"ჩემზე მძიმე ჭორებიც მსმენია - "კაცმა არ იცის ვის კარავში ძინავს ან ვისთან ერთად არისო" - კვირის პალიტრა

"ჩემზე მძიმე ჭორებიც მსმენია - "კაცმა არ იცის ვის კარავში ძინავს ან ვისთან ერთად არისო"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 33 წლის, ნუცა ცქიმანაურის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლიდან გიდი ვარ. პრონციპში, შემთხვევით დავიწყე ეს ამბავი და საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ჩემი პირვანდელი პროფესია - დრამის მსახიობობა - გავცვალე დიდ ტურიზმზე და ახლა ერთი მსახიობის თეატრი ავტობუსში მაქვს.

ჯავახეთში მოვხვდი სრულიად შემთხვევით ექსპედიციაში, სადაც ორი კვირის ნაცვლად, თითქმის, ერთი თვე დავრჩი. მერე გაზაფხულზე ისევ დავბრუნდი ახალქალაქში უფრო ხანგრძლივი დროით და მომეცა საშუალება ცოტა ხნით ქართული სკოლის დაწყებით კლასებთან მემუშავა მასწავლებლად. ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი პერიოდი და საოცარი გამოცდილება. სულ სხვა სამყარო აღმოვაჩინე და სულ სხვა გარემო, რომელშიც ვცხოვრობდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. პირველად ახალქალაქში ცხოვრების დროს დავიწყე ჩემი მეგობრებისთვის დისტანციურად ლაშქრობების დაგეგმვა და ტურების მოწყობა. იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ყველაფერი, რასაც ვხედავდი, მინდოდა აუცილებლად გამეზიარებინა ჩემი მეგობრებისთვისაც.

შემდეგ თბილისში დავბრუნდი და აქ გავაგრძელე. მგონია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, მაქვს საყვარელი საქმე და მყავს საოცარი ოჯახი, 3 წლის შვილი და ქმარი - საუკეთესო მეგობარი. იმას მივაგენი, რაც ყველაზე მეტად მინდოდა მეკეთებინა ცხოვრებაში. რთული ამ ამბავში ის არის, რომ ზოგჯერ მიჭირს პირადის/ოჯახის და პროფესიის შეთავსება ერთმანეთთან. ალბათ, ყველა დედას უჭირს და მე არ ვარ პირველი, ვინც ამას ამბობს, მაგრამ მგონია გიდებს ორმაგად გვაწუხებს. ეს არაა სტანდარტული სამსახური, საიდანაც ყოველ საღამოს ექვსის მერე სახლში ბრუნდები. ჩვენ ცოტა სხვა ამბები გვაქვს. მაგალითად, შარშან როცა ალექსი ფილტვების ანთებით საავადმყოფოში იწვა და მამა ედგა თავზე, მე პოსტ-ფაქტუმ გავიგე იმიტომ, რომ სადაც მე ვიყავი, სამი დღის სავალზე ტელეფონი არ იჭერდა. მართალია, ჩემს შვილს არავინ გაუჭირვებდა, მაგრამ მე გამიჭირდა მორალურად. ყოველ ჯერზე მიჭირს, როცა ზურგჩანთას ვიღებ და სახლიდან გავდივარ, ჩემი ნახევარი სახლში რჩება. მაგრამ როგორც კი ავტობუსში ავდივარ და კარი იხურება, ჩემი პირადი პრობლემები კარს გარეთ უნდა დავტოვო და გავიღიმო. ვხუმრობთ ხოლმე, გიდს არ აქვს პრობლემები, გიდი არასოდეს ხდება ავად და გიდი არასოდეს კვდება. ის უბრალოდ წყვეტს ლაპარაკს და ეს მართლაც ასეა.

