"...მაშინ სტალინმა ბერიას გვარი სამუდამოდ დაიმახსოვრა"
"ისეთ ადამიანებზე, როგორიც ბერია იყო, უამრავი ლეგენდაა გავრცელებული. ჩვენი პროფესიონალი მკვლევრების ვალია, დაადგინონ, სად მთავრდება ლეგენდა და იწყება სინამდვილე".
უილიამ შირერი
საიდუმლო მისიით სამშობლოში
ლავრენტი პავლეს ძე ბერია (1899-1953) სოფელ მერხეულში (აფხაზეთი), ღარიბ ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა სოხუმის დაწყებითი სასწავლებელი და ბაქოში გაემგზავრა, რათა მექანიკო-ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტი გამხდარიყო. შემდეგ იყო რევოლუცია, მარქსისტებთან დაახლოება... ლავრენტი ბოლშევიკური პარტიის წევრი ხდება. როცა ბაქოში საბჭოთა ხელისუფლება დაემხო, იატაკქვეშეთში გადავიდა და კავშირი დაამყარა მუსავატელთა კონტრდაზვერვასთან, ბერია მათი ინფორმატორი ხდება. მიუხედავად ამისა, ბაქოს კომუნისტურ იატაკქვეშეთში სერიოზული ჩავარდნა არ მომხდარა. "ჩანს, ბერია უბრალოდ ლავირებდა, გარკვეულ მომენტამდე მომლოდინე პოზიციას ინარჩუნებდა და აქტიურ მოქმედებებს გაურბოდა," - წერს პროფესორი ბორის სოკოლოვი.
1920 წელს აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება მყარდება და ბერიას საიდუმლო დავალებით სამშობლოში გზავნიან. საქართველო ჯერ კიდევ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, თუმცა საბჭოთა რუსეთი მისი ანექსიისათვის ემზადებოდა და ამ საქმეში მსტოვრებს უდიდესი როლი ენიჭებოდათ. ერთ-ერთი ასეთი მსტოვარი ლავრენტი გახლდათ, მაგრამ მას არ გაუმართლა - საქართველოს კონტრდაზვერვამ ორჯერ დააპატიმრა, თუმცა, კიროვის ჩარევის შედეგად ათავისუფლებენ და ის აზერბაიჯანში ბრუნდება.
"სარეველასაც აღმოვფხვრით, საქართველოსაც გადავხნავთ!"
ბერია მაღალ თანამდებობაზე, აზერჩეკას თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. საქართველოში ის 1922 წელს დაბრუნდა.
1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმია საქართველოში შემოიჭრა. 25 თებერვალს თბილისი დაეცა.
ბერიასა და სტალინის პირველ შეხვედრას აღწერს ცნობილი მკვლევარი აბდურაჰმან ავტურხანოვი. როგორც ცნობილია, 1922 წელს სტალინი თბილისში ჩამოვიდა და ელმავალმშენებელ ქარხანაში მიტინგზე გამოვიდა. სტალინმა მუშებს რუსულად მიმართა. პასუხად სტვენა და ყვირილი გაისმა:
- რატომ გველაპარაკები რუსულად? შენ ხომ ქართველი ხარ! სტვენა ძლიერდებოდა და სტალინი იძულებული გახდა, იქაურობას გასცლოდა.
ნირწამხდარმა ქართველმა ბოლშევიკებმა მოსკოვიდან ჩამოსულ "ნაჩალნიკს" სუფრა გაუშალეს. მაგიდასთან დაძაბული ატმოსფერო იყო. სტალინმა სასმისი შეავსო.
- საქართველოს სარეველა მოსდებია! საქართველო უნდა გადაიხნას, - ამ სიტყვებით მან ჭიქა გამოცალა. თვით ქართველ ბოლშევიკებსაც კი, რომლებიც რუსულ არმიას შემოუძღვნენ, ლუკმა ყელში გაეჩხირათ. სტალინს დაბნეული შესცქეროდნენ. ამ დროს კი ახალგაზრდა კაცმა ჭიქა შეავსო და წამოდგა.
- სარეველასაც აღმოვფხვრით და საქართველოსაც გადავხნავთ! - და მანაც ჭიქა გამოცალა.
სტალინმა იკითხა, ვინ არისო. ლავრენტი ბერია, "ჩეკაში" მუშაობსო, მიუგეს. სტალინმა ეს გვარი სამუდამოდ დაიმახსოვრა.
