"კომპანია, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა, უნდა გავაძევოთ" - კვირის პალიტრა

"კომპანია, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა, უნდა გავაძევოთ"

კომპანია, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა, ქალაქიდან უნდა გავაძევოთ - ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, გული არ უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ასეთი დამოკიდებულება გქონდეს ქალაქთან მიმართებაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ, ვინაიდან ეს არის თბილისის მოსახლეობის პირდაპირი შეურაცხყოფა.

"რადგან ეკოლოგიაზე ვსაუბრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სკვერების და პარკების მოწესრიგება, არსებულის რეაბილიტაცია და ახალი საქალაქო პარკების შექმნა-მშენებლობა. გამგეობები აქტიურად მუშაობს სკვერების მოწყობაზე და მოწესრიგებაზე. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო გლდანის მე-6 მიკრორაიონში, სადაც ჩვენ პარკის მშენებლობა გასულ წელს დავიწყეთ. ყველა ამ პროექტის განხორციელების დროს ჩვენ გვყავს კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც ტენდერის გზით დგინდება. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ქალაქს და მის განვითარებას. რატომ ვსაუბრობ ამ პროექტზე? ჯერ ერთი, სამუშაოები უნდა დაესრულებინა ნოემბერში და ვერ დაასრულა. გარდა ამისა, ზედამხედველობის სამსახურმა მთელი რიგი სამუშაოები გააჩერა. მინდა გაჩვენოთ ფოტოები და უბრალოდ გული დაგეწვებათ, თუ რა სამუშაოები არის გაკეთებული და როგორ უპასუხისმგებლოდ მოიქცა ეს კომპანია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ვაჩვენოთ, როგორი მიდგომა და დამოკიდებულებაა. ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, გული არ უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ასეთი დამოკიდებულება გქონდეს ქალაქთან მიმართებაში. ეს მარტო გლდანისთვის ხომ არ კეთდება? ჩვენ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას მწვანე სივრცეები და ყოველთვის ვუსვამთ ხაზს ხარისხს. დღეს გაკეთებულის ხვალ და ზეგ ისევ გაკეთება არ უნდა გვიწევდეს. მინიმუმ რამდენიმე ათეული წელი ხომ უნდა გაუძლოს იმან, რაშიც დღეს თანხები იდება? ასეთი დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და პირდაპირ ვამბობ - ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ. ეს არის თბილისის მოსახლეობის პირდაპირი შეურაცხყოფა. მინდა დავავალო ირაკლი ბენდელიანს, რომ გააძევონ ეს კომპანია. ადამიანები თვეებია ელოდებიან სამუშაოების დასრულებას. შესაბამისად, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სამუშაოების დასრულება და ამ კომპანიასთან მოხდეს შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ასევე: ბინები კიევში, ფერწერული ტილოები, ტანსაცმელში დახარჯული ათასობით ლარი, ავტომანქანების კოლექცია - რა ქონებას ფლობს კახა კალაძე

"ინტერპრესნიუსი"