"მოლოდინი ჰქონდათ, უი, შენ ამას გამოიყენებ და საქმეში წარმატება გექნებაო" - როგორ არის "როგორ ხართ?!"
ეს არის გოგონა, რომელიც 2018 წელს, თავისი ცნობილი ვიდეოთი - "როგორ ხართ?" ზუსტად 5 წუთში გახდა პოპულარული... ეს იყო ვიდეო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და მთელი ინტერნეტი მოიცვა. შემდეგ კი ყველამ აიტაცა მისი ფრაზა - "როგორ ხართ?"
იმისთვის, რომ მსახიობი მარი არღუთაშვილი უფრო ახლოს გაგაცნოთ, ან მოგიყვეთ რა მოუტანა ამ პოპულარობამ და რა სამომავლო გეგმები აქვს - მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
მარი, გადავავლოთ თვალი გასულ წელს და იმ ამბავს, რაც შენს ცხოვრებაში 2018 წელს მოხდა...
- თითქოს ვერც ვაფასებ, ის აჟიოტაჟი, რაც იყო და რაც გამოვიარე. არადა, არაერთხელ ვთქვი, რომ სრულიად შემთხვევით მოხვდა ვიდეო სოციალურ ქსელში. მაგრამ მგონი, ამ ყველაფერმა უკვე გადაიარა, ვფიქრობდი, უფრო ადრე გადაივლიდა, მაგრამ აჟიოტაჟი დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ველოდი.
- ვიდეოს რომ იღებდი მაშინ მსგავს რამეს თუ წარმოიდგენდი?
- არა, რას ამბობთ?.. ამ ყველაფერმა მომიტანა ის, რომ ჩემი მისამართით ბევრი პოზიტივი წამოვიდა და დღემდე მოდის. საინტერესო, საყვარელი, კარგი ადამიანები გავიცანი, რომლებიც უბრალოდ ჩემი პერსონით დაინტერესდნენ, შედგა გარკვეული ურთიერთობებიც. ამ ყველაფერს დადებითი მხარე ჰქონდა. უარყოფითიც იყო, მაგრამ არც მაშინ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება და არც ახლა.