"აზერბაიჯანთან დელიმიტაციის საკითხზე კონსენსუსის მიღწევა გაჭირდება, სალომე ზურაბიშვილს კი პრაქტიკულად არაფერზე აქვს კონტროლი" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანთან დელიმიტაციის საკითხზე კონსენსუსის მიღწევა გაჭირდება, სალომე ზურაბიშვილს კი პრაქტიკულად არაფერზე აქვს კონტროლი"

სალომე ზურაბიშვილს პრაქტიკულად არაფერზე აქვს კონტროლი, ასე რომ, მხოლოდ განცხადებით შეიძლება შემოიფარგლოს, საქმეში ვერანაირად ჩაერთვება, - ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, იმ ფონზე, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები აღარ არის ისეთი მჭიდრო, როგორც წლების წინ, დელიმიტაციის პროცესი გართულდება.

"რეალისტურად თუ ვიტყვი, რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუ მოინდომებ. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ცოტა არ იყოს აზერბაიჯანთან აღარ გვაქვს ისეთი კარგი ურთიერთობები, როგორიც გვქონდა რამდენიმე წლის წინ. ბოლო სკანდალს გავიხსენებ, ახალქალაქში ძეგლის გახსნას, "სოკართანაც" რთულად მიდის მოლაპარაკებები გაზის თემაზე. ამ ფონზე ვფიქრობ, რომ გაჭირდება კონსენსუსის მიღწევა. სალომე ზურაბიშვილს კი პრაქტიკულად არაფერზე აქვს კონტროლი. ასე რომ, მხოლოდ განცხადებით შეიძლება შემოიფარგლოს. საქმეში ვერანაირად ჩაერთვება. რაში ვხედავ გამოსავალს? აქამდე ვარსებობდით დელიმიტაციის გარეშე, 28 წელია და გავაგრძელებთ გაურკველი დროით", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დელიმიტაციის კომისია მუშაობას განაახლებს და საზღვრის დადგენის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 460 კმ-დან, ამჟამად შეთანხმებული და აღწერილია დაახლოებით 300 კმ-მდე. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია 1996 წელს სახელმწიფოთაშორისი სამთავრობო კომისიის შექმნით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"