"ვის დაკარგვია ვანო ზარდიაშვილი - ტრაგიკომიკურია, რომ "ქართული ოცნების" სახელით დღეს ადეიშვილის ხელის ბიჭი საუბრობს - კვირის პალიტრა

"ვის დაკარგვია ვანო ზარდიაშვილი - ტრაგიკომიკურია, რომ "ქართული ოცნების" სახელით დღეს ადეიშვილის ხელის ბიჭი საუბრობს

"ტრაგიკომიკურია, რომ "ქართული ოცნების" სახელით დღეს ადეიშვილის ხელის ბიჭი საუბრობს. ვის დაკარგვია ვანო ზარდიაშვილი", - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ბესელია გამოეხმაურა ზარდიაშვილის განცხადებას, მოსამართლე ზაზა მეიშვილთან და ნონა წოწორიასთან ეკა ბესელიას კავშირების თაობაზე. ბესელიას თქმით, ის ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ვანო ზარდიაშვილს პასუხის ღირსად არ მიიჩნევს.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ვანო ზარდიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს შავი საქმეების შემსრულებელი იყო და უბედურებაა, რომ დღეს პარლამენტის წევრის სახელით საუბრობს.

"ტრაგიკომიკურია, რომ "ქართული ოცნების" სახელით დღეს ადეიშვილის ხელის ბიჭი - ვანო ზარდიაშვილი - ლაპარაკობს. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ იმ პრტიას, რომელიც ჩემთვის არ არის სულერთი, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები საუბრობენ "ქართული ოცნების" სახელით. რას ილაპარაკებს ზარდიაშვილი საერთოდ არ მაინტერესებს. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, რომელსაც მე უნდა ვუპასუხო. ის ხელის ბიჭი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩა დღესაც. გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ხელის ბიჭი იყო და დღეს მათი ნარჩენების ხელის ბიჭია. მე ის ვაიძულე, რომ დისტანცირებული ყოფილიყო იმ პროცესებისგან, რომელშიც მას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ოჯახური ბიზნესი აეწყო, ეს სასამართლოა.

ასეთი კატეგორიის ადამიანები "ნაციონალურმა მოძრაობამაც" კი არ იგუა თავის რიგებში და ეგ არის უბედურება, რომ დღეს პარლამენტის წევრის სახელით საუბრობს. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ყველა შავი საქმის შემსრულებელი "ნაციონალური მოძრაობის" დროს. მე მას არ ვღებულობდი, არ ვიგუე, არ ვაკარებდი არაფერს, მაგრამ ვიცოდი, რომ ის იყო პირდაპირი დავალებების შემსრულებებლი და "შპარგალკების" მიმტან-მომტანი მისი მეგობარი მოსამართლეების ხელში,"- განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება მოსამართლეებთან - ზაზა მეიშვილთან და ნონა წოწორიასთან -ახლობლობას, ბესელიას თქმით, მეიშვილთან კომუნიკაცია წლებია არ ჰქონია და არც ერთი მათგანი დღეს სისტემაში არ არის.

გარდა ამისა, ეკა ბესელია ზარდიაშვილს ურჩევს, არ აიძულოს მას სერიოზული კომენტარების გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, ზარდიაშვილს მძიმე პასუხების გაცემა მოუწევს.

"14 წელია ზაზა მეიშვილთან კომუნიკაციაც კი არ მქონია, სამწუხაროდ. არც ერთი და არც მეორე დღეს სისტემაში არ არის და ამაზე სერიოზულ კომენტარს მე არ ვაპირებ.

ძალიან ბევრი რამის შემსწრე ვარ მე პირადად. არ ვურჩევ, რომ სერიოზულად დავაპირო კომენტარების გაკეთება, თორემ ძალიან მძიმე პასუხების გაცემა მოუწევს. ვის დავალებებსაც ასრულებდა ზარდიაშვილი თავის დროზე, მე იმის პატრონებს ვეომებოდი. ვის დაკარგვია ზარდიაშვილი, "- განაცხადა ბესელიამ.

თუკი მიხეილ ჩინჩალაძესთან ჩემს მეგობრობაზე გვინდა მსჯელობა, იმით დავიწყოთ, რა კავშირები აქვს ეკა ბესელიას მოსამართლე ზაზა მეიშვილთან, ნონა წოწორიასთან და ასე შემდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა. ზარდიაშვილის თქმით, თუკი მის მეგობრებზეა საუბარი, ყურადღებას ეკა ბესელიას სამეგობრო წრეც იმსახურებს.

“მუდმივად ხაზს უსვამენ ჩემს მეგობრობას მიხეილ ჩინჩალაძესთან. ამ თემაზე სპეკულაციები რომ დასრულდეს, ძალიან კარგი პარალელის გაკეთება შემიძლია - რატომღაც არავინ ახსენებს ეკა ბესელიას ნათელმირონს ზაზა მეიშვილს, რომელიც სისხლის სამართლის პალატას კურირებდა და თუკი სისხლის სამართლებრივ სივრცეში რამე ხდებოდა სასამართლოში, მეიშვილის პასუხისმგებლობა და კომპეტენცია იყო. ასევე არასდროს არავინ ახსენებს მის ნათელმირონს და უახლოეს მეგობარს ნონა წოწორიას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და ევროპის სასამართლოში საქართველოს მოსამართლეს წარმოადგენდა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მეგობრობა არასდროს არ განსაზღვრავს არც კანის ფერს, არც პოლიტიკურ სპექტრს და არც ოჯახურ გარემოებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"