"ბატონო მამუკა, უკაცრავად, მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბის, რა დღეშიც ახლა ხართ" - კვირის პალიტრა

"ბატონო მამუკა, უკაცრავად, მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბის, რა დღეშიც ახლა ხართ"

ბატონო მამუკა, უკაცრავად, მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბის, რა დღეშიც ახლა ხართ, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, რომ "ომეგას" საქმეზე დირექტორებმა დაკეტილი ბანკიდან თანხა მხოლოდ მისი ზარის შემდეგ გაატანეს.

საპასუხოდ, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა, რომ არანაირ სიტყვიერ განკარგულებას თანხის გაცემა-გაუცემლობაზე ადგილი არ ჰქონია.

"არანაირი ზარი ჩემთან, რომ ამას მიეცით თანხა, ამას არ მისცეთ, არ ყოფილა 27 წლის განმავლობაში. ჯერ გვაბრალებდა ბიზნესმენი, რომ ბანკი დაკეტილი იყო და თანხა იყო გატანილი. ჩვენ არანაირი დაკეტილი ბანკიდან თანხა არ გაგვიტანია. თანხა გაიტანეს თქვენმა დირექტორებმა თქვენივე ხელმოწერით. ჩვენზე იმის დაბრალება, რომ კომპანიის ანგარიშიდან დირექტორმა თანხა რატომ გაიტანა, რატომ არ გავაკონტროლეთ, ამას მე ვერ მივიღებ. დიდი ბოდიში. ვერც იმას მივიღებ, რომ მე ვიღაცას დავურეკე, ასეთი რამ ჩემი მხრიდან არ ყოფილა", - მიმართა ნატო ჩხეიძეს მამუკა ხაზარაძემ, რასაც დეპუტატის მხრიდან პროტესტი მოყვა.

"ჩემთვის ერთი რამ იყო ნიშანდობლივი, ამ წლის ორკესტრირებული შეტევის ერთი გვარი დაასახელეთ, გიორგი გახარია. ახლა რასაც ამბობთ, რომ თანხა იყო გატანილი დირექტორების მიერ გპასუხობთ - დიახ ბატონო. ბანკის თანამშრომლები ამას არ აკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ. სამწუხაროდ, თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა. მე თქვენ გითხარით, რომ სოლიდარული ვიყავით თქვენს მიმართ და დავრჩები სოლიდარული, მაგრამ როგორც ჩანს, უკაცრავად, მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ. ძალიან ცუდია, რომ ტყუილს ბრძანებთ", - უპასუხა ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძეს.

თავის მხრივ, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძეს მოუწოდა "ლონდონით ნუ იმუქრებოდა".

"გიყურებთ თვალებში და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვიღაცას რაღაცა დავაბრალე, არის ტყუილი. ლონდონით ნუ გვაშინებთ, ჩვენც ვიცით ლონდონის გზა", - მიმართა ბიზნესმენმა დეპუტატს.

ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძესთან პოლემიკის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"