"მეგონა, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდი" - გედევან ფოფხაძის პირველი კომენტარი "ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ - კვირის პალიტრა

"მეგონა, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდი" - გედევან ფოფხაძის პირველი კომენტარი "ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ

მე აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი "ქართული ოცნების" შიგნით იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მის მიერ უმრავლესობის დატოვების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი უმრავლესობაში დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა.

"მე პარასკევს გასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადებით მივმართე, როგორც თვითონ პოლიტიკურ მოძრაობა "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს", ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელ არჩილ თალაკვაძეს და "ქართული ოცნების" ფრაქციას. შესაბამისად, ყველა ეს გადაწყვეტილება რეგისტრირებულია, ყველა ეს პოზიცია მე პარასკევსვე იმ გუნდს ოფიციალურად ვაცნობე, რომლის წევრიც ვიყავი.

ჩემი პოზიცია იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა "ქართულ ოცნებაში" არაერთხელ დამიფიქსირებია და მე აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი "ქართული ოცნების" შიგნით იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მგონია, რომ ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა, უფრო უნდა დასმულიყო კითხვა - რატომ რჩები "ქართულ ოცნებაში"?, ვიდრე რატომ წამოხვედი "ქართული ოცნებიდან"? იმიტომ, რომ ორი საკითხის თანხვედრაა, რომლის პირობებშიც იყო იქ, სადაც ხარ, შეუძლებელია. ერთი, თუ შენ არსებითად, იდეოლოგიურ, ღირებულებების დონეზე და კონკრეტული საკითხების გაზიარება-არგაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ხარ და მეორე, როდესაც შენ შეიძლება, გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გქონდეს მათი გამოხატვის საშუალება იქ, სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკავოს. მე კიდევ შეიძლებოდა, პირველი დამეძლია იმიტომ, რომ დავაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს და ამით მაინც მექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი გულწრფელი და ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე, ვის წინაშეც რეალურად მაქვს ვალი, მაგრამ მეორე უკვე გამორიცხავს იმის შესაძლებლობას,რომ იყო იქ, სადაც უბრალოდ გეუბნებიან, რომ შენ თუ ხმამაღლა იალაპარაკებ იმაზე, რასაც ფიქრობ, მაშინ უნდა წახვიდე. მე მგონია, რომ ეს თავისთავად არასწორი საკითხის დაყენებაა და როდესაც ძალიან დიდი უმრავლესობა ჰყავს პოლიტიკურ გუნდს, არ აქვს ასეთი ფუფუნება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაასაიდუმლოოს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდსა და მოსახლეობას შორის "ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა".

"2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ძალიან კარგად მახსოვს და ამ დღესთან ემოციური კავშირი არ დამიკარგავს, მაგრამ მორალური უპირატესობა დავკარგე. ის მორალური უპირატესობა, რომელიც 2012 წელს, 1-ელ ოქტომბერს მე მქონდა, ამას განვიცდიდი და მეგონა, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდი, ხალხისთვის ვაკეთებდი ამას, ამას განვიცდიდი ხალხთან ურთიერთობითაც, იქიდანაც იგივე ემოცია მოდიოდა, ამიტომ ეს მორალური უპირატესობა მე მჭირდება, პოლიტიკაში რომ ვიყო. თუ მე ამას დავკარგავ, მე მეეჭვება, რომ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ვინმესთვის ღირებული იყოს. რეალობა დღეს ისეთია, რომ მიდის "ქართული ოცნების" "ნაციონალიზაციის" პროცესი, როგორ პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებით დონეზე - ჩვენ ვთქვით, რომ გვაწყობს "ნაციონალების" პროკურორები, "ნაციონალების" მოსამართლეები, "ნაციონალების" ჩინოვნიკები. ბიზნესმენებიც, ვინც იმ დროს კარგად იყო, ძალიან კარგად არის, ამას ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური გარანტიები დაემატა და ეს გავამართლეთ იმით, რომ "აბა, როგორ, სულ ხომ რეპრესიებს არ მოვუწყობთ ვიღაცას?" რეპრესიებზე არ საუბრობდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როდესაც არაკეთილსინდისიერად ემსახურება, მან პასუხი უნდა აგოს თავის არაკეთილსინდისიერებაზე და სწორედ ეს იყო მორალური ვალდებულება, რომელიც ჩვენ 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა დაგვაკისრა.

ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ, მაგრამ მისი დიდი ნაწილი არ შევასრულეთ და დღეს, ჩვენ ისევ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა და ეს ბზარი ოფიციალურად გაგვიფორმა საზოგადოებამ ბოლო საპრეზიდენტო არჩვნებზე, როდესაც გვითხრა, რომ ჩვენ თქვენ არ მოგვწონხართ, არ გვინდიხართ ან რაღაც ქენით. ჩვენ მეორე ტურში ვუთხარით, რომ ვიზამთ, უკეთესები გავხდებით, ოღონდ ახლა ნუ გაგვწირავთ ბოლომდე და ჩვენ გპირდებით, რომ უკეთესები ვიქნებით. მეორე ტურს ეს არ მოყვა, არათუ უკეთესობაზე არ დაიწყო არავინ ფიქრი, არამედ საზოგადოების წინაშე კიდევ უფრო დიდი ბზარის გაჩენა დაიწყო და ხალხმა დაინახა, რომ ეს დაპირება იყო ძალიან დიდი ტყუილი და მე არ მინდა, რომ ამ ტყუილის თანამონაწილე ვიყო იმიტომ, რომ მე დავდიოდი ხალხში მეორე ტურში და ვეუბნებოდი, რომ მოისმინთ, რა განცხადებები გაკეთდა, როგორ შეიძლება ეს არ იყოს გულწრფელი და ნახეთ, ამას რა ცვლილებები მოყვება. ძველი გუნდისთვის ცალკე მიმართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 1-ელი ოქტომბრის ღირებულებებსა და პრინციპებს ვუბრუნდებით", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით