ანტიკვარული "ჯართი"
როცა ყველაფერი ძველი წარსულს ბარდება, წესით, გული არ უნდა დაგწყდეს, სიახლე რომ არ იყოს, ცხოვრება ხომ არ იქნებოდა საინტერესო! საბჭოთა ავტომანქანებიც უკვე ჯართში მიდის, თუმცა მანქანაც არის და მანქანაც - ზოგიერთი უკვე რელიკვიაა და ძალიან ძვირად ღირებულიც. არ დაიჯერებთ და, ჯართის მიმღებ პუნქტებში თურმე ანტიკვარული საბჭოთა ავტომანქანებიც მოხვედრილა. ამას ჯართის მიმღები პუნქტების მეპატრონეებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა ანტიკვარული "ჯართი" პატრონს ჯართად ჩაუბარებია, ზოგიერთ უვიცს კი ნაწილებად დაუჭრია და გაუყიდია. თბილისის რარიტეტული ავტომუზეუმის რესტავრატორი გიორგი სპანდერიშვილი დიდი ხანია ანტიკვარულ მანქანებს აახლებს. ჯართში მასაც აღმოუჩენია ანტიკვარული მანქანები.
- ჩვენი მუზეუმის მეპატრონე საბჭოთა ავტომანქანებს 20 წელიწადია აგროვებს, მე კი მათ რესტავრირებას ვუკეთებ. დაახლოებით 60-მდე ძველი მანქანა გავაახლეთ. ყველა უნიკალურია. მათ შორის, მაგალითად, 1933 წელს გამოშვებული საბჭოთა პიკაპია, რომელიც მსოფლიოში 4-5 ცალიღა თუ იქნება შემორჩენილი, ე.წ. ჩორნი ვარონკებიც ძალიან ძველი მანქანებია, რომლებითაც საბჭოთა მაღალჩინოსნებს რეპრესირებული ხალხი გადაჰყავდათ.
ჯართიდან მართლაც ამოვიღეთ ზოგიერთი მანქანა, მაგალითად, 1962 წელს გამოშვებული "გაზ-21" და "მოსკვიჩი 408". წლები მათ ეგზოტიკურობას მატებს.
- გავოცდი, როცა ჯართის ბაზარზე მითხრეს, აქ სტალინამდე გამოშვებული ავტომანქანებიც დაუჭრიათო. - არ გაგიკვირდეთ... მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ წნორის ჯართის მიმღებ პუნქტში სტალინის სახელობის ავტოქარხანაში გამოშვებული "PBC 110" ვნახეთ, სამ-ოთხ ადგილზე იყო გადაჩეხილი და კინაღამ გული წაგვივიდა. როცა ამ ხალხს ვუთხარით, ეს რა გიქნიათ-მეთქი, ვერც გაიგეს, რა დააშავეს.
ძველი ავტომანქანების კოლექციონერებმა საქართველოდან უამრავი მანქანა გაზიდეს. ვარკეთილში საკუთარი თვალით ვნახე კორპუსის წინ გაჩერებული პირველი საბჭოთა მიკროავტობუსი, ასეთი, ალბათ, 2-3 ცალიღა თუ არის დარჩენილი ყოფილ საბჭოთა სივრცეში. როდესაც სადგომიდან გაქრა, მოვიკითხე და მითხრეს, პატრონმა 20.000 დოლარად გაყიდა მოსკოვშიო.
- საბჭოთა ავტომანქანის ჯართად ჩაბარებისას რამდენს იხდიან? - თუ ტონას აღწევს, შეიძლება 300 ლარიც გადაიხადონ. ძველი მანქანები მთლიანად ლითონისგან არის ჩამოსხმული და წონაც მეტი აქვთ, თანამედროვე მანქანებს კი, ძირითადად, პლასტმასის ნაწილებით აწყობენ.
გაცოცხლებული წარსული
რარიტეტულ ნივთებს, მათ შორის ავტომანქანებს, განუმეორებელი ხიბლი აქვთ, ისინი ისტორიას აცოცხლებენ. ასეა თბილისის რარიტეტული ავტომანქანების მუზეუმშიც, სადაც მაღალი ეშელონების პირების ავტომობილებსაც შეხვდებით.
აქ ინახება ცნობილი საბჭოთა ლიდერის, კონსტანტინ ჩერნენკოს 8-მეტრიანი ჯავშნიანი ლიმუზინი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოიყვანეს, ასევე ასლან აბაშიძის ძვირად ღირებული "ჩაიკა".
განსაკუთრებული ემოციაა დაკავშირებული GAZ -M 1-თან. სწორედ ამ მარკის ავტომანქანის საჭესთან იჯდა მუნჯი კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმში მოთავსებული მანქანა მსახიობის არ აღმოჩნდა, მის დანახვაზე ნატო ვაჩნაძის ვაჟს, ცნობილ რეჟისორ ელდარ შენგელაიას ცრემლი მოერია. მას მანქანამ ბავშვობა გაახსენა. შემდგომში მსახიობს ავტომანქანა ჩამოართვეს და მისი კვალი საბჭოთა წარსულში ჩაიკარგა.
მუზეუმის თანამშრომლების თქმით, საბჭოთა მანქანების ძირითადი ნაწილი ამჟამად სოფლებშია შემორჩენილი.