გარჩევა ვერაზე
დაკავშირებულია თუ არა სისხლიანი დაპირისპირება მარგველაშვილის სიძესთან?!
15 იანვარს ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფიგურანტებს - გიორგი ადუაშვილსა და კოტე ჯორბენაძეს მოსამართლე რომან ხორავამ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კოტე ჯორბენაძეს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, გიორგი ადუაშვილს კი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლით გაასამართლებენ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
გარჩევა, სროლით დასრულდა
ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ათამდე გასროლა დაახლოებით 17:00 საათისთვის გაისმა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილ "კია ოპტიმას", რომელსაც ზურაბ კუჭავა მართავდა, მინიკუპერიდან, სადაც გიორგი ადუაშვილი იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შემდეგ კუჭავამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოხტა, ავტომობილი კი ფილარმონიასთან გაჩერებულ სხვა მანქანას შეეჯახა...
სროლას ახალგაზრდების ჩხუბი უძღოდა, რომლის დროსაც გიორგი ადუაშვილი დაჭრეს. მას იღლიის არეში ორი და ფეხში ოთხი ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს...
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება აკაკი შანიძის #22-ში დაიწყო, სადაც"ქართული მარშის"ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი ცხოვრობს. იმ დღეს ადუაშვილი და კუჭავა გასვენებაში იყვნენ, მერე გია კორკოტაშვილის ვაჟს, ვაჟა კორკოტაშვილს ესტუმრნენ და უთანხმოებაც მის სახლში მოუვიდათ, გარჩევა კი ტატიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. თვითმხილველების თქმით, კუჭავამ ადუაშვილი დაჭრა და ავტომობილით გაქცევა სცადა. ბრალდების ვერსიით, ადუაშვილი კუჭავას მანქანით დაედევნა და სროლა ტატიშვილის #8-სთან დაიწყო.
ბრალდების მხარის განმარტებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ბარნოვისა და ტატიშვილის ქუჩებზე ადუაშვილმა კუჭავას მოკვლის მიზნით,"მინიკუპერიდან "კია ოპტიმას" მიმართულებით 10-ჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის ჩადენის დროს ადუაშვილთან ერთად ავტომანქანაში იყვნენ მძღოლი გიორგი ბალაშვილი და კოტე ჯორბენაძე, რომელმაც დაჭრილი ადუაშვილი საავადმყოფოში მიიყვანა.
გიორგი ადუაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს... ის ერთხელ ნასამართლევია იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით.
ერთ-ერთი ვერსიით, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება თბილისში მოქმედი ორი დაჯგუფების კონფლიქტს უკავშირდება. საქმე ეხება ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის გარემოცვას, რომელსაც შეიარაღებული თავდასხმა უკვე რამდენჯერმე მოუწყვეს. დაპირისპირების ერთ მხარედ - მინდია გოგოჭურის, მეორე მხარედ კი დავით კაჭარავას დაჯგუფება მიიჩნევა.
როგორც სამართალდამცავი წყარო გვიყვება, ადუაშვილი გოგოჭურის დაჯგუფებასთან დაპირისპირებულ კაჭარავას ბანაკშია.
რა კავშირია სოსო პავლიაშვილსა და მამა-შვილ ადუაშვილებს შორის
30 წლის გიორგი ადუაშვილი 2012 წელს მოკლული ბიზნესმენის, ანტონ ადუაშვილის ვაჟია. მაშინ ანტონ ადუაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ოჯახი მკვლელობის შეკვეთაში მომღერალ სოსო პავლიაშვილს ადანაშაულებდა, რომელთანაც ანტონ ადუაშვილს დიდი ხნის მეგობრობა და ბიზნესინტერესები აკავშირებდა (ანტონ ადუაშვილი სოსოს მეჯვარე და ბავშვის ნათლია იყო). ანტონ ადუაშვილის მკვლელობის ბრალდებით ოთხი პირი გაასამართლეს, მათ შორის - სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელიაც.
რას ამბობს ჩვენებაში კუჭავა?
კითხვაზე, რას გულისხმობდა პროკურორი, როდესაც განაცხადა, რომ გიორგი ადუაშვილმა კუჭავას შურისძიების მიზნით ესროლა, ადუაშვილის ადვოკატმა სალომე მესხმა გვიპასუხა:
- ადუაშვილი არაფერს ამბობს არც დაჭრისა და არც გასროლის შესახებ. არც კუჭავა ადასტურებს, რომ მას ვინმემ ესროლა. მას მხოლოდ ნაკაწრი აქვს კისრის არეში. კუჭავა უარყოფს, რომ მანქანიდან ესროლეს და გამოძიებას მომხდარის თავის ვერსიას სთავაზობს - ამბობს, მანქანიდან რომ გადმოვედი, შუახნის მამაკაცი დავინახე პისტოლეტით და გავიქეცი, გაქცევისას კი დავეცი და გავიკაწრეო.
