სალომე შარვაძის ეჭვიანი და მესაკუთრე "გოგო"
"ისეთი ცელქია, სულ ყურადღება უნდა. ერთხელ ეზოში რაღაც მცენარეები შეჭამა და ისე ცუდად გახდა, ერთი კვირა გადასხმებს ვუკეთებდით"
მსახიობ სალომე შარვაძის პერსონაჟის ბედი ცნობილი სერიალიდან ბევრს აინტერესებს და ამის გამო ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქეთის როლმა მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა. ეს ყველაფერი სალომეს სიამოვნებს, რადგან უყვარს თავისი პროფესია და კიდევ ცხოველები. შინ უკვე წლებია, ულამაზესი ჰასკი (ლაიკა) ჯესიკა ჰყავს, რომელსაც არა მარტო სალომე, მთელი მისი ოჯახი ანებივრებს.
სალომე შარვაძე: - ჩვენს ძაღლს პასპორტში ლაიკა-ჰასკი უწერია. პასპორტიანი გოგოა, დადის აცრებზე, ექიმთან, სალონში... ჯესიკა ძალიან თბილი ძაღლია, ერთგული. საერთოდ, ამ ჯიშის ძაღლი ასეთია და არც ეს არის გამორჩეული. ცელქიც არის და საოცრად გონიერიც, მაგალითად, კარს თავისით აღებს. ახალი წლის ღამეს ემოციური მომენტები აქვს, ფეიერვერკების აფეთქებას ძალიან განიცდის და ამ დროს ყურადღებას არ ვაკლებთ, რომ მეტად არ შეეშინდეს. ძალიან უყვარს ეზოში ორმოების თხრა. თავისი ორმოები აქვს, სადაც ჩადის და მხოლოდ კუდი უჩანს ხოლმე. ორმოები სახლზე მეტად უყვარს. ჯიუტი და ცელქი ჯესიკა სექტემბერში 3 წლის გახდება.
- თქვენს ოჯახში როგორ აღმოჩნდა? - ჩემს შვილს, მართას, ძალიან უნდოდა ოთხფეხა მეგობარი ჰყოლოდა და გადავწყვიტეთ, პატარა ცუგა შეგვეძინა, გვინდოდა ადვილად მოსავლელი ყოფილიყო. სანახავად რომ წავედით, მართამ ამას მოჰკიდა ხელი და აღარც გაუშვია. ჯესიკა მაშინ ერთი თვის ლეკვი იყო. რომ ვაბანავებდით, პირსახოცში ვახვევდით, მერე ფენით ვაშრობდით. ისე, ორივე უყვარს - ბანაობაც და ფენით გაშრობაც. მოკლედ, მისით ლეკვობიდან ვერთობოდით, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ძაღლის და საერთოდ, შინაური ცხოველის მოყვანა სახლში საპასუხისმგებლო რამ არის. თუ არა გაქვს ეს გაცნობიერებული, არ უნდა მოიყვანო. დიდ ყურადღებასა და სითბოს მოითხოვენ. ცოცხალი არსებები არიან და მათ წინაშე, როგორც ადამიანების წინაშე, პასუხს ვაგებთ.
ისეთი ცელქია, სულ ყურადღება უნდა. ერთხელ ეზოში რაღაც მცენარეები შეჭამა და ისე ცუდად გახდა, ერთ კვირას გადასხმებს ვუკეთებდით. მაშინ ერთი წლის იყო. ასე რომ, შინ ოთხფეხას ყოლა სანერვიულოა. როგორც შვილს უნდა აღზრდა, ყურადღება, ისე შინაურ ცხოველსაც.