საკუთარი ერის წინააღმდეგ
ჩეკისტი ლავრენტი ბერია საქართველოს "ჩეკას" (შემდგომში "გპუ") საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსად ინიშნება. ბერიას სამსახურებრივად ევალება ქართული ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაცია, მისი ლიდერების ლიკვიდაცია, ქართული ეკლესიის მოსპობა. ლავრენტის შემდგომი კარიერაც იმაზე იყო დამოკიდებული, ამ საქმეს თავს როგორ გაართმევდა.
"გრუ"-ს ყოფილი ოფიცერი ვიქტორ სუვოროვი წერს: "ჩვენთან უბრალო კანონია. შესვლა მანეთი ღირს, გამოსვლა - ორი. უფრო სწორად, აქედან გასვლა მხოლოდ კრემატორიუმის მილიდან შეიძლება."ეს სიტყვები "ჩეკაზეც" ზედგამოჭრილი იყო. ბერია მიხვდა, რომ ისეთ თამაშში გაება, საიდანაც ვეღარასოდეს გამოვიდოდა. თუმცა მაინც შეეცადა, "ჩეკადან" წასულიყო, ოღონდ რასაკვირველია, არა - კრემატორიუმის მილიდან.
"არ მიყვარხარ, მაგრამ ცოლად გამომყევი!"
ბერიას ქორწინებაზე მის სიცოცხლეშივე ლეგენდები დადიოდა. ამტკიცებენ, რომ მან ნინო გეგეჭკორი მოიტაცა და ცხენზე ამხედრებული მთაში გაიქცა, რაზეც მოგვიანებით ნინომ განაცხადა, რომ თავისი ნებით გაჰყვა ბერიას. ქალმა კატეგორიულად მოითხოვა, ეკლესიაში ჯვარი დავიწეროთო. ლავრენტიმ სატრფოს თხოვნა შეუსრულა.
ნინო ცნობილი ბოლშევიკის, ალექსანდრე გეგეჭკორის ნათესავი იყო. ის და ლავრეტი ერთმანეთს პირველად 1920 წელს, ქუთაისის ციხეში შეხვდნენ. წითელი რუსეთის ჯაშუში ბერია და ქართველი ბოლშევიკი საშა გეგეჭკორი ერთ საკანში ისხდნენ. ნინო საშას სანახავად ხშირად მიდიოდა. ასე გაიცნეს ერთმანეთი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საშა თბილისში გადასახლდა. ობოლი ნინო მის ოჯახში ცხოვრობდა. მაგრამ ნინოსა და საშას ცოლის, ვერას ურთიერთობა ვერ აეწყო, ქალი რამდენჯერმე ფიზიკურადაც შეეხო. "ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ოკუპანტების წინააღმდეგ დემონსტრაციაში მივიღე მონაწილეობა. დემონსტრაცია ბრანდსპოინტებით დაშალეს. შინ ერთიანად გალუპული მივედი. ვერას ყველაფერი ვუამბე, მან კი ქამარი აიღო და ლაზათიანად მიმტყიპა," - ჰყვება ნინო.
ამის შემდეგ ნინომ სახლიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ სად?! სწორედ ამ დროს ჩნდება ახალგაზრდა, პერსპექტიული ჩეკისტი ლავრენტი ბერია... ერთმანეთს ნაძალადევის სკვერში შეხვდნენ. ლავრენტი აშკარად შეცბუნებული იყო. არ იცოდა, საუბარი როგორ დაეწყო. ნინომ გაიცინა:
- გინდა მითხრა, რომ გიყვარვარ? - არა.
- რაო?!
ნინო დაუფარავი გაოცებით მიაჩერდა. ბერიამ ჩაახველა:
- ცოლად გამომყევი.
- არ გიყვარვარ და ცოლად გამოგყვე? - ჰო, ზოგჯერ ასეა საჭირო.
- ვისთვის, ჩემთვის თუ შენთვის? - ალბათ, უფრო ჩემთვის. კარგად იცი, საქართველოში რაც ხდება! მზადდება საშინელი სასაკლაო. რუსები აქაურობას გადაუვლიან, შაჰ აბასის შემოსევები მოგონილი იქნება!.. მე ჩეკისტი ვარ. ჩემი მოვალეობაა, ამ საშინელებაში მონაწილეობა მივიღო. მე ეს არ მინდა! მეც ხომ ქართველი ვარ!