გიდობა არის თავგადასავალი ყველა ასპექტში. ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც ჩემს სამუშაოს გააჩნია ეს განათლებაა, ახლის და საინტერესოს მუდმივი ძიება. გიდობა არაა ვიწრო სპეციალობა, უნდა შეგეძლოს ყველაფერზე საუბარი - ცოტა-ცოტა გეოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, კულტურა, რელიგია, ბოტანიკა, გასტრონომია, ღვინო, რელიგია და პოლიტიკაც კი. მეც სულ ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო და გავნვითარდე. ახლაც ვსწავლობ და უნდა ვაღიარო, არაა მარტივი სწავლის, დედობის, ცოლობის და სამსახურის შეთავსება, მაგრამ არც დაუძლეველი ამბავია. ცოტა მონდომება და დროის სწორად დაგეგმვა სჭირდება. ხშირად მეუბნებიან - „რაღა დროს შენი სწავლაა“, ან „რაღა დროს შენი თავგადასავლებია“. ჩვენს ჯგუფში ერთადერთი ვარ, ვინც „გათხოვილია“ და ჰყავს შვილი. ამის გამო ზოგჯერ რაღაცეები არ ესმით ხოლმე. თუნდაც ის, რომ, უბრალოდ, შვილიანი ადამიანისთვის პრიორიტეტები სხვანაირად ლაგდება.

ამას ერთვის ის, რომ სულ ვგრძნობ საზოგადეობის მხრიდან განსჯას. ზოგჯერ პირდაპირაც უთქვამთ - „ბავშვი და ქმარი ღმერთის ანაბარა გყავს დაყრილი და მთაში ხარ გავარდნილი“. ძალიან ცუდად მახსენდება ერთი მომენტი. ისე მიეწყო, რომ ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახე ჩემი შვილი და ქმარი. ზაფხული იყო, სოფელში იყვნენ და იქ ჩავედი. ჭიშკარი რომ შევაღე, დავინახე ჩემი შვილი ეზოში თამაშობდა. ჩანთა დავაგდე და ჩასახუტებლად გავიქეცი. ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა. მეზობელი შეესწრო ამ სცენას და მთელი სერიოზულებით მკითხა - „ბავშვმა გიცნო?!“ ძალიან მეწყინა.

გიდობა რატომღაც ყველასთვის მხოლოდ გართობასთან, მოგზაურობასა და ღვინის დაჭაშნიკებასთან ასოცირდება და უჭირთ ჩვენი პროფესიის სერიოზულად აღქმა. გარდა იმისა, რომ კულტურულ ნაწილში, ზოგჯერ, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, ან სასულიერო პირებთან გვიწევს შეხება და მათი გიდობა, რაც ნამდვილად არაა მარტივი საქმე, მთაშიც დავდივართ, ე.წ. „ველურ ბილიკებზე“. იქ ნებისმიერი ჩინის, რანგის და პოზიციის მქონე ადამიანი თანაბარია დედაბუნების წინაშე და შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ის უნდა ენდოს, რათა კომფორტულად, უსაფრთხოდ და საინტერესოდ მიიყვანოს დანიშნულების ადგილას.

გიდი ზურგჩანთას როცა იკიდებს, მას სქესი უკვე აღარ აქვს, რადგან ქალსაც იმდენივეს კეთება უწევს, რამდენიც კაცს. თუმცა არის ხოლმე უნდობლობა ან არასერიოზული დამოკიდებულებებიც იმის გამო, რომ „პატარა გოგო“ ვარ. ყოფილა შემთხვევა, როცა პასპორტი უთხოვიათ ტურისტებს, არ ვეგონე სრულწლოვანი ჩემი ვიზუალის გამო. მაგრამ, როგორც წესი, მრავალდღიანი ტურებია და ისეთი სიტუაციები იქმნება ხოლმე, ბუნებრივად უჩნდებათ ნდობა. მნიშვნელოვანია, რომ გიდი ფიზიკურადაც იყოს მომზადებული და ფსიქოლოგიურადაც, რადგან, მაგალითად, შეიძლება იმ დღეს სახლში მისვლის გეგმა გქონდეს და ვეღარ მიხვიდე, ან საავადმყოფოში და პოლიციაში მოგიწიოს ღამის გათენება და ა.შ. ისე კი, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მთაში უფრო ადეკვატურად აღიქვამენ ჩემს საქმიანობას, ვიდრე ბარში. ერთი იმას მკითხავენ ხოლმე, ალბათ როგორ გენატრება შენებიო.

