დღეს პატრიარქის დაბადების დღეა - ილია მეორეს 86 წელი შეუსრულდა
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 86 წელი შეუსრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა- კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
"კვირის პალიტრა" ულოცავს უწმინდესს და დღეგრძელობას უსურვებს ერის საიმედოდ. გთავაზობთ, პატრიარქის რამდენიმე წერილს წიგნიდან "ჩვენი პატრიარქი".
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ბატონ გივი გუმბარიძეს
დიდად პატივცემულო გივი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს; დაე, მშვიდობიანი და ბედნიერი იყოს იგი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. მოგახსენებთ, რომ შობა დღეს, 7 იანვარს, სამღვდელოებამ და მორწმუნეებმა მოინახულეს კოლონიებში მყოფნი, ხოლო მე გახლდით თბილისის ციხესა და იზოლატორში. მსჯავრდადებულებთან საუბრისას ნათლად გამოიკვეთა, რომ პატიმრები დიდ იმედს ამყარებენ პირადად თქვენზე, ელიან შეწევნასა და დახმარებას. მეც დიდი იმედი მაქვს თქვენი მოწყალებისა და ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით:
თბილისში, ორთაჭალის ციხეში, ამჟამად იმყოფება სიკვდილმისჯილი 14 ადამიანი. ცნობილია, რომ საქართველოში, როგორც ქრისტიანულ ქვეყანაში, ყოველთვის ერიდებოდნენ სასჯელის ამ უმაღლეს ზომას, რადგანაც ჩვენი ერთ-ერთი მცნება პირდაპირ მოითხოვს: არა კაც ჰკლა. არის თუ არა ესა თუ ის პიროვნება დამნაშავე, ეს მსჯავრი მაინც გაუმართლებელია. იგი დიდ ცოდვად ედება ჩვენს ერს. ცხოვრებამ მრავლგზის ცხადყო წმინდა მამათა სიტყვების სისწორე, რომ ბოროტება არ შეიძლება ბოროტებით განიკურნოს და მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება ეშველოს.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის, მთელი მორწმუნე ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გთხოვთ თქვენ და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, შეიწყალოთ სიკვდილმისჯილი ეს 14 ადამიანი და მათ განაჩენი სხვა სასჯელით შეუცვალოთ.
ასევე გთხოვთ, დასვათ საკითხი სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმების შესახებ. თავის დროზე ამასვე ითხოვდნენ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწენი. იმავეს ითხოვს დღეს ჩვენი მოწინავე საზოგადოება.
ხოლო ვიდრე ეს კანონი ძალაში შევიდოდეს, გთხოვთ, შეიწყალოთ ყველა სიკვდილმისჯილი და თქვენი მამობრივი კალთა გადააფაროთ მათ...
ბატონო გივი, თქვენს მოწყალებას ელოდებიან დატუსაღებულნი; ამასვე ელოდება მთელი ჩვენი ერი. უმორჩილესად გთხოვთ, შეიწყალეთ მსჯავრდადებულნი, რადგან მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით შეიძლება მათი გამოსწორება.
ღრმა პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 11 იანვარი, 1990 წელი
მის უწმინდესობას, უწმინდეს ალექსი II-ს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, მშვიდობიანსა და სიხარულით აღსავსე ხანგრძლივ სიცოცხლეს და ღვთის შეწევნას თქვენს მამამთავრულ მოღვაწეობაში.
თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ უდიდეს გარდატეხათა და კონფლიქტების ეპოქაში ვცხოვრობთ. ეკლესიის მეთაურებმა და მისმა რიგითმა მსახურებმა ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პოლიტიკურმა და ერთაშორისმა კონფლიქტებმა ჩვენი ეკლესიებიც არ ჩაითრიოს.
1991 წლის 31 ოქტომბრის "დამოუკიდებელმა გაზეთმა" გამოაქვეყნა ჟანა მარუკიანის წერილი სათაურით: "სამხრეთ ოსეთის ქრისტიანები დახმარებას სთხოვენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, სადაც ნათქვამია: "მამა ვიტალი, ვლადიკავკაზის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, თანახმაა, თავის თავზე აიღოს მზრუნველობა სამხრეთ ოსეთზე, რომელმაც მას თხოვნით მიმართა".
რა უფლება აქვს მამა ვიტალის უცხო საპატრიარქოს იურისდიქციაში ჩარევის? თუკი ამ რაიონის რომელიმე მცხოვრებს კანონიკური სამართლის უცოდინარობის გამო შეუძლია მას ამგვარი თხოვნით მიმართოს, თვითონ მამა ვიტალის ევალება იცოდეს ეკლესიის კანონები, რომელთაც იგი უხეშად არღვევს.
მაგრამ ყველაზე მეტად გვაოცებს სტავროპოლის და ბაქოს მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის, გედეონის პოზიცია, რომელსაც მე ვიცნობ ვითარცა კეთილ მწყემსმთავარ და კომპეტენტურ პიროვნებას კანონიკური სამართლის საკითხებში. წერილში ვკითხულობთ: "მას ამისთვის კურთხევას აძლევს სტავროპოლისა და ბაქოს მიტროპოლიტი გედეონი, რომელმაც ამას წინათ გამოხატა თავისი აზრი ორი ოსეთის შეერთების თაობაზე".
უწინარეს ყოვლისა, მეუფე გედეონმა, ალბათ, უნდა იცოდეს, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არასოდეს ყოფილა გაერთიანებული ჩრდილოეთ ოსეთთან და რომ ის უძველესი ტერიტორიაა საქართველოსი. თავისი განცხადებით მეუფე მტრობას სთესს არა მხოლოდ ქართველებსა და ოსებს, არამედ ქართველებსა და რუსებს შორისაც; ხოლო თუკი მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, მაშინ მას ამ სტატიის გამოჩენისთანავე წერილობით უნდა უარეყო იგი.
სტატია მთავრდება იმით, რომ რუსულ ეკლესიას მიტროპოლიტი გედეონის სახით სურს "სულიერი დახმარება გაუწიოს და მიიღოს სამხრეთ ოსეთი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პროტექტორატის ქვეშ". ამისათვის, როგორც ნათქვამია "მიტროპოლიტმა სრულიად რუსეთის პატრიარქს - ალექსი IIII-ს გამოსთხოვოს კურთხევა".
თქვენო უწმინდესობავ, მე შემეძლო საერთოდ არ გამოვხმაურებოდი ამ სტატიას, როგორც არასერიოზულ განცხადებას, მასში რომ რუსული ეკლესიის თვალსაჩინო მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ გედეონის სახელი არ იხსენიებოდეს. მე არც თქვენი შეწუხება მსურდა, მაგრამ, რადგანაც ამ წერილს საქართველოს ტელევიზიამ უკვე გაუკეთა კომენტარი, რამაც მორწმუნეთა შორის მღელვარება გამოიწვია, იძულებული გავხდი, თქვენთვის წერილით მომემართა.
რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, არ იზიარებთ მიტროპოლიტ გედეონისა და მამა ვიტალის შეხედულებას.
ძმური სიყვარული, ურთიერთგაგება და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ავტოკეფალიურ ეკლესიებს შორის არსებობს, ვერ უნდა დაარღვიოს მსგავსმა უპასუხისმგებლო განცხადებებმა.
კიდევ ერთხელ გისურვებთ, თქვენო უწმინდესობავ, ღვთის დიდ წყალობას.
გეხვევით ძმური სიყვარულით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 8 ნოემბერი, 1991 წელი (იხილეთ სრულად)