- ჰოდა, წამოდი "ჩეკადან"! - ნინომ თავს ძალა დაატანა და გაიცინა. - მინდა, სასწავლებლად ბელგიაში წავიდე. ცეკაში უკვე ვიყავი. მითხრეს, ცოლი რომ გყავდეს, გაგგზავნითო, ჰოდა...
ლავრენტი გაჩუმდა... ნინოც დუმდა...
წითელი დროშის ორდენი
ნინოზე დაქორწინებამ ლავრენტის ვერ უშველა - ის "ჩეკადან" არ გაუშვეს.
ბერიას შეეძლო, პარტბილეთი მაგიდაზე დაეგდო და ეთქვა, ჯანდაბამდეც გზა გქონიათ, ქართველების გენოციდში მონაწილეობას არ მივიღებო. არსებობდა მეორე ვარიანტიც - ლავრენტი ქართველ პარტიზანებს უნდა შეერთებოდა და მათთან ერთად ოკუპანტებთან ებრძოლა. ამ შემთხვევაში მას გარდაუვალად სიკვდილი ელოდა.
ლავრენტი "ჩეკაში" დარჩა. 1924 წლის აჯანყების ჩახშობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ამის გამო წითელი დროშის ორდენითაც დააჯილდოეს. ლავრენტიმ საკუთარი ერის სისხლი დაღვარა და ამან მისი შემდგომი კარიერაც განსაზღვრა.
ქალები, ქალები...
ლავრენტი ცოლს, როგორც მისი შვილის დედას, მოწიწებით ეპყრობოდა, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა, საყვარლები ჰყოლოდა. ბერიას სამიჯნურო თავგადასავლებზე ლეგენდები დადიოდა. მისი ვაჟი სერგო წერს, რომ ლავრენტი რამდენჯერმე მართლაც იყო შეყვარებული. საქმე ისე შორს წავიდა, რომ ნინომ ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა. ბოლშევიკური ხელმძღვანელობა გაყრას ცუდად უყურებდა. ლავენტიმ ცოლს დაუჩოქა და ემუდარა, არ წასულიყო.
ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბერიას სატრფოებს შორის საბჭოთა კინოვარსკვლავი ლიუბოვ ორლოვაც იყო, თუმცა ფაქტებით ეს არ მტკიცდება. ასევე არ დასტურდება ბერიას კავშირი ცნობილ ჯაშუშთან, პოლონელ მატა ჰარიდ წოდებულ ლიდია ლისოვსკაიასთანაც. ეს ქალბატონი საბჭოთა უშიშროებამ როვნოში დააპატიმრა, მოსკოვში ჩაიყვანეს და დამუშავების შემდეგ ისევ როვნოში დააბრუნეს. პანი ლიდია სუკ-ის აგენტი გახდა. ფიქრობენ, რომ მის გადაბირებაში უდიდესი წვლილი ბერიას მიუძღვის და ლავრენტიმ მასთან რამდენიმე ვნებიანი ღამეც გაატარა.
ოლგა ჩეხოვა (კნიპერი) გერმანიაში 20-იანი წლების დასაწყისში გაემგზავრა. ის ცნობილი მსახიობი გახდა. ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ მისმა კარიერამ პიკს მიაღწია. ჩეხოვას ტალანტით თვით ჰიტლერი იყო მოხიბლული. არავის აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ეს ულამაზესი ქალბატონი საბჭოთა აგენტი გახლდათ.
ბერია და ოლგა ჩეხოვა ერთმანეთს 1945 წელს შეხვდნენ. მესამე რაიხი უკვე განადგურებული იყო. ჩეხოვა სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში ჩამოიყვანეს. მას ბერია შეხვდა... მათ ერთად ფრიად ვნებიანი ღამე გაატარეს... ჰიტლერის პრიმადონა ბერიასთვის მუშაობას განაგრძობდა...
ბერიას სასიყვარულო თავგადასავლებზე მთელი ტომებია დაწერილი. ზოგი ავტორი მას გარყვნილებაში სდებს ბრალს, მაგრამ ეს არ დასტურდება. უამრავი ფაქტი მეტყველებს, რომ ლავრენტის ქალისთვის ძალა არასოდეს დაუტანებია - ძლიერი, გავლენიანი მამაკაცის საყვარლობა ხომ ბევრს უნდოდა. ბერია კი თავის საყვარლებზე ზრუნავდა - ეხმარებოდა ფულით, აწყობდა სამსახურში, შოულობდა მათთვის დეფიციტურ წამლებს.
ნიკა თევზაძე, ისტორიის დოქტორი