ჩემთვის რთული აღმოჩნდა ოქროს შუალედის გამონახვა პროფესიასა და ოჯახს შორის. მუდმივად არის ის დილემა, რომ წავიდე, თუ დავრჩე. ხშირად ვმდგარვარ ამ გზაჯვარედინზე და რომ არა ლევანი (ქმარი), არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი. ალბათ ბევრი კაცი არაა დუნიაზე, ვისაც ცოლის მუდმივად გარეთ ყოფნა ესიამოვნებოდა, მაგრამ არსებობენ ასეთი ადამიანებიც და მე უგზო-უკვლოდ გამიმართლა, რომ ლევანი მუდმივად გვერდში მიდგას და მამხნევებს. ნებისმიერ ასპექტში - სწავლა იქნება, თუ სამუშაო. ყველაფერს ერთად ვწყვეტთ და ვგეგმავთ. როცა მე და ლევანი ერთად გადავედით საცხოვრებლად, კარვით სამოგზაუროდ წასვლას ვაპირებდით და გამზადებულებიც ვიყავით, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გავყოლოდი ერთ მნიშვნელოვან ჯგუფს სვანეთში. რა თქმა აუნდა ვიუარე, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩვენს თაფლობის თვეში მე სამუშაოდ წავედი და ჩემი ქმარი ჩემი ტურისტი იყო. ლევანი იყო ჩემთვის მუდმივად ენერგიის და ახალი მიზნების წყარო. 9 თვის იყო ალექსი, როცა დავტოვე და თითოდღიან ტურებზე გავედი იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ხედავდა, როგორც თვითონ ამბობდა „სახლში ჯდომა ხასიათში გადამივიდა“.

თუმცა, გარედან მაინც არის მუდმივი წნეხი. იმის გამო, რომ გოგო გიდები ნაკლებად ვართ, მეწყვილე შეიძლება ბიჭი მყავდეს. ექვსკაციან სამუშაო ჯგუფში შეიძლება მარტო ერთი გოგო იყოს. ამაზე არის ხოლმე ირონიული დამოკიდებლებები - „შენმა ქმარმა იცის?!“ და ა.შ. უფრო მძიმე ჭორებიც მსმენია - „კაცმა არ იცის ვის კარავში ძინავს ან ვისთან ერთად არის“ და სხვა. თითქოს ადამიანს ცოლისთვის ან ქმრისთვის ღალატი რომ უნდოდეს, თბილისში ამას ვერ იზამს. ხუმრობაში გადამაქვს ეს ბრაზი და ვიგონებ ამბებს „უმწიკვლო გიდის“ კარავზე, რომელიც ცასავით ლურჯი და სპეტაკი უნდა იყოს და 3000 მეტრზე ბანაკშიც სამზარეულოში უნდა ტრიალებდეს. სულ ვცდილობ კარიკატურული გავხადო იარლიყები და არსებული შეხედულებები გავაშარჟო. ამიტომ, ჩემს „გათხოვილ გიდობზე“ ხშირად ვხუმრობ ხოლმე. ეს ერთგავრი პროტესტიცაა და საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებებისგან თავდაცვაც. სწორედ ამ სტერეოტიპების გამოა, რომ გოგოები ძალიან გვიჭირს ჩვენს სფეროში. ქალებს ხშირად უწევთ მსხვერპლის გაღება და პროფესიაზე უარის თქმა, სწორედ დაოჯახების და შვილების გაჩენის გამო. მიუხედავად იმის, რომ მოთხოვნა არსებობს ქალ გიდებზე, ძალიან ცოტა ქალია ამ სფეროში. თუმცა, მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს მეწყვილე ბიჭებს, რომელთა გარეშეც ჩემთვის წარმოუდგენელია კავკასიონის უსასრულო ბილიკების თელვა.

