"დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის - ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება"
დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის - ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და მათი ნდობის შედეგი, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მიმართა კითხვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით რას ურჩევს მმართველ გუნდს, რომლის დამსახურებითაც ის დღეს პრეზიდენტია.
“არაფერს არ ვურჩევ. მე პირადი პირი არ ვარ - ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტს არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რამე რჩევა ან რეკომენდაცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ ის ხალხის ნდობის ღირსი იქნება, თუ საკუთარ კომპეტენციას ბოლომდე შეასრულებს და არ გადავა ზღვარს, რაც პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.
"ინტერპრესნიუსი"