"კორუფციის წყარო ზოგადი უნარების შესახებ წიგნების დაწერა უფრო იყო" - როგორ აფასებენ განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმას?
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. უნივერსიტეტებს კი საშუალება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ. ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები კი ყველასთვის სავალდებულო იქნება. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთან, ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. ასევე, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას. ამ საკიტხებთან დაკავშირებით თბილისის 161-ე სკოლის დირექტორი მიშა მინდაძე და ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ ჯაყელი გვესაუბრებიან.
- როგორ ფიქრობთ, რით არის განპირობებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის მოხსნა?
მიშა მინდაძე:
- ერთიანი გამოცდებზე, ზოგადი უნარებში გამოცდის მოხსნა იმიტომაც იყო აუციელებელი, რომ ერთობ უცნაური და მანკიერი პრაქტიკა დასრულებულიყო. ე.ი. დაიბეჭდა აუამრავი წიგნი, ზოგადი უნარების საკითხებზე; მშობლებმა დაიწყეს ამ "საგანში" ბავშვების მომზადება, მასწავლებელმა დაიწყეს რეპეტიტორობა... კი მაგრამ, ზოგადი უნარი საგანი ხომ არ არის? ეს არის ჩვევა, რომელიც ბავშვს უნდა გამოუმუშავდეს სკოლაში 12 წლის სწავლის განმავლობაში და ზოგადად ცხოვრების წესის შედეგად. ყველა საგნის, მათ შორის ქართულის, ისტორიის, მათემატიკის სწავლება სწორედ ზოგადი უნარების გამომუშავებას ემსახურება. ასე რომ ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო.
თამარ ჯაყელი: - სულ ახლახანს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კვლევა, იმის დასადგენად თუ რამდენად რეალურად ასახავს გამოცდებზე მიღებული ქულები აბიტურიენტის ცოდნასა და მზაობას უმაღლეს სასწავლებელი სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად. როგორც ამ კვლევის ავტორებმა განაცხადეს, მოწაფის ქულებსა და მის შესაძლებლობებს შორის კავშირი მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის შემთხვევაში გამოიკვეთა. ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტს კი პრედიქტული ღირებულება არ აღმოაჩნდა. ზოგადი უნარების შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დარგის სპეციფიკური ცოდნა. მაგალითად, სუსტ და ძლიერ მკითხველს რომ მივცეთ ერთი და იგივე ტექსტი, რომლის თემატიკაც კარგად ნაცნობია სუსტი მკითხველისთვის და უცნობია ძლიერი მკითხველისთვის, ასეთ შემთხვევაში, სუსტი მკითხველი ტექსტის გააზრებაში უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე ძლიერი მკითხველი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგადი უნარების შეფასება არაფრისმთქმელია, თუ ის მოსწავლეთათვის ნაცნობ, კონკრეტულ თემატიკას არ დაუკავშირდა. ამიტომ გაცილებით უკეთესია, თუ ზოგადი უნარები (ანალიზის, დასკვნის გამოტანის, კრიტიკული აზროვნების და სხვ.) ცოდნის კონრეტულ კონტექსტებში შემოწმდება.
- ასევ იგეგმება გამოცდების გაუქმება, მეთერთმეტე და მეთორემტე კლასებში. ასეთ შემხთვევაში ბავშვები საგნის კარგად მომზადების მოტივაციას ხომ არ დაკარგვენ და ასევე ხომ არ არის იმის რისკი, რომ სკოლის ატესტატით უმაღლესში ჩაბარების შესაძლებლობა სკოლებსა და უნივერსიტეტში კორუფციის დონეს გაზრდის?
მიშა მინდაძე:
- კორუფცია ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ამის შიშით განვითარებაზე უარს ხომ არ ვიტყვით, "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია"? მე თუ მკითხავთ, კორუფციის წყარო ზოგადი უნარების შესახებ წიგნების დაწერა უფრო იყო.