ჩემი ქმრის გარდა, ჩემს საქმეს მუშაობად არც ოჯახში აღიქვამდნენ დიდი ხნის განმავლობაში. „ნუცა გასულია“-ო ასე პასუხობდნენ, როცა ტურში ვიყავი. თითქოს ეს გართობა იყო და იპოთეკას არ ვიხდიდი ან სახლში საჭმელი არ მომქონდა ამ ჩემი მუშაობით. მერე ერთი-ორჯერ ტელევიზორში რომ მნახეს, შეიცვალა დამოკიდებულებები „მთელი ოჯახი ვამაყობთ შენითო“. ყველას არ ესმის, რომ ჩემთვის ოფისში მუშაობა კი არა, თბილისიდან გასვლა და მთაში ასვლა არის უდიდესი სილაღე და ბედნიერება. მე მჯერა, რასაც ვაკეთებ და შეიძლება ჩემი მაგალითი ბევრისთვის იმედის მიმცემი იყოს. როცა ძალიან მიჭირს და თვითგვემა მაქვს, ვიხსენებ, რომ ჩემს შვილს ბევრად მეტი დააკლდებოდა ჩემი სახლში ჯდომით, ვიდრე მთაში სიარულით. ის გაიზრდება და თავის სქმეს მონახავს, მეც ხომ უნდა მქონდეს ჩემი?! გიდობა ისე მიყვარს წარმოვიდგენ ხოლმე, რომ დავბერდები მუზეუმის მოხუც გიდად ვიმუშავებ. მანამდე კი, სხვა მიმართულებებითაც ვცდილობ განვითარებას და მომავლში ახალი გეგმებისთვისაც ვემზადები.

ხშირად მეკითხებიან, როგორ ვასწრებ ამდენ რამეს. მე ჩემი შვილი სულ თან დამყავს. თავიდან ცოტა უცნაური დამკიდებულება ჰქონდათ თავად გიდებსაც, მაგრამ ყველა იმდენად მიეჩვია უკვე, მარტო რომ მივდივარ, უკვირთ. მე ბოდიში არასდროს მომიხდია იმის გამო, რომ ბავშვი ტირის ან ყვირის. ალექსანდრე არის პიროვნება, რომელიც ხან ცუდ ხასიათზეა, ზოგჯერ შია კიდეც ან იცინის. ნელ-ნელა დაიწყეს ბავშვების გარეთ გამოყვანა და გიდებიც ბავშვებთან ერთად დადიან უკვე ტურებში. ზოგადად, ამ ქვეყანაში ისედაც არ არის ბავშვებზე მორგებული სივრცეები - მაგალითად, არ არის პანდუსები კაფეებში და აფთიაქებში, რომ ბავში ეტლით შეიყვანო; არც ბავშვების სათამაშო და პამპერსის გამოსაცვლელი კუთხეებია არსად და ა.შ. მე არ მინდა სადმე ტუალეტში ჩავკეტო და იქ ვაწოვო ძუძუ შვილს, ვერ დავამცირებ ასეთი დამოკიდებულებით ვერც მას და ვერც საკუთარ თავს. ამიტომ, ვცდილობ ჩემს მეგობრებთან ერთად ამ პრობლემებზე საზოგადოებაში საჯაროდ ვისაუბროთ და გვერდიც კი შევქმენით ამისთვის „ქალაქი ბავშვებს“. მე ძალიან გამიმართლა ოჯახშიც და სამსახურშიც, სადაც, ასევე, ბავშვებისთვის მეგობრული გარემოა შექმნილი და თუკი სამსახურში ბავშვის მიყვანა მიწევს, ამის გამო პრობლემა არასოდეს მექმნება. მსგავსი გარემო და მხარდამჭერი სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქალებმა მუშაობა, განვითარება და საყვარელი საქმის კეთება შეძლონ.

ვიცი ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეს ამბები აწუხებს და არც ჩემი პრობლემების ვინმესთვის თავსმოხვევას ვცდილობ, უბრალოდ, მინდოდა მომეყოლა, როგორია ლაღი ნუცას მეორე მხარე, როცა შინ ბრუნდება და რომ გიდობაც ჩვეულებრივი სამუშაოა - თავისი სირთულეების დაძლევით და გამოწვევებით, მხოლოდ, ჩვენი სამუშაო სივრცეა სხვა."

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან