობმა თაკო გაჩეჩილაძემ ცხოვრება ბულგარელ მუსიკალურ პროდიუსერს, ბორისლავ მილანოვს დაუკავშირა. წყვილმა პარიზში იქორწინა, მოგვიანებით ჯვარი საქართველოში, მამა დავითის ეკლესიაში დაიწერეს, საქორწილო წვეულება კი ვენაში გადაიხადეს. ხელისმოწერის შემდეგ ქართველი მომღერალი ოფიციალურად მილანოვა გახდა. წყვილი უკვე შვილს ელოდება.

დავითი და სოფიო

მთელი წლის განმავლობაში განიხილებოდა ბიზნესმენ დავით კოპაძისა და მოდელ სოფიო ლუხუტაშვილის ქორწილი, რომელიც გაიმართა თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზურაბ წერეთლის გრანდიოზულ მონუმენტთან - "მეფეთა სავანეში". რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე იყო, ღონისძიებას კი მოძრაობის თეატრის მსახიობები ალამაზებდნენ. დედოფალს ცნობილი ქართველი დიზაინერის, ავთანდილის სადედოფლო კაბა ემოსა. შთამბეჭდავი იყო ვარდებითა და ორქიდეებით დამშვენებული შვიდმეტრიანი ტორტიც.

ბერა და ნანუკა

ყოფილი პრემიერის ვაჟისა და მისი რჩეულის, მოდელისა და ბლოგერის, ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერა სვეტიცხოველში ჩატარდა. ჯვრისწერის წინ წყვილი პატრიარქმა მიიღო, დალოცა და დაასაჩუქრა. წვეულება კოჯორში, "ბიოლი ჰოლში""გაიმართა, რომელსაც 150-მდე სტუმარი დაესწრო. დედოფალს აბრეშუმის კაბა ეცვა რალფ რუსოს კოლექციიდან. წყვილის სიყვარულის ისტორია ზაფხულში დაიწყო და მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გააზიარა მინაწერით: "რაც ადრე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი."

ანა და ლაშა

რაგბის ეროვნული ნაკრების წევრის, ლაშა ლომიძისა და ცნობილი მოდელის, ანა შელიას ქორწილი მათი ჯვრისწერიდან რამდენიმე კვირაში გაიმართა. ანა ცნობილი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი. წყვილმა ხელი "შატო მუხრანში" მოაწერა, საიდანაც რესტორან "მონოპოლში" გადაინაცვლეს და აღნიშნეს ეს ბედნიერების დღე.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ბიძინა ძალიან ბედნიერი ჩანდა, ადღეგრძელა შვილი და რძალი და..." - ვინ იყო თამადა და რომელი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ ბერა ივანიშვილის ქორწილს?