"კარასინმაც კი დამისვა კითხვა - რით იყო გამოწვეული ის აჟიოტაჟი, რაც ბიძინა ივანიშვილთან ჩემმა შეხვედრამ გამოიწვია" - კვირის პალიტრა

"კარასინმაც კი დამისვა კითხვა - რით იყო გამოწვეული ის აჟიოტაჟი, რაც ბიძინა ივანიშვილთან ჩემმა შეხვედრამ გამოიწვია"

არ ვიცოდი, თუ აკრძალული იყო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. რომ მცონოდა, არ შევხვდებოდი. გაუგებარია, ვინ აკრძალა, რატომ აკრძალა მასთან შეხვედრა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეხვდა პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს გრიგორი კარასინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ კითხვები გრიგორი კარასინმაც დაუსვა.

"ბატონი ბიძინა გახლავთ მმართველი პარტიის თავმჯდომარე. სხვათაშორის, მისი პრემიერობის დროს დაიწყო ეს პირდაპირი დიალოგი, ე.წ. პრაღის ფორმატი. მე სანამ პრაღაში წავალ, რა თქმა უნდა, ვხვდები პრემიერ-მინისტრს, დაბრუნების შემდეგაც შევხვდი მას უკვე, ასევე ვხვდები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, ვხვდები შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს, დასავლელ პარტნიორებს, დიპლომატებს და ახლაც მექნება ეს შეხვედრები იმისთვის, რომ ჩავაყენო საქმის კურსში, როგორ მიმდინარეობს ეს დიალოგი, რა საკითხებს განვიხილავთ, რა პრობლემებია და მოვისმინო მათგან რჩევები. ამიტომ ეს შეხვედრაც იყო აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. გარდა ამისა, ბატონ ბიძინასთან მაკავშირებს დიდი ხნის ძალიან კარგი ურთიერთობები. ყოველთვის სიამოვნებით ვხვდებოდი და სიამოვნებით შევხვდები მომავალშიც. კარასინმაც დამისვა კითხვა - რით იყო გამოწვეული ის აჟიოტაჟი, რაც გამოიწვია ჩემმა შეხვედრამ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. მე გავეცი პასუხი, რომ ეს არის ჩვენი შიდა კონიუნქტურის ნაწილი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და მასთან შეხვედრა არის აბსოლუტური მოვლენა, ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა და მივაწოდე ინფორმაცია იმ თემებზე, რომელსაც ჩვენ აქ განვიხილავთ. რა მესიჯი უნდა წაიღო მალულად ევროპის შუაგულში ამდენი ხალხის დასწრებით შეხვედრაზე, ამდენი თვალი, ამდენი ყური, ეს ხომ არასერიოზულია?!"- განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე - რამ გააბრაზა კარასინი და რამ გააკეთებინა მუქარისშემცველი კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ, აბაშიძემ უპასუხა: "რუსული მხარე ნატო-სთან დაკავშირებით ყოველთვის აკეთებდა და აკეთებს მწვავე განცხადებებს ყველგან და ყველა საშუალებას იყენებს ამისთვის. ამ შემთხვევაშიც გაკეთდა მწვავე განცხადებები, თუმცა, ფაქტია გრადუსს მოუმატეს. ეს დაკავშირებულია ჩვენს მზარდ თანამშრომლობასთან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენს წარმატებულ წინსვლასთან ევროპული პროექტის განხორციელების თვალსაზრისით",- განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატის შესაძლო გაუქმებას, აბაშიძემ აღნიშნა, რომ ფორმატის გაუქმება არ იგეგმება.

"ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევაა, ჩვენ შევინარჩუნოთ ეს ფორმატი, დიალოგის რეჟიმი რუსეთთან. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც არ არსებობს რუსეთთან ამა თუ იმ ფორმით კომუნიკაციის რეჟიმი",- განაცხადა აბაშიძემ.

იხილეთ ასევე: "არ გამოვრიცხავ, რუსეთი გეგმავდეს საქართველოში მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას" - რა სცენარებს ამუშავებს პუტინის ГРУ?!

"ინტერპრესნიუსი"