გადაუხდის რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს კონპენსაციას? - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას? - კვირის პალიტრა

გადაუხდის რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს კონპენსაციას? - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას?

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციამ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს საქართველოს 1500 მოქალაქეს, რომლებიც 2006 წელს ეთნიკური ნიშნით - არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი კოლექტიური დეპორტაციის შედეგად საქართველოში გამოაძევა.  დიდი პალატის 17 მოსამართლიდან ამ ვერდიქტს 16-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი, როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ რუსი მოსამართლე წავიდა.

1500 დაზარალებულიდან, ისინი ვინც, 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთში უკანონო დაკავების, პატიმრობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა - 10 ათასიდან 15 ათასამდე ევროს მიიღებს; კოლექტიურ დეპორტაციაში მოყოლილ ადამიანებს კი 2000 ევროს გადაუხდიან.

საქართველომ დეპორტირებულთა საქმეზე სახელმწიფოთაშორისი განაცხადით რუსეთს ECHR-ში 2007 წლის მარტში უჩივლა. 2009 წელს, სარჩელი დასაშვებად სცნეს და მისი განხილვა დიდმა პალატამ დაიწყო, სადაც მოწმეების ჩვენებები 2011 წელს მოისმინეს. 2014 წლის ივლისში დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მაშინ სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპენსაციის დასადგენად მზად არ იყო და მხარეებს კონკრეტულ თანხაზე შესათანხმებლად ერთი წელი მისცა. ევროსასამართლოს სხდომაზე ევროსასამართლოში, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ 2001 წლის პრეცედენტულ საქმეზე დაყდრნობით, (ECHR-მ მაშინ თურქეთს 90 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა) საქართველომ რუსეთისგან დეპორტირებულებისთვის 70 მილიონი 320 ათასს ევროს ოდენობის კომპენსაცია მითხოვა. ვინაიდან, რუსეთი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა, ევროსასამართლო საქმის განხილვას მიუბრუნდა და დღეს, კომპენსაციად 10 მილიონი ევრო განსაზღვრა. რუსეთმა ეს თანხა საქართველოს სახელმწიფოს 2019 წლის 1 მაისამდე უნდა ჩაურიცხოს. ექსპერტთა თქმით, საკომპენსაციო თანხის ოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ECHR-ის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

რას წერს რუსული მედია ამ გადაწყვტილებაზე?

რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»- ი  აქვეყნებს სტატიას, სათაურით:  ECHR რუსეთის ბიუჯეტს არ ითვალისწინებს

სტატიაში განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება. პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ისტორია, რომელიც თბილისმა ჯერ კიდევ 2007 წელს წარადგინა. აღწერილია სახელმწიფოთაშორისო სადაო საქმის - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განხილვის ქრონიკა, მხარეთა განცხადებები, სირთულეები დაზარალებულთა ვინაობისა და რაოდენობის დადგენის საკითხში და ა.შ.

მთავარი კითხვა: გადაიხდის თუ არა რუსეთი თანხას?

ევროპულ სასამართლოში რუსეთის რწმუნებული მიხეილ გალპერინი „კომერსანტის“ კორესპონდენტთან ამბობს, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად ყველაზე რთული გზა შეარჩია: „თანხის გადახდის მექანიზმის შემუშავება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს დაევალა და როგორც ჩანს, საკითხს იქ განვიხილავთ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არასებობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის 2019 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული და ჩამოყალიბებულია“.

კითხვაზე, სთხოვს თუ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს ECHR-ის გადაწყვეტილების აღსრულების დაბლოკვას - ისე, როგორც ეს „იუკოს“-სთან დაკავშირებით მოხდა, როცა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს კომპანიის აქციონერების სასარგებლოდ 1,9 მილიარდი ევრო გადახდა დააკისრა - მიხეილ გალპერინმა განაცხადა, რომ „ასეთი გეგმები არ არსებობს“. მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთის 2019-2021 წლების ბიუჯეტში ის თანხა, რომელიც ECHR-ის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის არის გათვალისწინებული, მხოლოდ 600 მილიონი რუბლის ოდენობითაა ჩადებული, რაც 150 მილიონი რუბლით ნაკლებია საქართველოსთვის გადასახდელ თანხაზე.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში ამბობს, „სამართალმა იზეიმა“. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა ECHR-ის გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის. წყარო

რუსულ ტელევიზიაში  «ТВ 360» მომზადებული  სიუჟეტიდან კი ვიგებთ, რომ გადაუხდის თუ არა რუსეთი საქართველოს 10 მილიონ ევროს, ეს ბევრად დამოკიდებული იქნება  ევროპის საბჭოზე.

სიუჟეტში  რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების რეალიზების მექანიზმი იმის მიხედვით დადგინდება, თუ რა გარანტიას მისცემს საქართველო რუსეთს თანხის სამართლიანი განაწილების საკითხში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობაც.

