"ჩავედი ბათირაშვილთან და დიდხანს ვარწმუნებდი, რომ "ხალიფატი" არ იყო ის გზა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მუსლიმ ალ შიშანთან
"საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა, ჩვენ იქ დავიბადეთ, ჩვენი ნათესავები და ყველა ის ხალხი, ვინც გვიყვარს, იქ არიან, ჩემი ცხოვრების ყველაზე სანუკვარი ხანა - ბავშვობა სწორედ საქართველოში გავატარე და დღეს თუ რამე მსურს, იმ ადგილებში გავლა და ჩემი ნათესავების, მეგობრებისა და თანასოფლელების მონახულებაა...."
მას შემდეგ, რაც მუსლიმ ალ შიშანი (მურად მარგოშვილი) აშშ-მა და გაერომ 2014 წელს საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, ვცდილობდი მასთან ინტერვიუს მოპოვებას.
მუსლიმ ალ შიშანი სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დაჯგუფება "ჯუნუდ აშ შამის" ("სირიის მებრძოლები") მეთაურია. ის წლების განმავლობაში იბრძოდა ჩეჩნეთში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის, იყო "კავკასიის ემირატის" გავლენიანი მეთაური და დოკუ უმაროვის გარემოცვის უახლოესი წევრი. ამჟამად სირიაში, ლატაკიაში იბრძვის. სწორედ სირიიდან დაგვთანხმდა, სპეციალურად ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის ინტერვიუ მოეცა.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მუსლიმ ალ შიშანთან, რომელიც სხვა საინტერესო თემებთან ერთად, აგვისტოს ომზე, ლაფანყურის სპეცოპერაციასა და "ჩატაევის საქმეზეც" საუბრობს.
- თქვენ ჩეჩნეთის ომების მონაწილე ხართ. მას შემდეგ კიდევ დიდხანს იბრძოდით იატაკქვეშ რუსეთის წინააღმდეგ. დაგაკავეს მოზდოკში ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით. მართალია, რომ როცა თქვენ ნაფიცმა მსაჯულებმა გაგამართლეს, ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმს სასამართლოდან თქვენი გატაცება უნდოდა? სხვათა შორის, თქვენს სასამართლო პროცესებს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია აშუქებდა.
- დიახ, მე ვარ ამ ომების მონაწილე, ჩემს ხალხს ვიცავდი ოკუპანტებისგან. თუმცა მე არა ვარ ტერორისტი და არასდროს მომიწყვია ტერაქტები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, პირიქით, ვებრძოდი მათ, ვინც იარაღით ხელში მოვიდა ჩემს მიწაზე და ჩემი ხალხი დაატერორა, აწამა და დახოცა.
2003 წელს რუსებმა დამაკავეს და სასტიკად მაწამეს. ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა წამიყენეს. იმ დროისთვის ეს რიგითი მებრძოლისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გამოძიებამ ვერაფერი დამიმტკიცა, გარდა მონაწილეობისა და ნაზრანის სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა. ვინაიდან გამოძიება ორ წელს მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, გათავისუფლება მიწევდა. ФСБ განაჩენით უკმაყოფილო დარჩა და იმავე საქმის გამოძიება ბანდიტიზმის მუხლით წამოიწყო - მომაწერეს მოზდოკის ტერაქტები. ერთი სიტყვით, ვერც ეს დამიმტკიცეს და იმის გამო, რომ ერთსა და იმავე საქმეზე განაჩენი მეორედ არ დგება, ორი წლისა და ოთხი თვის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლეს. როდესაც ФСБ მიხვდა, რომ ჩემი დარბაზიდან გათავისუფლება უკვე რეალური იყო, სპეცდანიშნულების რაზმმა სასამართლოს შენობა ალყაში მოაქცია, თუმცა დიდება უფალს, ბადრაგის თანამშრომლებმა იყოჩაღეს და გამომაპარეს.
- პანკისის ხეობაში დადიოდა ხმა, რომ თქვენ სხვა ქისტებთან ერთად მზად იყავით 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ცხინვალში გებრძოლათ. - ეს მართალია, როდესაც გავიგეთ, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოდიოდა, საქართველოს ხელისუფლებას დახმარება შევთავაზეთ. თავიდან გვითხრეს, დაიცადეთ და როცა თქვენი დახმარება დაგვჭირდება, აუცილებლად დაგიძახებთო. რამდენიმე ხნის შემდეგ მართლაც მოვიდა კაცი და გვითხრა, სიტუაცია უმძიმესია და თქვენი დახმარებაა საჭიროო.
ამ დროისთვის ისედაც მზად ვიყავით, რადგან ვგრძნობდით სიტუაციის სიმძიმეს. იმავე საღამოს შევკრიბეთ 200 კაცზე მეტი და პირველი ჯგუფი გავგზავნეთ, დანარჩენები თბილისში გათენებამდე უნდა ჩასულიყვნენ. უკვე გვიანი ღამე იყო, როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, მოიცადეთო. იმ დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ჩამოფრინდა და მოლაპარაკების შემდეგ ომიც შეწყდა. ჩვენი გაგზავნილი ჯგუფი უკან დავაბრუნეთ. აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან საქართველო ჩვენი სამშობლოა, ეს იყო საერთო გასაჭირი და არ შეგვეძლო ასეთ დროს განზე გადგომა.
- ალბათ, მოვა დრო და აგვისტოს ომზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მინდა გკითხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს: რა მოხდა ლაფანყურში და რატომ გამოჩნდა თქვენი სახელი დღემდე გაუხსნელ საქმეში? ერთგან თქვით კიდეც, რომ სირიაში სწორედ ლაფანყურის შემდეგ წახვედით. რატომ სირიაში და არა უკრაინაში, სადაც ასევე შეიძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა? - მე სირიაში ლაფანყურის შემდეგ კი არა, ლაფანყურამდე წავედი, ის ცნობილი მოვლენები ჩემი წასვლიდან თვე-ნახევარში მოხდა. დიდება უფალს, არანაირი შეხება არ მქონია ამ საქმესთან. არ მინდა ჩავუღრმავდე დეტალებს, თუმცა გეტყვით, რომ დიახ, მე ვცდილობდი დავხმარებოდი ჩემს ძმებს ჩეჩნეთში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით საქართველოს არ ვაზარალებდი... თავიდან ვახერხებდი მთელი პროცესის გაკონტროლებას, ბოლოს დავინახე, რომ "კავკასიის ემირატის" ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობდა ჩემთვის ხელიდან წაეღლიტა ყველაფერი. ისიც ცხადი გახდა, რომ კონტროლს ვკარგავდი. ამის შესახებ წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში (ამ ინტერვიუს ამონარიდი 2013 წელს "კვირის პალიტრაშიც" დაიბეჭდა. - ავტ.) დაწვრილებით ვისაუბრე. რადგან არ ვენდობოდი ადამიანებს, რომლებმაც ეს პროცესი ხელში აიღეს და რაც უნდა მომხდარიყო, ვიცოდი, ყველაფერი მაინც მე დამბრალდებოდა, საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე. მე მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, ასე შორს თუ შეტოპავდნენ...
სირიაში წავედი იმ ადამიანებთან, რომლებმაც დახმარება მთხოვეს. უკრაინას მაშინ მთელი ევროპა უჭერდა მხარს, როცა ასადის რეჟიმი ათასობით თავის მოქალაქეს ხოცავდა.
