"უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილ გიორგის დაბადებით"
ცნობილია, რომ სამეფო ოჯახის ირგვლივ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები ითხოვენ დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. საქმის განხილვა მოსამართლე მაია გიგაურის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს და საბოლოოდ სამი მოსამართლის შემადგენლობით შექმნილი კოლეგია გადაწყვეტს თუ ვის მიანიჭებს სამეფო კარისთვის ასეთ მნიშვნელოვან ტიტულს. როგორც შევიტყვეთ, სწორედ ტიტულისთვის ბრძოლას შეეწირა ბაგრატიონების გახმაურებული სამეფო ქორწინება.
შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ- გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ - მუხრანელმა 2009 წლის 8 თებერვალს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, რის შედეგადაც, პატრიარქის ინიციატივით, მოხდა ბაგრატიონების ორი შტოს გაერთიანება. სასულიერო პირები იმაზეც საუბრობდნენ, რომ ეკლესია საქართველოში მონარქიული წყობილების შემოღების მომხრე იყო და ამის აღდგენა მემკვიდრის დაბადებით შესაძლებელი იყო.
თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ მოექცა სამეფო ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მალევე ალაპარაკდნენ, რომ წყვილს პრობლემები ჰქონდა, ამბობდნენ ერთმანეთს დაშორდნენო, ეს ხმები მაშინ გარკვეულწილად მსახიობ შორენა ბეგაშვილსაც დაუკავშირეს, რადგან მან საჯაროდ ილაპარაკა დავითთან სასიყვარულო ურთიერთობაზე. საბოლოოდ რამდენიმე კონფლიქტისა და შერიგების შედეგად წყვილი ერთმანეთს მაინც დაშორდა. ანა ბაგრატიონისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს და ორი წლის გაშორებული იყო მეუღლესთან, როცა სამეფო ქორწინება შედგა.
2018 წელს ჟურნალ "სითიში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ანა ბაგრატიონ - გრუზინსკისთან", რომელშიც ის ამ ქორწინებაზეც ლაპარაკობს.
ჟურნალისტის კითხვას - იყო თუ არა ეს ქორწინება შეცდომა? - ანამ ასე უპასუხა:
"არა, არ ვფიქრობ რომ იდეა შეცდომა იყო. შეცდომა იყო საკითხის არცოდნა და აქცენტების არასწორად დასმა გარკვეული წრეების მხრიდან. თუმცა, დღეს უკვე ეს ყველაფერი ლაგდება. ჩემი ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო, თუმცა საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ პერიოდში გავიზარდე უფრო მეტად, შევიძინე უამრავი თვისება, რომელიც მანამდე არ მქონდა - მოთმინება, დათმობა, ხასიათის სირბილე... ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა. მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილ გიორგის დაბადებით". წყარო