"შესაძლოა, ბრალდებულების რიცხვი გაიზარდოს"
შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გიორგი ადუაშვილი საავადმყოფოში დააკავა... ის სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობს...
შსს ადასტურებს, რომ კონფლიქტს პირადი უთანხმოება უძღოდა, თუმცა მოტივი მათთვის უცნობია. კონფლიქტში ვაჟა კორკოტაშვილის მონაწილეობას უწყება ოფიციალურად არ ადასტურებს. შსს-ს განცხადებით, არ არის გამორიცხული, ამ საქმეზე ბრალდებულების რიცხვი გაიზარდოს.
"ჩემს სახლში დაპირისპირება არ მომხდარა"
"კვირის პალიტრა" გია კორკოტაშვილს დაუკავშირდა, რომელიც შვილის ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.
- ჩემს სახლში გარჩევა-დაპირისპირება არ მომხდარა. ზურა კუჭავა ვაჟიკოს ბავშვობის მეგობარია, ადუაშვილთან რა აკავშირებს, არ ვიცი. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, ამას სამართალდამცველები დაადგენენ და სათანადოდაც დასჯიან მათ, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა. აბსურდია, თითქოს ვაჟიკო რამეში მონაწილეობდა. ის შემთხვევის ადგილზეც კი არ ყოფილა.
- თქვენს ვაჟს თუ ესაუბრეთ და რა გიამბოთ? - ვაჟიკო ორი დღეა, არ მინახავს. რომ მენახა, ხელს მოვკიდებდი და პოლიციაში მივიყვანდი, რადგან დაბარებულია...
"თურმე დახმარება დანაშაული ყოფილა"
ბრალდებულმა კოტე ჯორბენაძემ პროცესზე თქვა: "მყავს ოჯახი, ჩემ უკან სხვა ოჯახებიც დგანან... ჩემი ნაშენები ცხოვრება თქვენს ხელშია."
აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე კოტე ჯორბენაძის დეიდას გავესაუბრეთ:
"კოტე სპორტს მისდევს, მეორე კატეგორიის მწვრთნელია. მისი და გიორგი ადუაშვილის ცოლები ნათესავები არიან. იმ დღეს ავტომანქანაში სამნი ისხდნენ - გიორგი, კოტიკო და მძღოლი გიორგი ბალაშვილი. კოტეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მან დაჭრილი ადუაშვილი საავადმყოფოში მიიყვანა. როგორ ფიქრობთ, დაჭრილი უნდა მიეტოვებინა და ის სისხლისგან დაცლილიყო?
კოტე "სილქ ტვ"-ს პროდიუსერი იყო. სპორტული არხის -"სეტანტას" დამფუძნებელია. მას ბევრი შპს აქვს და უამრავი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. გვეგონა, ნიმუშებს აიღებდნენ და გამოუშვებდნენ, მაგრამ დააკავეს. ამის მერე, ალბათ, ყველას დაეკარგება სურვილი, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, შარში რომ არ ჩაიგდოს თავი. კოტეს იმ ბიჭებთან ურთიერთობა არა აქვს, ისიც არ ვიცი, იქ როგორ მოხვდა. არც პრეზიდენტის სიძის სამეგობროს იცნობს. მისი სამეგობრო აქ არის, ყველა წესიერი და მშრომელი ბიჭია."
ტარიელ კაკაბაძე, კოტე ჯორბენაძის ადვოკატი: - პროცესზე ბრალდების მხარეს ვკითხე, გაქვთ თუ არა მტკიცებულება, რომელიც ჯორბენაძის კონფლიქტში მონაწილეობას ადასტურებს-მეთქი. არაო, მიპასუხა. სროლიდან ორ წუთში მან დაჭრილი ადუაშვილი საავადმყოფოში მიიყვანა.
- ვინ დაჭრა ადუაშვილი?
- ეს ბრალდების მხარეს ჰკითხეთ. დაჭრილი ადუაშვილი ვერაზე თვითონ ჩაუჯდა ავტომანქანაში ბალაშვილსა და ჯორბენაძეს, რის შემდეგაც ისევ სროლა ატყდა. შეშინებულ კოტეს თავი ძირს ჰქონდა დახრილი და არ დაუნახავს, ვინ ვის ესროდა. იგი არ უარყოფს, რომ ორმხრივი სროლა იყო, მაგრამ იარაღი არავის ხელში არ დაუნახავს.
ჯორბენაძეს არც იარაღი ჰქონია, არც კონფლიქტში მონაწილეობდა. როგორ არის შეუტყობინებლობა, როცა ადამიანი, რომელიც სისხლისგან იცლება, ორ წუთში მიჰყავს საავადმყოფოში, ეძებს ექიმს, მერე დაჭრილს ასულიერებენ... საავადმყოფოში პატრულის თანამშრომლები რომ მივიდნენ, ესენი 3-4 წუთის მისულები იყვნენ. კოტე ჯორბენაძე მოუყვა მათ, რაც დაინახა. ბრალდება გვედავება, სანამ პოლიციელებს დაელაპარაკებოდა, მანამდე შეეძლო, შეეტყობინებინაო. როდესაც ადამიანი სისხლისგან იცლება და არის უმძიმეს მდგომარეობაში, ყველა წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბრალდების მხარე იმასაც ამბობდა, რომ არსებობდა ჯორბენაძის მიმალვის საფრთხე, არადა, ის პატრულს ყველგან გაჰყვა, შვიდი საათი იყო დაკითხვაზე... და ამის შემდეგ დააკავეს.
- კოტე ჯორბენაძე და გიორგი ადუაშვილი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ? - შემთხვევით შეხვდნენ და ადუაშვილი ჯორბენაძესა და ბალაშვილს მანქანაში ჩაუჯდა. გიორგი რომ მიეტოვებინა, ჯორბენაძე მართლაც ჩაიდენდა უმძიმეს დანაშაულს - განსაცდელში მიტოვება სს დანაშაულია, მაგრამ ის მოიქცა ისე, როგორც წესიერი ადამიანი მოიქცეოდა.
- ამბობენ, რომ ეს კონფლიქტი ორი დაჯგუფების ძველ დაპირისპირებას უკავშირდება...
- არ ვიცი, რა დაპირისპირება იყო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დასაცავი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა.
ვინ დაუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობა?!
დაჭრილი გიორგი ადუაშვილის მამა ბიზნესმენი ანტონ (ავთო) ადუაშვილია, რომელიც თბილისში 2012 წლის 23 ნოემბერს საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის ერთი საკონტროლო. შემთხვევის ადგილას (ზაზიაშვილის ქუჩაზე) სათვალთვალო კამერებმა საქმის გახსნა გააადვილა და ცხელ კვალზე მკვლელობისთვის რამდენიმე პირი მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია. მისი დაკავება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ოჯახისთვის, რადგან ახლობლად მიიჩნევდნენ. ჩხაპელიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დაედო ბრალი. პირველ ჩვენებაში მან მკვლელობის შემკვეთად მოკლულის უახლოესი მეგობარი, თავისი ცოლისძმა, სოსო პავლიაშვილი დაასახელა. ის დეტალურად აღწერდა, როგორ მოაკვლევინა პავლიაშვილმა 50.000 დოლარად ადუაშვილი.
პავლიაშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა, ვინაიდან პროკურატურამ ჩათვალა, რომ პირისთვის ბრალის წასაყენებლად ერთი მოწმის ჩვენება საკმარისი არ იყო.
2013 წლის სექტემბერში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს ანტონ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულების: ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავასა და კობა ყურუას საქმე. სამივე მათგანს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
იმ პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალს სოსო პავლიაშვილს სომხეთში საიდუმლოდ შეხვდა და საქმის წარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ ქრთამად 2 მილიონი ლარი აიღო. ამბობდნენ, რომ სწორედ ამის შემდეგ შეაცვლევინეს ჩვენება ვახტანგ ჩხაპელიას, სოსო პავლიაშვილის დის ქმარს. გარიგების მიხედვით, ჩხაპელიას უნდა ეთქვა, რომ პროკურატურაში პირველი ჩვენება ზეწოლის გამო მისცა. ამასთან, ამ ვერსიის თანახმად, ნაცვლიშვილმა საკუთარ თავზე აიღო, რომ ზეწოლის ფაქტს არავინ გამოიძიებდა. დღემდე უცნობია, რატომ შეცვალა ჩვენება პავლიაშვილის სიძემ. ამ საქმეზე სასჯელს მომღერალ სოსო პავლიაშვილის სიძე იხდის, თუმცა კვლავ უპასუხოა კითხვა: ვინ დაუკვეთა მკვლელობა?!
გარდაცვლილის ოჯახი დღემდე დარწმუნებულია, რომ მკვლელობის უკან სოსო პავლიაშვილი დგას. სოსო და ანტონი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და მათ ნათელმირონობა და საერთო ბიზნესი აკავშირებდათ. მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადუაშვილმა თავისი წილის გამოყოფა მოინდომა.