ექსპერტებმა, რომლებმაც ტელეარხ „360“-ის კორესპონდენტთან საუბარში კომენტარი გაუკეთეს სიტუაციას, აღნიშნეს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსეთის შემდგომ დამოკიდებულებაზე ევროპის საბჭოს მიმართ. როგორც ცნობილია, ამჟამად რუსეთის წევრობა ამ ორგანიზაციაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ევროპის სასამართლო კი სწორედ ევროპის საბჭოს ორგანოს წარმოადგენს. აღსრულდება თუ არა ECHR-ის გადაწყვეტილება, ამას დრო გვიჩვენებს.

რამ შეიძლება ხელის შეუშალოს თანხის გადახდას საქართველოსთვის? როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემიის სამართლისა და ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტის პროფესორი ალექსანდრ მიხაილენკო ამბობს, რუსეთი ECHR-ის გადაწყვეტილებებს უმეტესად ასრულებს. საქმე ეხება იმ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებშიც რუსეთის მხარის მიერ დაშვებული პროცესუალური შეცდომები იქნა გამოვლენილი. რაც შეეხება მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას, ამ საკითხში გარკვეული ეჭვები არსებობს. „ევროპის საბჭო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში რუსეთს გადაჭარბებულ პრეტენზიებს უყენებს“, - აცხადებს ექსპერტი. „რამდენადაც რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ უშვებენ, ჩვენი ქვეყანა საწევრო შესატანს არ იხდის. უფრო მეტიც - განიხილება საკითხი ევროსაბჭოდან გამოსვლის თაობაზეც. რუსეთი ECHR-ის მოსამართლეების დანიშვნაშიც არ მონაწილეობდა. მოკლედ, ბევრი კითხვა არსებობს, რომლებსც, კომპლექსში შეუძლიათ ხელი შეუშალონ გადაწყვეტილების აღსრულებას“.

ECHR, როგორც წესი, ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციის დარღვევის საკითხებს განიხილავს, მაგრამ რუსული მხარე ამგვარ მიდგომას არ იზიარებს - რუსეთის კონსტიტუციის დარღვევის საკითხების განხილვა მხოლოდ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაში შედის. „აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მორალური ზიანის გადახდა სადისკუსიო რჩება. საჭიროა კონკრეტულ საკითხებს არსებითად შევხედოთ. ამგვარი საქმეებისათვის ჩვენს რუსულ სასამართლოებში სამ მილიონ ევროს ითხოვენ, სასამართლო კი მათ მხოლოდ 10 ათასს აძლევს“, - ამბობს ალექსანდრე მიხაილენკო.

ECHR-ის გადაწყვეტილება რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული იმავე ინსტიტუტის დოცენტი, საერთაშორისო სამართალმცოდნე კირა საზონოვა ამბობს, რაც კი სამართლიანობის თემას ეხება, ყველაფერს სამართლებრივ კატეგორიად ვერ ჩავთვლით. სამართლიანობა ყოველთვის შეფარდებითია და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ადგენს მას. შესაბამისად, საკმაოდ ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენად სამართლიანია ECHR-ის გადაწყვეტილება რუსეთისათვის. „როგორ უნდა შეფასდეს მორალური ზიანი? სიცოცხლეს ვერ შეაფასებ, მისი ფულით გაზომვა და კომპენსაცია პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამბობს კირა საზონოვა და იხსენებს საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციის დროს მართლაც ცუდ სიტუაციაში ჩავარდა. იგი ფეხმძიმე იყო და მშობიარობის დროს მკვდარი ბავშვი დაიბადა. „რუსეთმა იმ დროს მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და დაზარალებულ მოქალაქეს 30 ათასი ევრო გადაუხადა. რა თქმა უნდა, დეპორტაცია რთულად მიმდინარეობდა. იყო ცალკეული ტრაგიკული მომენტებიც. როცა გამოვლინდა დარღვევები, რუსეთმა აღიარა და თვითონვე გადაუხადა კომპენსაცია“, - აცხადებს კირა საზონოვა.

გადაიხდის თუ არა რუსეთი საკომპენსაციო თანხას?

გააჩნია, როგორი პოლიტიკური სიტუაცია იქნება ევროპის საბჭოსთან დაკავშირებით. მხედველობაშია მისაღები რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვით, ერთდერთი შემთხვევა, როცა სახელმწიფოს შეუძლია ECHR-ის გადაწყვეტილება არ შეასრულოს, ეს არის სიტუაცია, როცა გადაწყვეტილება რუსეთის კონსტიტუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.. „თუ ECHR-ის გადაწყვეტილების დამატებითი ექსპერტიზა მოხდება და მასში არაფერი ანტიკონსტიტუციური არ გამოვლინდება, მაშინ, რასაკვირველია, რუსეთი თანხას გადაიხდის“, - აღნიშნავს კირა საზონოვა, მაგრამ რადგანაც ბოლო დროს, რუსეთის ევროპის საბჭოდან სავარაუდო გამოსვლის კონტექსტში, სიტუაცია ძალიან არის პოლიტიზებული და თუ ამ ფაქტს დასავლეთი ხმაურიანი პოლიტიკურ კამპანიისათვის გამოიყენებს, მაშინ საქმე სხვა მიმართულებით განვითარდება. „ის რომ ECHR-მა შვიდჯერ შეამცირა საქართველოს მიერ მოთხოვნილი თანხა - 70 მილიონი ევროდან 10 მილიონამდე, ეს რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს“, - ასკვნის კირა საზონოვა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