"არც იმ ანეკდოტამდე ვართ მისული, "მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო" - კვირის პალიტრა

"არც იმ ანეკდოტამდე ვართ მისული, "მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო"

"ჩემთვის გუნდში დარჩენის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტი ბიძინა ივანიშვილია, რომელთან საუბრების მერეც გამიჩნდა რწმენა, რომ ახლა თანადგომა საჭიროა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ქანთარიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამდე "ქართულ ოცნებაში" უფრო რთული სიტუაცია იყო, ვიდრე ამჟამად, ხოლო მას შემდეგ გარკვეული საკითხები დალაგდა.

"სასიამოვნო პროცესები არ მიდის, მაგრამ არც იმ ანეკდოტამდე ვართ მისული, "მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო", თუმცა არც ბევრი აკლია. მე ბევრჯერ მქონდა გასვლის აზრი, მაგრამ ბოლო პერიოდში არ განმიცხადებია, რომ ვტოვებ პარტიას. იყო ვერსია, რომ ვინც ხმა მივეცით მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას, თითქოს ავტომატურად უნდა აგვეღო გარკვეული პასუხისმგებლობა. გუნდიდან ჩემი გასვლა-არგასვლის საკითხი არ დგას, ყოველ შემთხვევაში - ჩემში. ამის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი საუბრების მერე გამიჩნდა რწმენა, რომ ახლა თანადგომა გაცილებით მეტადაა საჭირო, ვიდრე მაშინ, როცა ის დაბრუნდა. სანამ დაბრუნდებოდა, გაცილებით რთული სიტუაცია იყო, ბევრი ბზარი იყო გაჩენილი და მწვავე პროცესები მიდიოდა. მისი მოსვლის მერე მეტ-ნაკლებად დალაგდა ეს ვითარება. მაგრამ გასაკეთებელი ბევრია, განსაკუთრებით წონასწორობაა აღსადგენი. ჩემთვის უპირველესია ის დაპირება, რაც არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის გავეცით. თუ ეს რწმენა გამიცრუვდა, მაშინ სუფთა სინდისით მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა მგონია, რომ არის საქმეები, რაც აუცილებლად გაკეთდება. უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს ცვლილებები, რომელშიც წვლილის შეტანას ვაპირებ", - განაცხადა ქანთარიამ.

"ინტერპრესნიუსი"