თამარ ჯაყელი: - მერწმუნეთ, ეს ცალსახად დადებითი გადაწყვეტილებაა ბევრი თვალსაზრისით. თავად გამოცდების ფორმატი ძალიან შეზღუდული იყო. ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად განგვენსაზღვრა თუ რამდენად საფუძვლიან ცოდნას აძლევდა სკოლა მოწაფეს. გარდა ამისა, განათლების დაკავშირება გამოცდის ჩაბარებასთან მცდარ წარმოდგენას ეფუძნება. თუ ცოდნის მიღება მოწაფის შინაგანი მოტივაციით არ არის ნაკარნახები, ის ღირებულ შედეგს ვერ მოიტანს. მხოლოდ ნიშნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად მიღებული ცოდნა არის ძალიან ზედაპირული, დაქუცმაცებული და გამოცდის კედლებს გარეთ გამოუყენებელი. ასეთ პირობებში მიღებული ცოდნა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლის შინაგანი ძალების განვითარებას. დათრუნული, არარეალიზებული შინაგანი ძალები კი უაყროფით გავლენას ახდენს მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესებზე.
ახლა, რაც შეეხება კორუფციის რისკებს. ჩვენ მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ ცენტრალიზებული გამოცდები მანამდე არ მოიხსნება, ვიდრე ინტენსიური რეფორმების ფარგლებში, სასკოლო კულტურა მთლიანად არ გარდაიქმნება და არ დავრწმუნდებით, რომ სიტუაცია შეცვლილია და მთლიანად მოსწალეთა განვითრებაზეა ორიენტირებული.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ისიც აღინიშნოს, რომ ვამზადებთ შეფასების მექანიზმებს, რომლებსაც დავნერგავთ მეოთხე, მეექვსე და მეცხრე ან მეათე კლასებში. ეს მექანიზმები საშუალებას მოგვცემ თითოუელ სკოლაში ვადევნოთ თვალი იმას, თუ როგორ მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესები, როგორია თითოეული მოწაფის მიღწევები აქვთ, რა უჭირთ, სად სჭირდებათ დახმარება. ეს საჭიროა დიაგნოსტიკისთვის და გამჭირვალეობისთვის. ასეთ ვითარებაში კორუფცია ფეხს ვეღარ მოიკიდებს.
- განათლების სისტემაში დღემდე გამოწვევად რჩება სასკოლო სახელძღვანელოები, რომლებიც ხშირად თავად პედაგოგებშიც კი გაუგებრობებს ქმნის. ამ პრობლემის მოგვარება როგორ გესახებათ? მიშა მინდაძე:
- სახელძღვანელოების დიდი ნაწილი მართლაც ისეთი მდარე ხარისხისაა, რომ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ არაუშავს, წიგნის დაწერას დრო და გამოცდილება სჭირდება. წელს არ ვარგოდა, მომავალში უკეთესად დაწერენ. ახლა ყველაზე მთავრი და მნიშვნელოვანი არის პროგრამა. უნდა შეიქმნას სწორი, ადეკვატური სტანდარტი, თუ რა, როდის და როგორ ვასწავლოთ მოწაფეს.
თამარ ჯაყელი: - პრობლემა გახლავთ ის, რომ პედაგოგების დიდი ნაწილი მართლაც მიჯაჭვულია სახელმძღვანელოზე. სახელძღვანელო წინასწარ ჩამოყალიბებული პროგრამაა, რომელსაც არ შეუძლია გაითვალისწინოს კონკრეტულ საკლასო ოთახში არსებული სიტუაცია და საჭიროებები. ამიტომ თავად პედაგოგს უნდა შეეძლოს მოსწავლეების საჭიროების მიხედვით დაგეგმოს გაკვეთილი. ახალი რეფორმის ფარგლებში, პედაგოგები სწავლობენ, თუ როგორ გამოიყენონ წიგნი ერთ-ერთი რესურსის სახით. ჩვენ ვასწავლით პედაგოგებს, როგორც აქციონ საგაკვეთილო პროცესი მოწაფეების განვითარების გზად. ეს კი მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებას მოითხოვს.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)