- დახმარება ახსენეთ და, რა სახის დახმარებას ითხოვდნენ სირიელები? იქნებ თქვენი დაჯგუფების, "ჯუნუდ აშ შამის" ("სირიის მებრძოლები") შესახებაც მოგვითხროთ რამე. - 2012 წლის ზაფხულში რამდენიმე მუსლიმმა, რომლებიც იმ დროისთვის სირიაში იმყოფებოდნენ, შემომითვალა, დაგვეხმარეო. უნდოდათ სირიელებისთვის ბრძოლა მესწავლებინა, რადგან ამ საქმეში ძალიან სუსტები იყვნენ. სირიაში ჩემი ჩამოსვლისთანავე გამოყვეს ტერიტორია, სადაც სასწავლო ცენტრი გავაკეთე. დავიწყეთ ადგილობრივი ახალგაზრდების მომზადება. თავიდან ვფიქრობდი, ამერჩია რომელიმე დაჯგუფება და მათი ხელმძღვანელობით გვემუშავა, თუმცა მალევე დავინახე, რომ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო და თუ რომელიმე ერთს შევუერთდებოდი, ვეღარ შევძლებდი მეორის დახმარებას. ამიტომ გადავწყვიტე, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი და დავხმარებოდი ყველას. ჩემს მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენდა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გაძლიერება. მე ხალხის დახმარება მინდოდა. სწორედ ამ განზრახვით ჩამოვედი სირიაში. რაღაც პერიოდის შემდეგ ნათელი შეიქნა, რომ ჩვენი დახმარება ბრძოლის ველზეც საჭირო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ასადის ძალებისგან დიდი ტერიტორიები "იწმინდებოდა", მებრძოლების დანაკარგი ძალიან დიდი იყო და ეს მხოლოდ მათი გამოუცდელობის შედეგი გახლდათ.
მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად, რომელიც ჩემთან ერთად სირიაში ჩამოვიდა, გადავწყვიტე, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ჩავრთულიყავით სამხედრო ოპერაციებში და ასე დაგვეჭირა მხარი იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ. როცა მოჯაჰედებმა დაინახეს, რომ გამოცდილება გვქონდა და ოპერაციების კარგად დაგეგმვა-ჩატარება შეგვეძლო, ჩვენთან მოსვლა დაიწყეს. მათ შორის იყვნენ როგორც მუჰაჯირები (იმიგრანტები), ასევე ანსარები (ადგილობრივები).
იყო დრო, როცა ადგილობრივი დაჯგუფებების ლიდერები გვთხოვდნენ, მათი ხალხი არ მიგვეღო ჩვენს რიგებში, რადგან ეშინოდათ, ერთ დღესაც მებრძოლების გარეშე არ დარჩენილიყვნენ.
ჩვენ არ გვინდოდა დიდი დაჯგუფების შექმნა, სხვებისთვის კონკურენციის გაწევა და მტრად გადაკიდება. ისედაც ძალიან ბევრი დაჯგუფება იყო, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად მტრობდნენ. ამიტომ ჩვენს რიგებში ვიღებდით იმ მუჰაჯირებს, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ და შეეძლოთ დაგვხმარებოდნენ როგორც სასწავლო ცენტრში, ისე მეწინავე ხაზზე.
თავიდან ჩემს ძმებს არ ვაძლევდი უფლებას, ჩვენი დაჯგუფებისთვის სახელი დაგვერქმია, უბრალოდ, ჩეჩნურ დაჯგუფებად მოგვიხსენიებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენს რიგებში სხვადასხვა ეროვნების მებრძოლები გამოჩნდნენ, "ჩეჩნურ დაჯგუფებას" შეიძლებოდა უკმაყოფილება გამოეწვია და ამიტომაც მას""ჯუნუდ აშ შამი", ანუ "სირიის მებრძოლები" ვუწოდეთ. დღემდე ამ სახელით გვიცნობს ყველა. ჩვენი პოზიცია როგორც ადრე, ახლაც უცვლელია: არ ვერევით დაჯგუფებების შიდა კონფლიქტებში. ჩვენი მიზანიც იგივეა: დავეხმაროთ ხალხს! ამიტომაც იქ, სადაც ჩვენ ვართ, პატივს გვცემენ.
- ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ იღებდით დაჯგუფებაში პანკისელ მოხალისეებს, მათი გამოუცდელობის გამო თუ უბრალოდ, არ ენდობოდით. თქვენ გვერდით მხოლოდ ზურა ალხანაშვილი ("ჭაღარა") ჩანს... - უნდობლობა არაფერ შუაშია. ჩვენებს კარგად ვიცნობ და ჯგუფშიც მივიღე, თუმცა რამდენიმე. საქმე ის არის, რომ პანკისის ხეობაში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. როდესაც სირიაში ვინმე ჩამოდიოდა, პანკისში ჩემი ნათესავები ზარალდებოდნენ, მე კი არ მინდოდა ჩემს მშობლებს პრობლემები შეჰქმნოდა. რა თქმა უნდა, ხეობელი მოხალისეების მხარდაჭერა ბევრს ნიშნავდა, რადგან ასეთ ადგილებში ძალიან გვჭირდება ერთგული ადამიანები.
- სირიაში ჩასვლისას როგორი იყო თქვენი ურთიერთობა "კავკასიის ემირატთან"? იყო დრო, როცა ბევრი ფიქრობდა, ერთ მშვენიერ დღეს "კავკასიის ემირატის" ახალი ემირი გახდებოდით. არ დაგიმალავთ და, მეც ასე ვფიქრობდი, მთავარი ემირის, აისჰაბ კებეკოვის სიკვდილის შემდეგ სტატიაც კი დავწერე სათაურით: "ემირი მოკვდა, გაუმარჯოს ემირს!". - როგორც უკვე აღვნიშნე, ვცდილობდი დავხმარებოდი ჩვენს ძმებს ჩეჩნეთში. პოლიტიკას, რომელსაც ისინი ბოლო დროს ატარებდნენ, არ ვეთანხმებოდი, მაგრამ არც ეს გვიშლიდა ხელს ერთად მუშაობაში. თუმცა ის, რაც ხდებოდა ჩეჩნეთის გარეთ, "კავკასიის ემირატის" წარმომადგენლებში, მიუღებელი იყო. სირიაში იმედგაცრუებული წავედი. გადავწყვიტე, ამ ყველაფრისგან თავი შორს დამეჭირა. რაც შეეხება მთავარი ემირის თანამდებობას, მისი დაკავება არასდროს მიფიქრია.
- თარხან ბათირაშვილს თუ იცნობდით? როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია მან "ისლამური სახელმწიფო" და თქვენ რატომ არ შეაჩერეთ არჩევანი "ხალიფატზე"? იმხანად ხომ "ისლამურ სახელმწიფოს" ჰქონდა დიდი რესურსი: ფული, დიდება და ტერიტორიებიც კი? თქვენთვის მათი ბრძოლის მეთოდები მიუღებელი იყო? - ბათირაშვილს ხეობიდანვე დადებითი კუთხით ვიცნობდი. აქაც კავშირს ვინარჩუნებდით. როდესაც გაყოფა მოხდა "ხალიფატის" გამოცხადება. - ავტ.), ჩავედი მასთან და დიდხანს ვარწმუნებდი, რომ "ხალიფატი" არ იყო ის გზა, რომელიც ჩვენ თავიდან ავირჩიეთ და ამ სისასტიკეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ისლამთან. სამწუხაროდ, ეს არჩევანი თარხანმა გამოუცდელობის გამო გააკეთა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, "ხალიფატის" "ხმამაღალი" სახელის გამო. რა თქმა უნდა, მხარს ვერ დავუჭერდი იმ სისასტიკეს, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ. ვფიქრობ, მათ მუსლიმები უფრო მეტი დახოცეს, ვიდრე "მტრები".
როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხეს მოციქულმა და მისმა მიმდევრებმა რამდენიმე ათეულ წელიწადში ამხელა ტერიტორიებისა და ერების გაერთიანება? იმიტომ კი არა, რომ ეს ერები ჩვენი რელიგიის არსს მალევე სწვდებოდნენ, არამედ მათ შორის ისეთ სამართლიანობას ნერგავდნენ, რაზეც მანამდე ამ ხალხს ძველი მმართველების ხელში ოცნებაც არ შეეძლო. მოციქულის გულისხმიერება ყოველთვის წინ უსწრებდა მის რისხვას. მოციქული ყოველი ლაშქრობის წინ კრძალავდა ქალების, ბავშვების, მოხუცების, უბრალო მშრომელებისა და სასულიერო პირების დახოცვას. ასევე კრძალავდა ხეებისა და ნათესების განადგურებას, ითხოვდა, ტყვეებს კარგად მოჰქცეოდნენ, ეჭმიათ ის, რასაც თავად მიირთმევდნენ. დაპყრობილთ არ აიძულებდა ისლამის მიღებას და ხალხი თავის რწმენაში რჩებოდა, თუმცა მათ გადასახადი უნდა გადაეხადათ, წელიწადში ორი გრამი ოქრო. სამაგიეროდ, უსაფრთხო პირობებს უქმნიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან უბრუნებდნენ გადასახადს. აი, ეს არის ჭეშმარიტი ისლამი, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ყველაფერი დანარჩენი კი არის მუსლიმების მიერ საკუთარი რელიგიის არასწორი აღქმა. ამიტომ ვხედავთ მათგან რადიკალურ ქმედებებს...
- დროდადრო "ისლამური ხალიფატისგან" საქართველოს მიმართ მუქარები ისმოდა. ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ? - "ხალიფატმა" ასეთი მუქარებით მუსლიმებისა თუ არამუსლიმების წინააღმდეგ მთელი მსოფლიო აამხედრა და დღეს ვხედავთ ამ პოლიტიკის შედეგებს. დღემდე სადაც გამოჩნდებიან, ყველგან მტრობას აჩაღებენ, პირველ რიგში, მუსლიმებს შორის, შემდეგ კი ერთმანეთის სისხლსაც ღვრიან. ამიტომ ჩვენ არ გავდგებით განზე და ყველაფერს გავაკეთებთ მათ შესაჩერებლად. ვფიქრობ, საქართველოში მათ ძალიან ცოტა მუსლიმი თუ გაჰყვება.
თუ შევადარებთ იმ უსამართლობას, რომელიც მსოფლიოში მუსლიმების წინააღმდეგ ხდება, და ბალანსს, რომელსაც საქართველო კონფესიებს შორის იცავს (როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების დროს), გარწმუნებთ, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც ყველაზე მეტს გაჰყვირიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, მაგალითი საქართველოსგან უნდა აიღონ. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა, ჩვენ იქ დავიბადეთ, ჩვენი ნათესავები და ყველა ის ხალხი, ვინც გვიყვარს, იქ არიან, ჩემი ცხოვრების ყველაზე სანუკვარი ხანა - ბავშვობა სწორედ საქართველოში გავატარე და დღეს თუ რამე მსურს, იმ ადგილებში გავლა და ჩემი ნათესავების, მეგობრებისა და თანასოფლელების მონახულებაა.
- რას ნიშნავს იბრძოდე ასადის რეჟიმის წინააღმდეგ? როგორ ფიქრობთ, თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოიყენეთ? - იბრძოლო ვინმეს წინააღმდეგ, ვინც უნდა იყოს ის, ყოველთვის ცუდია, მაგრამ მამაკაცებს უფალი გვავალდებულებს, დავიცვათ სუსტი და დაჩაგრული, თუ ჩვენ უფლის მსახურება გვინდა, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. როცა ხედავ, უდანაშაულო ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს ბომბავენ, წამლავენ ქიმიური იარაღით, ხვდები, რატომ გვაკისრია მამაკაცებს ეს ვალდებულება. მსხვერპლის 90% ხომ მშვიდობიანი მოსახლეობაა?! ის, რაც სირიაში ხდებოდა, ჩვენ ჩეჩნეთში გავიარეთ, როცა ჩვენს ახლობლებს მხეცურად ხოცავდნენ. ვის შეეძლო ჩვენზე უკეთ გაეგო სირიელებისთვის, როცა ისინიც ასეთივე საშინელ დღეში ჩაცვივდნენ. რაც შეეხება ომს და გავაკეთეთ თუ არა ის, რაც შეგვეძლო, მიმაჩნია, რომ ჩვენი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოვიყენეთ. აქ შეზღუდული ვართ ფინანსებსა და ტყვია-წამალში. ამიტომ იძულებული ვიყავით სამხედრო ოპერაციებში დავმორჩილებოდით გამოუცდელ ადამიანებს, რის გამოც ხშირი იყო უაზრო მსხვერპლი. თუმცა ასეთ დროსაც ვახერხებდით, ჩემს მებრძოლებში დანაკარგი არ ყოფილიყო. იმედია, ადრე თუ გვიან, ხალხს მოსწყინდება უნიჭო მეთაურობანას თამაში და მათ შორის ღირსეულნი აიღებენ ხელში სადავეებს. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მათ სათანადოდ დახმარებას.
