რას ედავებიან ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს - განხეთქილება სამეფო ოჯახში?! - კვირის პალიტრა

რას ედავებიან ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს - განხეთქილება სამეფო ოჯახში?!

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ მუხრანელს შორის სასამართლო დავის თაობაზე ინფორმაცია იურიდიულმა კომპანია "სამართლის გაზამ" "ფეისბუკგვერდზე" გამოაქვეყნა.

"როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელის უნაბერთვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით - მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი.

მომდევნო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატაუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების - როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.

სასამართლო სხდომები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად დაესწრონ. სხდომა გაიმართება ა.წ. 12 მარტს 15:00სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს #42 სხდომათა დარბაზში.

მოსარჩელეების ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკების ინტერესებს სასამართლოში იცავს იურიდიული კომპანია "სამართლის გზის" მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ლევან გორელაშვილი", - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

საზოგადოებას კარგად ახსოვს წლების წინ გახმაურებული სამეფო ქორწილი. პატრიარქის ინიციატივით, ბაგრატიონების ორი შტო გაერთიანდა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ იქორწინეს.

ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი. სამღვდელო პირების განცხადებით, ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო.

ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზეც, რომ ეკლესიას სურდა, საქართველოში მონარქიული წყობილების შემოღება, რაც ბაგრატოვანთა ორი შტოს დაკავშირებითა და მემკვიდრის დაბადებით გახდებოდა შესაძლებელი.

წყვილმა საიდუმლო ცხოვრება საზღვარგარეთ გააგრძელა, მაგრამ მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო წყვილში ბზარი გაჩნდა და ანა და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი კი შორენა ბეგაშვილის სკანდალური აღიარება გახდა, რომ ის და დავითი საყვარლები იყვნენ. როგორც ცნობილია, ანას პირველი ქმრისგან ორი ქალიშვილი ჰყავს.

გავიდა დრო და სამეფო წყვილი შერიგდა. ამ დროს დაიბადა პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, რომელიც ნათლობის დღეს, 2013 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა.

გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი 2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, მადრიდში დაიბადა. ბაგრატიონები მემკვიდრის დაბადებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. პატარის დაბადებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები. ამიტომაც ატარებს პატარა გიორგი გვარს - ბაგრატიონ-ბაგრატიონი.

იმხანად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის რეჟიმისგან შევიწროებული ბაგრატიონების ოჯახი ესპანეთში დროებით გაიხიზნა, თუმცა მოგვიანებით ისინი კვლავ დაბრუნდნენ საქართველოში.

იხილეთ ასევე: ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცები