დანარჩენი გარდაცვლილებიც, სავარაუდოდ, მამა-შვილ სუთიძეების ახლობლები უნდა იყვნენ
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 7 მამაკაცს შორის ბათო სუთიძე და მისი 28 წლის შვილი ანზორი არიან. როგორც ბათო სუთიძის ახლობელმაგანაცხადა, სავარაუდოდ, დანარჩენი გარდაცვლილებიც სუთიძეების ნათესავები უნდა იყვნენ, თუმცა ზუსტად ვინ არიან, მისთვის უცნობია. შვიდივე გარდაცვლილი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მშენებლობაზე მუშაობდა.
სუთიძეები თერჯოლიდან არიან, როგორც მათმა ახლობელმა გვითხრა, ბათოს ჰქონდა პატარა სამშენებლო ბრიგადა, რომელიც სხვადასხვა სამუშაოებზე მუშაობდა და სადაც დასაქმებული ჰყავდა ძირითადად ახლობლები. "აქამდე მუშაობდნენ ყაზბეგში, სულ რაღაც ერთი თვეა, რაც თბილისში ჩამოვიდნენ. ბათოს მეგობარს აქვს კომპანია, რომელსაც აღებული ჰქონდა ობიექტი სარემონტოდ და ამ სამუშაოს ასრულებდნენ".
უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილების ცხედრები ნაქირავებ ბინაში დღეს დილით აღმოაჩინეს. 2-ოთახაინი ბინა, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მე-7 სართულზე მდებარეობს.
"ყაზტრანსგაზის" ინფორმაციით, გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.
"კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
(სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ვიდეო