"როცა მივხვდი, ეს ის ქალი იყო, ვისთანაც მინდოდა დარჩენილი ცხოვრება გამეტარებინა, ჩამოვიყვანე საქართველოში, მშობლებს გავაცანი..." - კვირის პალიტრა

"როცა მივხვდი, ეს ის ქალი იყო, ვისთანაც მინდოდა დარჩენილი ცხოვრება გამეტარებინა, ჩამოვიყვანე საქართველოში, მშობლებს გავაცანი..."

"როდესაც ხარ მეუღლე და მამა, შეუძლებელი არაფერია"

სულ ახლახან, 31 წლის სპორტსმენმა დავით ქირიამ მესამედ მოიპოვა კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ის "კუნლუნ ფაითის" ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა და როგორც ცნობილია, სწორედ ამ ორგანიზაციის ტურნირში გამარჯვებაა ყველაზე რთული. მანამდე ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"სპორტით ბავშვობიდან ვიყავი დაკავებული, დაახლოებით 2 წელი ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ ვარჯიში მივატოვე, რადგან დიდად არ გამიტაცა სპორტის ამ სახეობამ. ჩემი მეზობელი და შემდეგში ჩემი მწვრთნელი გახლავთ ბაჩუკი ფარცვანია. ვიცოდი, რომ ის კარატეში ბავშვებს ავარჯიშებდა და ერთ დღეს მეც გავყევი. 9 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში კარატეში, ვეზიარე საბრძოლო ხელოვნებას და დღემდე ერთად მოვდივართ..."

"თუ სატიტულო ბრძოლაა, 100 გრამითაც რომ იყო მეტი და მოწინააღმდეგეს სძლიო, გამარჯვებაში არ ჩაგეთვლება. შეკრების ბოლოს, ბრძოლამდე მინიმუმ 40 დღით ადრე ვიწყებ სწორ კვებას. რეჟიმში მყოფი ავტომატურად ვიკლებ ზედმეტ კილოგრამებს და 70 კილო ვხდები..."

"ჩემი მეუღლე ჰოლანდიელია. კლუბში, სადაც ვვარჯიშობდი, დიდი ფიტნესდარბაზია. იქ ჩემი მომავალი მეუღლე მარისა ადმინისტრატორად მუშაობდა. გავიცანი და მადლობა ღმერთს, კარგად წავიდა ყველაფერი (იღიმის). როცა მივხვდი, რომ ეს ის პიროვნება იყო, ვისთანაც მინდოდა დარჩენილი ცხოვრება გამეტარებინა, ჩამოვიყვანე საქართველოში, ჩემ მშობლებს გავაცანი..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 7 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე