"ისინი კომკავშირელები არიან, მოლაპარაკე და არა მოაზროვნე თავები" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" წევრებზე - კვირის პალიტრა

"ისინი კომკავშირელები არიან, მოლაპარაკე და არა მოაზროვნე თავები" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" წევრებზე

ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები, ისინი ხელმძღვანელობენ მშრალი მესიჯებით, ისინი არ არიან მოაზროვნე თავები, არიან მოლაპარაკე თავები და პოლიტიკისთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლათ,- ასე აფასებს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ყოფილი თანაგუნდელების იმ ნაწილს, რომლებიც მისი თქმით, მესიჯებით იმართებიან და ვიღაცას ემსახურებიან. ფოფხაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" დემოკრატიის ხარისხი განულებულია.

ამავე დროს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარტია უფრო ადრე უნდა დაეტოვებინა.

"მიმაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხზე და დღეს, სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხი არის განულებული. იქ არის ბევრი ჩემი მეგობარი, ძალიან ღირსეული და კარგი ადამიანები, მე იმედი მაქვს, რომ ისინი სწორედ იმის იმედად რჩებიან, რომ რაიმე ზეგავლენის მოხდენას შეძლებენ იმ პროცესზე, რომელიც მიდის და არის ნეგატიური, ჩემი აზრით, მაგრამ მე ეს იმედი დავკარგე.

მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა უფრო ადრე უნდა მიმეღო და ცოტა უკმარისობის გრძნობა მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ჩვენი იქ ყოფნა მაინც სწორი იყო. იქ რომ არ ყოფილიყო ეკა ბესელია მგონია, რომ გარკვეული საფრთხეების წინაშე ვიქნებოდით. სესიაზე რომ გასულიყო მოსამართლეების ის 10 კაციანი სია, რა თქმა უნდა, ეკა ბესელიას პასუხისმგებლობა იქნებოდა ძალიან მაღალი. შესაბამისად, ეკა ბესელიას გადაწყვეტილება იყო მაღალი მორალური სტანდარტით ნაკარნახევი და ჩვენ რომ იქ ვიყავით, ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ ქცეულიყო დოკუმენტად.

როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემი პოზიციების საჯარო გამოხატვა ნიშნავდა გუნდში ყოფნა-არ ყოფნას, რა თქმა უნდა, ეს მორალური პასუხისმგებლობის წინაშე გაყენებს იმიტომ, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს არ გვაქვს იმის უფლება, რომ მარტო მოლაპარაკე თავები ვიყოთ. ვიღაცისთვის შეიძლება კომფორტულია, მოვიდა მესიჯი, გაიმეორა ტექსტი სიტყვა-სიტყვით და ჰგონია, რომ პოლიტიკოსია. ასეთ ადამიანებს მე რაღაც მომენტში კომკავშირელები ვუწოდე, მერე ბოდიშიც მოვუხადე, მაგრამ მე ვიტყვი ამას თუ არა, არსი არ იცვლება. ისინი კომკავშირელები არიან. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები, ისინი ხელმძღვანელობენ მშრალი მესიჯებით, ისინი არ არიან მოაზროვნე თავები, არიან მოლაპარაკე თავები და პოლიტიკისთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლათ. ისინი ვიღაცას ემსახურებიან და არავითარ შემთხვევაში რაღაცას,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"ინტერპრესნიუსი"