"ყველაზე მეტად მაშინ ვინერვიულე, ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაუბანელი დედაკაცი რომ მიწოდა" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად მაშინ ვინერვიულე, ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაუბანელი დედაკაცი რომ მიწოდა"

"თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ - არ გამოვრიცხავ მათგან თავდასხმებს"

ანა დოლიძე ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც უკან დახევა არ იცის - ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ანა გულწრფელი მოსაუბრე აღმოჩნდა. როდესაც ვკითხე, რა იყო მისი სისუსტე, პასუხზე დიდხანს ფიქრობდა. - ვერაფერი გავიხსენე, რაც შეიძლება სისუსტედ მივიჩნიო, გულჩვილი არ ვარ, მაგრამ უსამართლობა ჩემზე ძალიან მოქმედებსო, აღნიშნა ბოლოს...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ბულდოგის ხასიათი მაქვს. რასაც ხელს მოვკიდებ, ბოლომდე უნდა მივიყვანო, გამორიცხულია, შუა გზაზე მივატოვო დაწყებული საქმე. ხედავთ, კაბინეტში ირინა ენუქიძესთან გადაღებული ფოტო ჰკიდია. მაშინ ათასჯერ უფრო რთული სიტუაცია იყო პოლიტიკურად - დევნა, მოსმენა, შიში, მაგრამ არასდროს მიფიქრია ბრძოლის შეწყვეტა. ეს ისტორია, რომელიც წესით, 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო, დღესაც გრძელდება..."

"ყველაზე მეტად მაშინ ვინერვიულე, ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაუბანელი დედაკაცი რომ მიწოდა. ეს იყო 2006 წელს. მაშინ საიას თავმჯდომარე ვიყავი, ჩვენ გვენეტაძეს ვიცავდით, ირაკლი კი თავდაცვის მინისტრი იყო. პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანა უნდა გადადგეს, ორი წიგნი არა აქვს წაკითხული მაგ პირდაუბანელ დედაკაცსო. მაშინ, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა მისი ასეთი საქციელი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მისგან ბევრი რამ არ უნდა გაგიკვირდეს... რუსეთის აგენტად რომ შემრაცხეს, მაგაზე აღარაფერს ვიტყვი. მგონი, ბოლომდე ჯერაც ვერ ჩამოყალიბდნენ, ამერიკის აგენტი ვარ თუ რუსეთის (იცინის)..."

"როგორ მინდა, მეც მყავდეს მდიდარი მამა, აი, ისეთი, ჩვენს პარლამენტარებს რომ ჰყავთ და გაიძახიან, ეს მამამ მაჩუქა, ის მამამ მიყიდაო. მამა გარდაცვლილი მყავს, დედას კი არაფრის საშუალება არა აქვს. ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი, შეძლებული მშობლები რომ მყავდეს და უზომოდ მდიდარი ვიყო, მაგრამ ასე არ არის. ძალიან დიდი შემოსავალი მქონდა კანადაში, ასე რომ, ორივე ბინა საკუთარი შრომით ვიყიდე..." (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "მენატრება მამა, რომელიც ადრე გარდამეცვალა და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო"

ნინო ჯავახიშვილი