"ყველამ გაიგო, რომ ჩვენი პატარა გორი დიდია" - კვირის პალიტრა

"ყველამ გაიგო, რომ ჩვენი პატარა გორი დიდია"

"ორჯერ შემოვიარე ქეთისთან ერთად ევროპა, დღედაღამ ერთად ვიყავით. ჩვენ მხოლოდ საქმე აღარ გვაერთიანებს, ქეთის სახით მეგობარი მაჩუქა ღმერთმა"

დეკემბრის ბოლოს გორის ქალთა გუნდისა და ქეთი მელუას ერთობლივი ევროტური დასრულდა. მათ ევროპის 12 ქვეყანა და 37 ქალაქი მოიარეს.

"დღეს, როცა ხმაურიანმა მუსიკამ, ყვირილ-წივილმა წალეკა მთელი მსოფლიო, ჩვენ ევროპელ მსმენელს სულთან მიახლოებული მუსიკა მოვასმენინეთ. მიუხედავად იმისა, რომ 5-ათასიან დარბაზებშიც ვმღეროდით, მაყურებელი თითქოს საკუთარ სულთან მარტოვდებოდა. ამბობდნენ, მსოფლიოს სწორედ ასეთი მუსიკა აკლიაო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასებაა", - ამბობს გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.

- გორის ქალთა გუნდში საიდან მოხვდით?

- გორის ქალთა კამერული გუნდი 1970 წელს ჩამოყალიბდა და მისი პირველი ხელმძღვანელი ჩემი პედაგოგი შალვა მოსიძე იყო. კონსერვატორია რომ დავამთავრე, სწორედ მან წამომიყვანა გორში, 2013 წელს კი გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი.

- და გორში დასახლდით? - ორშაბათს მოვდივარ თბილისიდან და პარასკევს ვბრუნდები. როცა სამხატვრო ხელმძღვანელად მოვედი, მაშინ კოლექტივის უმრავლესობა თბილისელი იყო და მე, ასე ვთქვათ, საკადრო რევოლუცია მოვახდინე, ახლა ანსამბლი, ძირითადად, გორელებით არის დაკომპლექტებული.

- ქეთი მელუასთან თანამშრომლობა როგორ დაიწყეთ? - ქეთის ინტერნეტის საშუალებით მოუსმენია ჩვენი გუნდის 90-იან წლებში ჩაწერილი ალბომი. დაინტერესდა ისევ თუ არსებობდა ეს გუნდი და გორში ჩამოვიდა. თავიდან ხანმოკლე თანამშრომლობა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ჩვენი მოსმენის შემდეგ აზრი შეიცვალა, გვითხრა, უფრო დიდ პროექტს მოვკიდოთ ხელიო. ჩვენი სიმღერები ჩაიწერა, მენეჯერებს მოასმენინა და გადაწყდა სი-დის ჩაწერა. 2016 წელს ამ სი-დით პირველი ევროტური გვქონდა, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა, მეორე ტური კი ჩვენი თანამშრომლობის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა.

"ხოხბის ყელივით ლამაზი" და "თუ ასე ტურფა იყავი" უყვარს ქეთის განსაკუთრებით. ყოველ კონცერტზე აღნიშნავდა, რომ თავადაც ქართველია და დიდი სიყვარულით წარგვადგენდა. ჩვენს კონცერტებს ესწრებოდნენ მუსიკის კრიტიკოსები, იწერებოდა სტატიები, ყველა დეტალს უღრმავდებოდნენ, წარმოიდგინეთ, ჩემი, როგორც დირიჟორის ხელის აპარატი ან ტანი როგორ მიჭირავს სცენაზე, ესეც კი არ გამორჩენიათ. ხუთიდან ხუთვარსკვლავიან შეფასებებს ვიმსახურებდით (იქ თურმე ვარსკვლავებით აფასებენ). წელს არც ერთი კრიტიკოსისგან არ დაგვიმსახურებია 4 ვარსკვლავი, თუმცა, როგორც ქეთიმ მითხრა, პირველ ტურში რამდენიმე ოთხიანი გამოგვერია.

კრიტიკოსების ძალიან ეშინიათ, მათ შეფასებებს ბევრი ცნობილი მომღერლის ტური ჩაუშლია, ჩვენ კი გაგვიმართლა. ალბათ, ყველაფერი სწორად იყო გათვლილი და შეფასებაც შესაბამისი მოჰყვა. მოკლედ, ყველამ გაიგო, ჩვენი პატარა გორი დიდი რომ არის.

- დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენს სფეროში გავლენიანი პიროვნება დაინტერესდებოდა თქვენი კოლექტივით. - ბრაიტონში ჩვენს კონცერტზე ქეთიმ მადონას პროდიუსერი უილიამ ორბიტი მოიწვია. მადონას პოპულარობა ამ კაცმა გაზარდა საოცარი სისწრაფით. მის პროდიუსერობაზე უამრავი მომღერალი ოცნებობს. 200 მილიონზე მეტი დისკი აქვს გაყიდული, "გრემის" სამგზის პრიზიორია. ბოლო, 37-ე კონცერტი ედინბურგში გვქონდა და იქ თავისი სურვილით ჩამოგვაკითხა. ქეთისთვის უთქვამს, ის, რაც მაკლდა, თქვენმა კონცერტმა შემივსო და კიდევ ერთხელ მინდა განვიცადო ეს გრძნობაო. კონცერტის შემდეგ ლონდონამდე დაგვემგზავრა და 12 საათი ჩვენთან ერთად გაატარა. ავტობუსში რომ ამოსულა, თეონას ოთახი სად არისო, უკითხავს. მართლა სახლებივით ავტობუსები გვემსახურებოდა - ჩვენ-ჩვენი ოთახი გვქონდა, საწოლებით, სავარძლებით, ტელევიზორებით, სამზარეულოებით... ტურში 45 კაცი დაგვყვებოდა, მზარეულები, ტექნიკური პერსონალი... 3 ავტობუსითა და 1 ტრაილერით ვმგზავრობდით. მოკლედ, მგზავრობისას ყველაფერი გამომკითხა. ანგელოზის ხმებივით ჟღერადობა გაქვთ, როგორ აღწევთ ამასო, აინტერესებდა. მითხრა, ძალიან მალე ამერიკაში მივემგზავრები მნიშვნელოვან შეხვედრაზე და იქ აუცილებლად ვიტყვი, ასეთი გუნდი რომ აღმოვაჩინეო.

- როგორც ვიცი, ამჯერად თქვენს ტურში ქეთის ძმაც ჩაერთო.

- დიახ, ზურაბ მელუაც შემოგვიერთდა. არაჩვეულებრივი ადამიანია. ქეთის მეუღლე ჯეიმზი ყოფილი ბაიკერია, მაგრამ ახლა როკჯგუფი აქვს, სადაც ზურაც უკრავს, გიტარისტია. ახლა ალბომის გამოსაშვებად ემზადებიან. არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ მელუებს.

- ქეთიზე რას მიამბობთ? - ორჯერ შემოვიარე ქეთისთან ერთად ევროპა, თვეების განმავლობაში დღედაღამ ერთად ვიყავით და დავმეგობრდით, ჩვენ მხოლოდ საქმე აღარ გვაერთიანებს, ქეთის სახით მეგობარი მაჩუქა ღმერთმა.

- კიდევ დაგეგმეთ ერთობლივი პროექტები? - მე ვერაფერს დავგეგმავ, ეს პროექტები, ფინანსებით დაწყებული და სხვა დეტალებით დამთავრებული, ქეთის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის გაგრძელებაზე საუბარი გვქონდა, ასე რომ, დაველოდოთ.