ფარული კადრების ამტვირთავს საკუთარი ძმა ამხელს!!!
"დანამდვილებით გეტყვით, რომ მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ჩემი ძმის დაწერილი არ არის"
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba Lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. ოფიციალური ინფორმაციით, მან საქართველოს საზღვარი მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა. ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით მისი საკნის ჩხრეკისას ამოღებულია მობილური ტელეფონი. არსებული ინფორმაციით, შსს აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
3 თებერვალს სოციალურ ქსელში buba Lomtatidze-მ გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც განაცხადა, რომ მან ატვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ამ საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა. მან ასევე ახსენა ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი ემზარ ივანიშვილი და დაწერა, რომ არ აპატიებს, რაც მან იკადრა...
ერთ-ერთმა ტელევიზიამ "ფეისბუკში" buba Lomtatidze-დ დარეგისტრირებულ პირთან ინტერვიუ აჩვენა, თუმცა სიუჟეტში, რესპონდენტის ნამდვილი გვარ-სახელი არ უხსენებიათ. ჩვენ ვცადეთ, მეტი გაგვეგო მასზე და ვინაობაც დავადგინეთ. გაირკვა, რომ პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან - სოფია თურმანიძესთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
სომხური პრესის ინფორმაციით, შარშან, 31 მაისს სომხეთში 26 წლის ტაქსის მძღოლის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. დანაშაული ოპერატიულად გაიხსნა და 2018 წლის 4 ივნისს სომხეთის სასამართლომ მიიღო ურეკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების - 32 წლის დიმიტრი ანდრეევისა და მისი მეუღლის, 34 წლის სოფია თურმანიძის დაპატიმრების გადაწყვეტილება. ისინი ეჭვმიტანილი არიან ქალაქ გიუმრის მცხოვრები 26 წლის ტაქსის მძღოლის, ჟორა მარტიროსიანის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში. როგორც სომხური პრესა იუწყება, მათთან ერთად დანაშაულში მონაწილეობდა საქართველოს მესამე მოქალაქეც, 35 წლის შოთა მაღლაკელიძე, რომელმაც მიმალვა შეძლო. მას დღემდე ეძებენ.
მარტიროსიანის ცხედარი სევანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილში იპოვეს. სასიკვდილო დაზიანებები მსხვერპლს თავის არეში ჰქონდა. სომეხი სამართალდამცველების ინფორმაციით, 31 მაისს სამმა პირმა ტაქსი გააჩერა და მძღოლს სევანის ტბისკენ წაყვანა სთხოვა. როგორც ირკვევა, გზაში მათ სასმელი დალიეს და როცა სევანს მიუახლოვდნენ, მძღოლთან კონფლიქტი მოუხდა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. მგზავრებმა ჟორა მარტიროსიანი ქვებით ჩაქოლეს. ცხედარი ისე იყო დასახიჩრებული, მისი ამოცნობა ახლობლებსაც გაუჭირდათ.
ირკვევა, რომ დიმიტრი ანდრეევი საქართველოში არაერთხელ ყოფილა ნასამართლევი. როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ჩანაწერები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისი ოჯახის წევრებიც დარწმუნებული არიან, რომ მის უკან ვიღაც დგას. ჩვენ ურეკში მივაგენით დიმიტრის ძმას, რომა ანდრეევს და ინტერვიუზე დავითანხმეთ. რომა დარწმუნებულია, რომ მისი ძმის უკან ვიღაცები დგანან და ის მხოლოდ გამხმოვანებელია.
რომა ანდრეევი: "ჩემს ძმას ვიღაც იყენებს..." რომა ანდრეევი: - ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი. ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ ჩემი ძმის ვინაობა დამალეს. ის დიმიტრი ანდრეევია.ჩემზე მეტად მასზე არავის შესტკივა გული, მაგრამ დამნაშავეს ხელს ვერ დავაფარებ. ტელევიზიით რომ ლაპარაკობდა, გაოგნებული დავრჩი. როგორ შეიძლება, კაცმა ასეთი რამ მოიგონო? ის ფანტაზიორია, ტყუილების გუდა. ჯერ მთელ ოჯახს ვალები დაადო და გააუბედურა. ჩაძირა და ახლა ისევ ტყუილებით აგრძელებს ცხოვრებას.
ვის დაემსგავსა, არ ვიცი. დიმიტრი ჩემზე პატარაა. ერთად გავიზარდეთ ძალიან კარგ ოჯახში.
- ჩვენი ინფორმაციით, დიმიტრი რამდენჯერმე ნასამართლევია. რისთვის იხდიდა სასჯელს? - 18 წლის იყო, პირველად ციხეში რომ მოხვდა ქურდობისთვის. მაშინ ოთხი წელი იჯდა. მერე გამოძალვისა და ქურდობისთვისაც დაიჭირეს. ახლა სომხეთში ცოლ-ქმარი მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. ოთხი წელია, რაც სოფია თურმანიძე ცოლად შეირთო. დიმიტრი ჩემი ღვიძლი ძმაა; კიდევ გვყავს და-ძმა დედას მეორე ქორწინებიდან. სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ დიმიტრი არასერიოზული კაცია, საკუთარ კანში რომ ვერ ეტევიან, ისეთი. ბევრი პრობლემა შეუქმნა ოჯახს. 34 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, მის გამო ოჯახს სულ პრობლემები ჰქონდა. დედას სახლი, რომელშიც გავიზარდეთ, ლომბარდში დააგირავებინა. ატყუებდა, ფულს ვიხდიო და ვალი 8 000 დოლარამდე რომ ავიდა, სახლი დავკარგეთ. მეორე სახლი, სადაც ახლა დედა ცხოვრობს, ორ ნაწილად იყო გაყოფილი და ის მეორე ნაწილიც დააკარგვინა. ჩემგან დაუკითხავად სწრაფი სესხები ჩემს სახელზე აიღო და 20 000 ლარზე მეტი დამადო ვალად. წარმოიდგინეთ, მანქანაც დამიყადაღეს - პოლიციამ გამაჩერა და მისი ვალების გამო ქუჩაში ჩამომართვეს. მის გამო ნაკვეთიც კი დავკარგე. ოჯახს რა უქნა და სხვას რას უზამს, წარმოგიდგენიათ?!
- რატომ წავიდა ქვეყნიდან, ვინმე სდევნიდა? - არავინ... სახლიც ჰქონდა, კარგი მანქანაც ჰყავდა და შეეძლო, პატიოსნად ეცხოვრა, მაგრამ სულ ამბობდა, ამ სოფელში რა მინდა, უნდა წავიდეო. სოფიას ძმა ცხოვრობს საფრანგეთში და ერევნიდან იქ მიდიოდნენ. როგორიც თვითონ არის, ცოლიც ისეთი ჰყავს. დაკავებამდე პერიოდულად მიკავშირდებოდა, მერე არაფერი ვიცი...
- მათთან ერთად იყო შოთა მაღლაკელიძე. მას იცნობთ? - შოთაც ურეკში ცხოვრობს. ის ჩემს ძმასთან მეგობრობდა და ახლა იძებნება. ერთად როგორ აღმოჩნდნენ, არ ვიცი...
...მისგან ყველაფერს ველოდი - ხომ გითხარით, ფანტაზიორია, მაგრამ რაც მოვისმინე, იმ სიბინძურეს - არა.
კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი. ემზარ ივანიშვილი ჩემი მეზობელია. კარგის მეტი ამ ოჯახისგან არაფერი მახსოვს. ბაბუაჩემი მათთან მეგობრობდა. ბაბუა ლომთათიძეა (დიმიტრი ანდრეევი "ფეისბუკშიI" სწორედ ამიტომაც არის დარეგისტრირებული ლომთათიძის გვარით. რაც შეეხება სახელს, როგორც მისი ძმა ამბობს, ბავშვობიდან ბუბას ეძახდნენ. - ავტ.), ივანიშვილები და ბაბუას ოჯახი ერთი კუთხიდან იყვნენ. დღემდე ვმეგობრობ ემზართან, ურეკში ჩვენი სახლები გვერდიგვერდ დგას, თითქმის ყოველდღე ვხედავ. როცა ოთხი წლის წინ ბაბუა გარდაგვეცვალა, ყველაზე მეტად ეს ოჯახი დაგვიდგა გვერდით. არანაირი კონფლიქტი ბუბას ემზართან არ ჰქონია, მაგრამ არც ძმაკაცები ყოფილან. წლებია, ჩემს ძმას ემზარი არ უნახავს. ურეკიდან იძულებით წავედიო, რომ ამბობს, ტყუილია! მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა... ავანტიურისტია ჩემი ძმა და ყველაფერს იგონებს. როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მის ხელში ფარული ჩანაწერები, არ ვიცი. არასოდეს არჩევნებზეც კი არ წასულა, აპოლიტიკური იყო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იყენებს, მის ზურგს უკან ვიღაც დგას. დანამდვილებით გეტყვით, რომ მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ჩემი ძმის დაწერილი არ არის. ჩვენ რუსული განათლება გვაქვს, მართვის მოწმობაც კი რუსულად ავიღეთ. ლაპარაკი და წერა-კითხვა კი ვიცით ქართულად, მაგრამ ასე გრამატიკულად და დალაგებულად ჩემი ძმა ვერ დაწერდა, გამორიცხულია! ამაზე თავს დავდებ!..
არ ვიცი, რისთვის უნდოდა ეს სპექტაკლი, ან რატომ დამალა ნამდვილი ვინაობა... იქნებ ვინმე დაჰპირდა, ციხიდან გამოსვლაში დაგეხმარებიო... ნეტავ, რისთვის აკეთებს ამას? საიდან მოხვდა მის ხელში ეს ყველაფერი? ღამეები არ მძინავს ამაზე ფიქრით...
ამ ყველაფერს ის მარტო ვერ გააკეთებდა. ალბათ, რამეს შეჰპირდნენ და აქვს იმედი, რომ ციხიდან დაიხსნიან... კაცს სინდისი უნდა გქონდეს, რომ ჩადენილისთვის სასჯელი ღირსეულად მოიხადო. ამ საქმიდან დასაძვრენად არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო და სხვას რაღაცები დააბრალო. ყველა მისი სიტყვა ტყუილია. უნდა გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ ალაპარაკებს.
"დარწმუნებული ვარ, თავის დროზე "დავერბოვკებული" ყოფილი პატიმარი გამოიყენეს ამ ფირის გასავრცელებლად"
იურისტი და ყოფილი პროკურორი მირიან ნიკოლაძეც დარწმუნებულია, რომ დიმიტრი ანდრეევს ვიღაც იყენებს.
- ძნელია ვერსიებზე ლაპარაკი, მაგრამ არსებობს რამდენიმე გარემოება. თუნდაც ის, რომ წინა ხელისუფლებას პატიმრების დიდი ნაწილი "დავერბოვკებული" ჰყავდა და ციხეში საშინელებებს უკეთებდნენ. ყველაფერს იღებდნენ და მერე ეუბნებოდნენ, ციხიდან რომ გახვალ, მაინც ჩვენთვის იმუშავებო... ეს ამბავი "რუსთავი 2"-ის დაწყებულია და ეს უფრო მიმძაფრებს ეჭვებს. მას შემდეგ, რაც 17 კაცი დაიჭირეს, ატყდა ისტერიკა, რადგან პირველწყაროზეც გადიოდნენ, დამკვეთზეც, ამიტომაც სხვა მიმართულება აიღეს.
ვფიქრობ, ამ საქმეში "ნაციონალების" ანუ დამკვეთების ხელი ურევია, იმ ხალხის, ვინც ცხრა წელი ქვეყანა მორალურად გაანადგურა.
ვერსია, რომ ამას დღევანდელი უშიშროების სამსახური აკეთებს, ეს ალოგიკურია. შანტაჟის, ამორალური ქმედებისა და ყველა სიბინძურის მომგონი "ნაციონალები" იყვნენ. ეს მათი ხელწერაა - როცა კაცს ამ დღეში ჩააგდებ, მერე ის მართლაც ყველაფერზე მიდის...
- "ნაციონალებმა" მოახერხეს ამ ვიდეოს ციხეში შეგზავნა და ანდრეევს აატვირთინეს? - როდესაც პატიმარს ციხეში ტელეფონი და ინტერნეტი აქვს, იქ ყველაფერია შესაძლებელი. გადაუგორებ ფირს ან სულაც შეუტან - არც ეგ არის ძნელი...
ყველამ იცის, რომ მხოლოდ სასამართლოსა და პროკურატურაში არ იყო ეს კადრები - ეს თავის მოტყუებაა. დარწმუნებული ვარ, როცა ქვეყნიდან გაიქცნენ, ადეიშვილებმა, ახალაიებმა და ქარდავებმა ყველაფერი თან გაიყოლეს. არავინ იცის, კიდევ ვისი ვიდეო სად ამოვარდება.
კიდევ ერთი მიზეზი - "ნაციონალებს" ხელს აძლევთ, რომ ბესელიას "ოცნებასთან" ურთიერთობა დაეძAაბა და ფიქრობენ, მოდი, ეგება ეს ადამიანი ისე გავამწაროთ და ისე გადავიყვანოთ ჭკუიდან, რომ ამ ხელისუფლებაზე ალაპარაკდესო. "ნაციონალების" ხელწერა უფრო მგონია, ვიდრე - ბესელიასთან დაპირისპირებული "ოცნების" დაჯგუფების. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე "დავერბოვკებული" ყოფილი პატიმარი გამოიყენეს ამ ფირის გასავრცელებლად.
- რატომ გამორიცხავთ, რომ ფირი ხელისუფლებასთან დაპირისპირებული რომელიმე სახელისუფლებო დაჯგუფებას გაევრცელებინა? - ვერსიის დონეზე, ესეც დასაშვებია, მით უმეტეს, როცა ზარდიაშვილი გყავს პარლამენტში. ის იყო მაგათი ხელისბიჭი და არაფერი გამიკვირდება. ბესელიასთან დაპირისპირებული მოსამართლეების მხრიდანაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო, თუმცა უფრო "ნაციონალების" ხელწერას ჰგავს.
- ანდრეევს თუ ბრალს წაუყენებენ, მისი ექსტრადირება შესაძლებელია?
- ამ პროცედურაში ბევრი ნიუანსია. ეს დამოკიდებულია სასჯელის ზომაზე და ა.შ. მოკლედ, სომხეთი უნდა გადმოგცემს, უნდა - არა.
- როგორც ვიცი, თუ იქ ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო დიდი სასჯელი ელოდება, დატოვებენ, არა? - ასეა. უპირატესობა ენიჭება დამკავებელ ქვეყანას და აქვს უფლება, არ გადმოგვცეს დამნაშავე, მით უმეტეს - თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.
ვინც ეს სიბინძურე დაგეგმა, ისიც გაითვალისწინა, რომ ამ ფირების ამტვირთავი საქართველოში არ უნდა იყოს, რათა ქართველმა სამართალდამცველებმა არ ათქმევინონ, ვინ დგას ამის უკან.
მე ვიცნობ იმ ადამიანებს, ვისაც ფარულად გადაუღეს. ისინი პოლიტიკასთან დაკავშირებული არიან და ინტიმური კადრებით აშანტაჟებდნენ. ახლა მთავარია, დადგინდეს პირველწყარო - ვინ მისცა ანდრეევს ეს კადრები და ვინ იყენებს მას.