"ექსტრაორდინარული მხატვარი" - ქართველი გრაფიკოსი მსოფლიომ აღიარა
"ცნობილმა იტალიელმა ხელოვნებათმცოდნემ ჩემი ნახატები რენესანსის პერიოდის ხელოვანთა ნამუშევრებს შეადარა"
"ჩემი გამოფენის გახსნაზე გალერეა Vacarella-ს მფლობელმა ცნობილი ხელოვნებათმცოდნე მა ჩალიგრა მოიწვია და მან მაღალი შეფასება მისცა ჩემს შემოქმედებას - ჩემი ნახატები რენესანსის პერიოდის ხელოვანთა ნამუშევრებს შეადარა", - ამბობს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი თიკო სანიკიძე, რომელიც ამერიკაში არაორდინარულ მხატვრად აღიარეს... თიკო სანიკიძე ნიუ-იორკიდან გვესაუბრა.
- აშშ-ში მართლაც მაღიარეს ექსტრაორდინარულ მხატვრად. ამას წინ უძღოდა მრავალი წარმატებული გამოფენა... გავიმარჯვე რამდენიმე საერთაშორისო კონკურსშიც. გამოვყოფდი ბოლო გამარჯვებას, რის შედეგადაც მოვიპოვე უფლება, მონაწილეობა მივიღო გაზაფხულზე დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.
- რამდენი წელია ამერიკაში ხართ და როგორ ააწყვეთ კარიერა? - ამერიკაში თითქმის სამი წელია ვცხოვრობ. არავინ იფიქროს, რომ აქ თავის დამკვიდრება ადვილია - ნიჭთან ერთად დაუღალავი შრომა და მუდამ ახლის ძიებაა საჭირო, შენი ხელწერა უნდა გქონდეს. პარალელურად, ჩემი ძირითადი სპეციალობით, არქიტექტორად ვმუშაობ. ახლაც დატვირთული რეჟიმი მაქვს: ვემზადები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენისთვის. მინდა კიდევ უფრო საინტერესო ნამუშევრები შევქმნა. ბევრი იდეა მაქვს. იმედია, შევძლებ მათ რეალიზებას.
- იმდენად გამაოგნებელ ნამუშევრებს ქმნით, თქვენს გამოფენებზე დამთვალიერებელი ლუპით მოდის და ნამუშევრებს დეტალურად აკვირდება... - ერთ-ერთ საერთაშორისო გამოფენაზე ასეთი შემთხვევა მართლაც მოხდა. შეგნებულად არ ვასახელებ ქალაქს, რადგან გამოფენა არ იყო სათანადოდ ორგანიზებული. ჩემს ერთ ნახატს ჩარჩო დაუზიანდა და შუშის საფარი გაუტყდა. ორგანიზატორმა არ გაგვაფრთხილა, რომ ზეთის საღებავებით შესრულებულ ნახატებს შორის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას არ აპირებდა. საბოლოოდ, მხოლოდ ჩემი ოთხი გრაფიკული ნახატი მაინც განათავსეს უამრავ ფერწერულ ტილოს შორის. არ დარჩენილა დამთვალიერებელი, რომელსაც მათ ფონზე სამახსოვრო ფოტო არ გადაეღო, უამრავი ადამიანი ავტოგრაფს მთხოვდა. ერთ-ერთი დამთვალიერებელი ჯერ ძალიან დიდხანს აკვირდებოდა ჩემს ნახატებს, მერე ლუპა მოიმარჯვა და ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ ის მართლაც უბრალო ფანქრით იყო შესრულებული. თითოეული ნახატი ჩემი სულის ნაწილია, ჩემი თვალით დანახული რეალობა.
- დღეს დიდი კონკურენციაა. როგორ ახერხებთ, რომ მუდმივად საინტერესო იყოს თქვენი შემოქმედება? როგორც ვიცი, იტალიაში რენესანსის ხანის მხატვრებს შეგადარეს... - საინტერესო მაშინ ხარ, როდესაც საყვარელ საქმეს მთელი გულითა და დიდი მოწიწებით აკეთებ. ცხოვრებაშიც რეალისტი ვარ და მიმდინარეობა, რომელიც ავირჩიე - ჰიპერრეალიზმი - ზუსტად გადმოსცემს ჩემს შინაგან სამყაროს. გულწრფელი ვარ და ამას გრძნობს მნახველი. გულწრფელობა ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც მეხმარება, რომ საინტერესო ვიყო.
რაც შეეხება გამოფენებს, გამორჩეული იყო პერსონალური გამოფენა რომში (2015 წლის ივლისში). გახსნაზე გალერეა Vacarella-ს მფლობელმა ცნობილი ხელოვნებათმცოდნე მა ჩალიგრა მოიწვია და მან მაღალი შეფასება მისცა ჩემს შემოქმედებას - ჩემი ნახატები რენესანსის პერიოდის ხელოვანთა ნამუშევრებს შეადარა. ამან დიდი თავდაჯერებულობა და სტიმული მომცა - ამ შეფასების დამსახურებაა, რომ დღეს ხატვას ვაგრძელებ.
- როგორია თქვენი გეგმები და თუ უკავშირდება საქართველოს? - გეგმები საერთაშორისო გამოფენებს უკავშირდება. ახლა ამერიკის სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე გამოფენის თაობაზე მოლაპარაკება მაქვს, მიმიწვიეს იაპონიაში, ლონდონში, სამხრეთ აფრიკაში. მალე თბილისში ჩამოვალ და იმედია, გამოფენას დავგეგმავთ. მინდა განსაკუთრებით საინტერესო ნამუშევრები შევთავაზო ჩემს თანამემამულეებს, რათა ყველაზე კრიტიკულმა პუბლიკამ შეაფასოს ჩემი შემოქმედება.