"კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დამხვრიტეს!" - როგორ ეხმაურება რობერტ სტურუა თავისი სპექტაკლის კრიტიკას? - კვირის პალიტრა

"კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დამხვრიტეს!" - როგორ ეხმაურება რობერტ სტურუა თავისი სპექტაკლის კრიტიკას?

12 მარტს რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" წარუდგინეს.

რეჟისორმა სპექტაკლი სწორედ ამ მასშტაბური ღონისძიებისთვის დადგა, თუმცა ალბათ სტურუას არცერთ სპექტაკლს არ მოჰყოლია საზოგადოების მხრიდან იმდენი ნეგატიური შეფასება, როგორც "ბედი ქართლისას"... რეჟისორი მწვავედ გააკრიტიკეს კრიტიკოსებმა და ინტერნეტმომხმარებლებმა, სპექტაკლს "სამარცხვინო", "სკოლის ბანკეტისთვის დადგმული წარმოდგენა" უწოდეს.

კრიტიკას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტით და უჩვეულო სელფით გამოეხმაურა:

"ყვარყყვარეს" გამო დაჭერით მემუქრებოდნენ;

"კავკასიურის" გამო - მხსნიდენ;

"რიჩარდმა" ანონიმური წერილები გაგზავნა მოსკოვში, ЦК-ში და КГБ-ში;

"ლურჯი ცხენები" - ამიკრძალეს;

ინტერვიუ გამოვაქვეყნე და - "თავისუფლების" ბელადმა, ვინმე სოვდაგარ-სააკამ გამაგდო;

"არაისტორიულმა ამბავმა" - ვითომ აღშფოთებული თანამემამულეები დაამშვიდა და ბედნიერებმა იარაღს სტაცეს ხელი და ნაცების და"თავისუფლების" ბრძანებით მე,

უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად

დ ა მ ხ ვ რ ი ტ ე ს!

ჩემო ცაფირუზზურმუხტო, ტკბილად გააგრძელე უბადრუკი ძილი!".

მოგვიანებით კი სტურუამ კიდევ ერთი პოსტი დაწერა:

"გადავწყვიტეთ 7-ჯერ ვითამაშოთ "ბედი ქართლისა" (არაისტორიული ამბავი) ნახოს ნორმალურმა ხალხმა( არანორმალურებიც მოვლენ ალბათ) თუ ჩაგვქოლეს ეს ნიშნავს, რომ სპექტაკლს ვეღარავინ ნახავს!

მაშ ასე:

27 მარტს, საერთაშორის თეატრის დღეს

რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს თ ე ა ტ რ ი

ბ ე დ ი ქ ა რ თ ლ ი ს ა

(არაისტორიული ამბავი)

მობრძანდით, სალაროში ბილეთები გაიყიდება!", - წერს რობერტ სტურუა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ხომ დაამტკიცა ახლა, რომ არ ვარგა?!... რა დაუჯდა ეს მარაზმი სახელმწიფოს?" - რატომ უწოდეს რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო"