თბილისის მუზეუმების ნაწილში შესაძლოა, ღამით კარვების გაშლა და ბავშვების დარჩენა იყოს შესაძლებელი
თბილისის მუზეუმების ნაწილში შესაძლოა, ღამით კარვების გაშლა და ბავშვების დარჩენა იყოს შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
როგორც გვარჯალაძემ აღნიშნა, ეს კრეატიული ინდუსტრიის ნაწილია და მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად, კონკრეტულ დღეებში უნდა ჩატარდეს.
"როგორც მშობელი მივესალმები და ბავშვებისთვის არაერთხელ ჩატარებულა მუზეუმში ღონისძიება ღამით. მაგრამ ვფიქრობ, ეს მიმართულება სტაბილური რომ იყოს, აუცილებელია რეგულარული სახის იყოს და კონკრეტული დღეები გამოიყოს. ასევე, უნდა ჰქონდეს ელემენტი, რომელიც დღის განმავლობაში არ იქნება. მაგალითად, შეიძლება მუზეუმში დარჩნენ ღამით ბავშვები, კარვები გაშალონ და ერთმანეთს ზღაპრები წაუკითხონ. ეს კრეატიული ინდუსტრიის ნაწილია, ჩემი იდეების თავსმოხვევა არ მინდა.
ასევე შეიძლება იყოს კლუბის, მუზეუმის და მუსიკის შერწყმა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი დარბაზია, სად მდებარეობს, როგორი პრეისტორია აქვს, ვინ იქნებიან კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ და ა.შ. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი", - განაცხადა გვარჯალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"