- რატომ აღმოჩნდა სირიაში "ჯიჰადი" უშედეგო და რატომ იწოდება სირიის კონფლიქტი როგორც "ომი ყველა ყველას წინააღმდეგ". ის ხომ ერთი საერთო მტრის, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო? როგორც აღმოჩნდა, ჩასულებმაც კი ქალების, ბავშვებისა და მუსლიმთა ხოცვა დაიწყეთ. - დიახ, თავდაპირველად, როდესაც სირიაში ხალხი გაერთიანდა და დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდა, წარმატებით მიდიოდა ასადის ძალების ყველა კუთხიდან გამოდევნის ოპერაცია. თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტულ ქვეყნებს (დეტალებში არ შევალ) აქვთ თავიანთი ინტერესები, მათ საკუთარი თამაში წამოიწყეს და ამ ხალხის, როგორც საზარბაზნე ხორცის, გამოყენება დაიწყეს. სამწუხაროდ, ყველა ხალხში მოიძებნებიან ისეთები, ვინც მზად არიან საკუთარი ხალხის ინტერესები ამქვეყნიურ ცდუნებებში გაცვალონ. სწორედ ასეთების გამოყენება დაიწყეს თამაშში ჩართულმა ქვეყნებმა და ხალხში განხეთქილება დათესეს, შემდეგ კი დაპირისპირებული მხარეების დაფინანსებაც. პირველად სწორედ სირიაში ვიგრძენი ამ "შავი თამაშის" მასშტაბი. ეს ქვეყნები მედიის დახმარებით შავს თეთრად ასაღებენ და მსოფლიოს თავს მხსნელებად აჩვენებენ, არადა, თავად სჩადიან ჯოჯოხეთურ ბოროტებას.
- როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს სირიაში და რა შანსი აქვთ მოჯაჰედებს? - იმედია, ხალხი მიხვდება, რა ხდება სინამდვილეში, აღარ დაეყრდნობა სხვა ქვეყნებს და გაერთიანდება, როგორც ეს დასაწყისში იყო. ვფიქრობ, ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
- თქვენზე ამბობდნენ, რომ ჩართული იყავით თურქეთის "ზეთისხილის რტოს" სამხედრო ოპერაციაში, რომელიც 2018 წელს აფრინში ქურთი დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარეობდა და თურქ სამხედროებს ეხმარებოდით. თქვენ ეს ბოლო ინტერვიუში უარყავით, თუმცა მე მაინც მინდა გკითხოთ... - მართალი ხართ, ამაზე ბევრს წერდნენ და მეც რამდენჯერმე მომიწია უარყოფამ, თუმცა, როგორც ყოველთვის, რასაც ჩემზე ამბობენ, ძალიან მალე ვრცელდება, ჩემი პოზიცია კი - ნაკლებად. ამის გარდა, კიდევ ბევრი რამ მომაწერეს, თუმცა, რადგან მედიასთან წვდომა შეზღუდული მაქვს, ყველაფერი ისევ ისე რჩება.
ზემოხსენებულ სამხედრო ოპერაციაში არ ვმონაწილეობდი, იმ პერიოდში ჩვენ ჰამას პროვინციაში ვიყავით, რადგან მაშინ მტერმა შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და შეტევაზე გადმოვიდა.
