"არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი" - რა მიმართვას ავრცელებს მამუკა ხაზარაძე - კვირის პალიტრა

"არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი" - რა მიმართვას ავრცელებს მამუკა ხაზარაძე

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ, სადაც როგორც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომა კობა გვენეტაძის გამოსვლისას, საკითხის განხილვის ფორმატზე შეუთანხმებლობის გამო, ჩაიშალა. აღნიშნულ საკითხს რამდენიმე წუთის წინ მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:

მეგობრებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან.

რადგან ეს ცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას და ამასთან ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის", - წერს მამუკა ხაზარაძე