"დაკითხვის ოქმში ვთქვი, მაგრამ მოსამართლემ და სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა" - რას ამბობს ხაზარაძე გახარიასგან მიღებულ მუქარის წერილზე? - კვირის პალიტრა

"დაკითხვის ოქმში ვთქვი, მაგრამ მოსამართლემ და სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა" - რას ამბობს ხაზარაძე გახარიასგან მიღებულ მუქარის წერილზე?

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, სადაც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ, დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ არ განაცხადა ხაზარაძემ შესაბამის ორგანოებში, თუკი შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. თავის მხრივ, ხაზარაძის განცხადებით, როგორც ნებისმიერმა კანონმორჩილმა მოქალაქემ, მან ეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდა.

"საოცრება არის ის, რომ მე ამის შესახებ ჩემი დაკითხვის ოქმში ვთქვი და ამის მერე საქმე არ აღიძრა. მოსამართლემ და სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი, მაგრამ არავინ - არა თუ დაინტერესდა და არათუ საქმე აღძრა, პირიქით, 9 იანვარს გააკეთეს ის საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის ზარალი მიაყენა ჩვენ ინვესტორებს. ამიტომ, კითხვაზე: განვაცხადე თუ არა პროკურატურაში, გპასუხობთ, ზუსტად ისე განვაცხადე, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე გააკეთებდა. შეგიძლიათ დაკითხვის ოქმიც ნახოთ. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს თუ საიდუმლო გრიფი არ აქვს?! რატომ არის ამოგდებულად ეს 17 მილიონის თემა და მთლიანი სურათი რატომ არ არის მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელსაც უნდა, რომ გაერკვეს ?! აი, ეს არის მთელი არსი," - განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"