- რას ფიქრობთ შარშან თბილისში დატრიალებულ მოვლენებზე? "ჩატაევის საქმეს" ვგულისხმობ. მოახდენს ეს გავლენას სირიაში მებრძოლი ჩვენი თანამოქალაქეების მომავალზე, თუნდაც ისინი არ იბრძოდნენ "ხალიფატის" რიგებში? - "ჩატაევის საქმე" განსაკუთრებულია. არ ვიცი, რატომ არ გაასამართლა ის ქუჩაში "კავკასიის ემირატმა" შარიათის სასამართლოთი. ვიცი, რომ დოკუ უმაროვმა თავის დროზე უმკაცრესი ბრძანება გასცა, გარკვეულიყვნენ იმ ამბებში, რაც ლაფანყურში მოხდა და მკაცრად დაესაჯათ დამნაშავეები. ეს ადამიანი უკვე მკვდარია და არ მინდა ამ შემთხვევის დეტალები წამოვწიო, თუმცა მოკლედ ვიტყვი: ამ კაცმა დაარღვია მთავარი ემირის ბრძანება, რომელიც ამბობდა, რომ არაფერი უნდა გაკეთებულიყო საქართველოში ისეთი, რაც ჩვენს ურთიერთობას დააზიანებდა. ამ კაცმა დაარღვია შეთანხმება, რომლის დაცვა ყველა მუსლიმს ევალება, თუნდაც ის არამორწმუნესთან იყოს დადებული. ამით უმადურობა გამოხატა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ის ერთ დროს ФСБ-ს, ფაქტობრივად, ხელიდან გამოჰგლიჯა. ჩატაევის მოქმედებას გამართლება არა აქვს.
- ჩემი ინფორმაციით, 2-3 თვის წინ იდლიბში გესროლეს. ამ ამბავში თქვენი თანახეობელიც მონაწილეობდა, რომელიც დღეს უკვე მკვდარია. ალბათ, საწყენია, როცა უცხო მიწაზე, სხვის ომში, თანამოძმე გემტერებათ. - ეს ინფორმაცია ბოლომდე მართალი არ არის, მე კი არ მესროლეს, ჩვენ მანამდე მივიღეთ ზომები, სანამ ის მოასწრებდა, რაიმე ცუდის გაკეთებას და ეს ინციდენტი აღვკვეთეთ.
ძალიან საწყენია, როცა გღალატობს ის, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები. ასეთი რამ ხდება ხოლმე და ვერც მე გავექცევი. ისტორიას მრავლად ახსოვს მაგალითი, როცა დიდი მეგობრები მტრებად ქცეულან.
- ოჯახი, შვილები გყავთ? - რა თქმა უნდა, მე არ დავბადებულვარ იარაღით ხელში. მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც თქვენ, მებრძოლებსაც ისეთივე გრძნობები გვაქვს, როგორიც თქვენ. გვიყვარს ცხოვრება, ოჯახი, ახლობლები, სამშობლო. ამ ყველაფრის ფასი ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით. ამიტომ ვცდილობ, თუ საშუალება მაქვს, ყველა წუთი ოჯახში, შვილებთან გავატარო, რათა თავს მიტოვებულად არ გრძნობდნენ, მინდა იცოდნენ, რომ მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
- თუ ერთ დღესაც მუსლიმ ალ შიშანი ომისგან დაიღლება, რითი დაკავდება? - სიმართლე გითხრათ, ამაზე არასდროს მიფიქრია, რადგან არა მაქვს მოლოდინი, რომ ასე დიდხანს ვიცოცხლებ. ვიცი, რომ ალაჰმა ყველას დაუწესა თავისი დრო და არც მე ვიქნები გამონაკლისი. სანამ შემიძლია, მინდა დაჩაგრულებს დავეხმარო. თუ ყოვლისშემძლე სიცოცხლეს გამიხანგრძლივებს და ის დროც მოვა, რომ სხვების დახმარებას ვეღარ შევძლებ, წავალ სადმე, სადაც ხელს არავის შევუშლი, და ფუტკარს გავამრავლებ, გემრიელ თაფლს ვუწილადებ ყველას. მოციქული მუჰამედი ამბობს, სულ ცოტა, რაც შეიძლება ხალხისთვის კარგი გააკეთო, არ მიაყენო ზიანი არც შენი საქმით, არც შენი ენით.
იხილეთ ვიდეო - მუსლიმ ალ შიშანის ექსკლუზიური მიმართვა