"კობა გვენეტაძე, ზუსტად ვიცი, რომ ერთ თვეში თანმდებობიდან გაპარვას აპირებთ" - კვირის პალიტრა

"კობა გვენეტაძე, ზუსტად ვიცი, რომ ერთ თვეში თანმდებობიდან გაპარვას აპირებთ"

ზუსტად ვიცი, რომ ერთ თვეში თანმდებობიდან გაპარვას აპირებთ, საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას, - ამ სიტყვებით მიმართავს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

"კობა გვენეტაძე, ყველაზე სამარცხვინო ხართ, სამარცხვინოთა შორის. ერთ თვეში ნინო გვენეტაძესავით მაგ თანამდებობიდან რომ გაიპარებით, (ზუსტად ვიცი რომ აპირებთ) საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას. დღევანდელი დღის "სურნელს" და სუსხს კიდევ დიდი ხანი იგრძნობთ", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

უგულავა აღნიშნული განცხადებით, დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

"ინტერპრესნიუსი"