თურქულ-ქართული ხეოთი
ახალციხის სოფელ ხეოთიდან 50-ოდე კილომეტრში, თურქეთის ტერიტორიაზე, თითქმის პირვანდელი სახით არის შემორჩენილი ძველი მესხური სოფელი ხეოთი
საქართველოს ისტორიის დიდი ნაწილი ისეა მიკარგული უცხო მიწებზე, შეიძლება ვეღარც მივაგნოთ. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ თუ გულსაკლავად, კვალი ბევრგან ისევ არის და თაობიდან თაობაში ხსოვნად გადადის. ახალციხის სოფელ ხეოთიდან სულ 50-ოდე კილომეტრში, თურქეთის ტერიტორიაზე, თითქმის პირვანდელი სახით არის შემორჩენილი ძველი მესხური სოფელი ხეოთი, რომელიც ნებისმიერ მნახველს მონუსხავს უძველესი ქართული არქიტექტურით, ქართველს კი გულს სევდასთან ერთად სიამაყით აღუვსებს. თურქულ ხეოთს უცხო მიწაზე მოუვლელობამ უნებურად ერთი კარგი საქმე მაინც გაუკეთა, ქართული ელფერი და უნიკალური მესხური ტერასოვანი სახლები შეუნარჩუნა. რაც შეეხება ქართულ ხეოთს ახალციხეში, აქ მესხური არქიტექტურა აღარ არსებობს, თუმცა უძველესი ქრისტიანული არქიტექტურის კვალი მაინც არის შემორჩენილი. როდესაც ისტორიკოს რეზო ანდღულაძეს ვკითხე, რატომ უნდა რქმეოდა ერთმანეთთან ასე ახლომდებარე სოფლებს ერთნაირი სახელები, მიპასუხა:
- ორი მდინარის ხეობაში მოქცეულ ადგილებს მესხები ხეოთს არქმევდნენ, ეს ორივე ხეოთიც მდინარეებს შორის არის მოქცეული. ის ტერიტორია, რომელზეც ახლა თურქული სოფელი ხეოთია, ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ჩამოგვაჭრა თურქეთმა. Mმერე მესხეთის სხვა ტერიტორიებიც მიიტაცეს, რომელიც მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში დაგვიბრუნდა. მეცხრამეტე საუკუნეში ხეოთი ისევ ჩვენი გახდა, მაგრამ ბოლშევიკებმა ისევ თურქეთს აჩუქეს.
- როცა ამ სოფლის უძველეს არქიტექტურას უყურებ, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს მისთვის დამპყრობელს აღარ ეცალა და ხეოთელები თავიანთ ბანიან სახლებში იყვნენ შეყუჟული. - შეიძლება ასეც იყო, გარდა გამუსლიმანებისა, სოფელი ისევ ისეთივე წესებით ცხოვრობდა, როგორითაც თავის უძველეს ბანიან სახლებში. ასეთ არქიტექტურას, როცა სახლს ფანჯრები არ ჰქონდა და სინათლე ჭერიდან ჩამოდიოდა, გარდა თავდაცვითი მნიშვნელობისა, სხვა დანიშნულებაც ჰქონდა: მესხეთში სახნავ-სათესი მიწები ნაკლებად იყო, ამიტომ ხალხი მათ საცხოვრებლად არ ხარჯავდა. ერჩივნათ, კლდეები გამოეყენებინათ საცხოვრებლად, სახლები ტერასულად აეგოთ. ამ სოფელსაც აკლდა, ალბათ, მიწა და ბანიანი არქიტექტურა ამიტომაც შენარჩუნდა.
- რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ ხეოთს? - 1944 წელს აქაური მუსლიმანი მესხები ბოლშევიკებმა გადაასახლეს, ახალმა მოსახლეობამ კი ბანიანი სახლები დაანგრია და ახალი ააგო. თუმცა იქ, სადაც ძირძველი მესხები ცხოვრობენ, მაგალითად, სოფელ საროში, დღესაც არის ბანიანი სახლები. ახალციხის სოფელ ხეოთში კი სიძველის ნიშნად ქრისტიანული კულტურაა შემორჩენილი. მათ შორის წმინდა ბარბარეს ტაძარი. გადმოცემით, ის მეთხუთმეტე საუკუნეში აუშენებია სამ ძმას: ვახტანგს, საბასა და მანძულას. შემდეგ გამუსლიმანების შიშით ძმები სოფლიდან აყრილან, მათ შთამომავლებს გვარი წინაპრების სახელებისგან მიუღიათ: ვახტანგიშვილები, მანძულაშვილები და საბაძეები გამხდარან. დრომ ტაძრის სამრეკლო ჩამოაქცია და ასე იყო მეოცე საუკუნის დასასრულამდე. საუკუნის მიწურულს კი სამრეკლო ვახტანგაშვილის შთამომავალმა აღადგინა, ხეოთელი ვყოფილვარ და ჩემი წინაპრების აშენებულ ტაძარს უნდა ვუპატრონოო. უპატრონა კიდეც.