"დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ" - კვირის პალიტრა

"დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ"

თურმე მადლიერები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე კანონის მოთხოვნებს ასრულებს - დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ, - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მისვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას.

"უნდა გამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას, რომ თურმე მადლიერები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე კანონის მოთხოვნებს ასრულებს. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს, რომ ოპოზიციას ლაპარაკის უფლება აქვს, დიდი მადლობა, რომ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევთ. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ. ვერ გავიგე, ეს რა სულისკვეთებაა? ვალდებული ხართ, რომ მოხვიდეთ. "ევროპული საქართველოს" მოთხოვნა იყო თქვენი მობრძანება. ეს დითირამბები არის პოლიტიკურად სამარცხვინო, ისევე როგორც პოლიტიკური უტიფრობაა, თქვენგან რაღაცის ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით", - განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა კობა გვენეტაძის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლა კომიტეტის სხდომაზე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

"მე მინდა შემოგთავაზოთ, რომ გამოიყოს პოლიტიკური ჯგუფებისთვის დრო და დავუსვათ კითხვები ამ პატივცემულ ადამიანს, რომელმაც ამხელა პატივი დაგვდო, კანონი შეასრულა და მობრძანდა. თუ ის არ გაგვცემს პასუხს ან დუმილით უპასუხებს, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი მოსაზრებები, რა არის კარგი ბანკისთვის და რა - არა, დაიტოვოთ თქვენთვის. თქვენ ხართ ანგარიშვალდებული პარლამენტის და საზოგადოების წინაშე და ეს სულისკვეთება დაივიწყეთ", - განაცხადა ბოკერიამ.

კობა გვენეტაძის მისვლას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილიც. მისი თქმით, გვენეტაძე ვერ აცნობიერებს, სად იმყოფება და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული.

"ბატონო კობა, მე არ მესმის, თქვენ ვერ ხვდებით ახლა სად იმყოფებით? იმყოფებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში და ესაუბრებით ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ, გაერკვიონ რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება გამოიყენება საჯარო და სახალხო ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ ვალს კი ნუ გვადებთ აქ რომ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს. კომიტეტის მუშაობის ფორმატი არსებობს სხვადასხვა. ამიტომ ახლა ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში, რომ ფორმატი არ მოგცემთ შესაძლებლობას გასცეთ პასუხი ჩვენს ძალიან მწვავე შეკითხვას. თუ არსებობს ინფორმაცია, რომელიც არ შეგიძლიათ საჯაროდ გასცეთ, ასევე არსებობს დახურული ფორმატი. შეგვიძლია დავხუროთ სხდომის ნაწილი, მაგრამ სანამ ყველა შეკითხვას არ გასცემთ პასუხს, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა და საერთოდ განიხილავდით, რომ აქ არ მოსულიყავით, ეს აჩვენებს იმას, რომ ვერ აცნობიერებთ, რა პოზიცია გიკავიათ და ვის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე კი არ ხართ, პარლამენტის წინაშე, როგორც გამტარი რგოლის, ქართველი ხალხის, რომელიც გიხდით ხელფასს; ბიძინას დაქვემდებარებული ვიღაც ქართველი მოხელე კი არ ხართ, ქართველ ხალხს უნდა ემსახუროთ. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ დღეს აქ შეკითხვები. ძალიან გთხოვთ, ტონი შეარჩიოთ! აქ დარჩებით იქამდე, სანამ პასუხს არ გასცემთ ჩვენს ყველა შეკითხვას! შეკითხვები იქნება იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის არის საინტერესო და არა იმაზე, რაც თქვენ გინდათ დაისვას", - განაცხადა სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"