- ესე იგი, ჯესიკა თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. - კი, ასეა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ახალ წლამდე 4 დღით ადრე დავკარგეთ. ამ ჯიშს უყვარს სახლიდან გავარდნა, ამიტომ ლაიკის პატრონები ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩანს, ახალი წლის წინა დღეებში აფეთქების ხმამ შეაშინა. ისე ვინერვიულე, ახალი წელი რომ მოდიოდა, ვერც კი ვგრძნობდი და აღარც მიხაროდა. ახალ წლამდე 2 საათით ადრე დამიკავშირდნენ, ვიპოვეთო. შეშინებული, დაბნეული და მშიერი იყო - როგორც ჩანს, თვითონაც განიცდიდა, რომ ვერ გვხედავდა... კერძო სახლში ვცხოვრობთ, როგორ გავიდა ეზოდან, გადაფრინდა თუ რა მოხდა, არ ვიცი. სად იყო, სად იარა, არავინ იცის. ისეთი საყელური ეკეთა, მიხვდნენ, რომ დაკარგული იყო. მის პოვნაში სოციალური მედია ძალიან დამეხმარა. ბევრი ჯგუფია შინაური ცხოველების პატრონებისთვის, იქაც გამოვაქვეყნეთ, პოლიციაშიც განვაცხადეთ. უამრავი ადამიანი ჩაერთო საქმეში, ყველა ცდილობდა, დამხმარებოდა. მაშინ შევიტყვე, რომ თურმე უამრავი ძაღლი იკარგება.
- მართასა და ჯესიკას როგორი ურთიერთობა აქვთ? - დებივით არიან: როცა ჯესიკა შინ არ არის, ძალიან ენატრება, ჯესიკაც განიცდის, როცა სადმე ვტოვებთ, ჩვენგან უდიდესი სითბო, სიყვარული და მოფერება აქვს და ამის დაკარგვა არ უნდა. როცა ერთად არიან, კარგად ერთობიან, დარბიან, არც ერთი არ ისვენებს.
ჯიუტი და ეჭვიანი "გოგოა". თუ მე და ჩემს ქმარს ერთად დამსხდარს დაგვინახავს, აუცილებლად შუაში უნდა ჩაგვიჯდეს, ან თავისკენ მეწევა, რომ ყურადღება მხოლოდ მას მივაქციო. მესაკუთრეა. ხანდახან ვსჯით კიდეც, ჩუსტების ჭამა უყვარს. ერთ დღეს სარეცხი ჩამომიხსნა თოკიდან. როცა ვტუქსავთ, თავს მალავს, კუთხეში დგება, თვითონ რომ ვერ გვხედავს, ჰგონია, ჩვენც ვერ ვუყურებთ. სასაცილოა.
- რას აჭმევთ? - ბოსტნეული უყვარს, ხილიდან - ბანანი, მაგრამ ხშირად არ ვაჭმევთ, არ შეიძლება. უყვარს კომში, ვაშლზე გიჟდება. ხორცი, რა თქმა უნდა, სიამოვნებს. ძაღლის სპეციალურ საკვებსაც ჭამს. პირადი ექიმი ჰყავს და პერიოდულად რა აცრაც უწევს, გვიკავშირდებიან და მიგვყავს, ყველანაირად ვზრუნავთ მასზე.
- ვისაც ამ ჯიშის ძაღლის შინ მიყვანა უნდა, რა რეკომენდაციებს მისცემდით? - როცა მისთვის ვერ ვიცლი და ყურადღებას ვერ ვაქცევ, ისე განვიცდი, როგორც შვილის დატოვებისას - ვაიმე, რა ჭამა, როგორ არის. ესეც ასეა, ყურადღებას ითხოვს. შინ რომ ხარ და ძაღლი ეზოშია, რაღაცნაირი თვალებით გიყურებს, არ შეიძლება ყურადღება არ დაუთმო.
ლაიკა ადვილი მოსავლელი ძაღლია, უფრო სწორად, თავის თავს თვითონ უვლის. მებრძოლია, მაგრამ თუ გააჩუქებ, ვერ აიტანს, ძალიან იდარდებს...
სასურველია, ძაღლს თავისი სახლი ჰქონდეს, თუ საკუთარი ეზო გაქვთ. ჯესიკასაც აქვს თავისი სახლი, ოღონდ სათამაშოები არა, რადგან ყველაფერს ჭამს. ერთხანს სახლში გვყავდა, ასე 8 თვემდე ვანებივრებდით. ახლა ეზოშია და სასურველიც არის, რომ ეზოში იცხოვროს.