ვინ იყო ქართველი ქალი, რომელზეც სალვადორ დალი წერდა: "რომ დავამტკიცო რამდენად მიყვარდა, საკმარისია უბრალოდ ვთქვა..."
1920-30-იანი წლების ევროპულ-ამერიკული საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ხუთი და-ძმა მდივანი. მათი ხშირად მოიხსენიებდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავთა და ცნობილ პიროვნებათა: პოლა ნეგრის, მეი მიურეის, ლუიზა ასტორის, დევიდ კონან-დოილის, კოკო შანელის, სალვადორ დალისა და სხვათა გვერდით გახმაურებულ ამბებში, ელიტარულ ქრონიკებში, მხატვრულ ლიტერატურაში, ფილმებში.
მათ აქებდნენ, ეპითეტებით ამკობდნენ, ხშირად არასახარბიელო კონტექსტშიც იხსენიებდნენ. ერთი ეპითეტი კი ყველას საერთო ჰქონდა: "მექორწინე მდივნები".
მდივნების მამა იყო ცნობილი ქართველი გენერალი ზაქარია (შაქრო) მდივანი. მათი წინაპარი სოლომონ მდივანი ერეკლე II-ის თანამებრძოლი გახლდათ, მაგრამ დიდად ეწინააღმდეგებოდა მეფეს კავკასიაში რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით. მისი პატრიოტიზმი და ერისადმი თავდადება მემკვიდრეობით გადაეცა შთამომავლობას. გენერალმა ზაქარია მდივანმა პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე საკმაოდ გრძელი საბრძოლო გზა განვლო. მისი კარიერა დივიზიის უფროსობიდან დაიწყო და დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობით დასრულდა. საქართველოს მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე თავის მოგონებებში გენერალ მდივანს ახა-სიათებს, როგორც ძალიან მიმზიდველ და სასიამოვნო ადამიანს.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი მდივანი თავისი ოჯახით, სხვა დევნილებთან ერთად, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და იქ შექმნილ ლტოლვილთა კომისიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც შემდეგ სამთავრობო კომისიას შეუერთდა. 1922 წელს პარიზში გადასახლდა, მრავალ საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ ემიგრანტის გაჭირვებულ ყოფას თავი ვერ დააღწია. შაქროსა და მის ცოლს, ნახევრად ქართველ და ნახევრად პოლონელ ელისაბედს ხუთი ულამაზესი შვილი ჰყავდათ - სერგო, დავითი, ნინო, რუსუდანი და ალექსი, რომელთაც კარგი გა-ნათლება მისცეს ჯერ თბილისში, პეტერბურგსა და ვარშავაში, სადაც ზაქარია ერთხანს ვარშავის კომენდანტი იყო, ოკუპაციის შემდეგ კი - ევროპაში.
ახალგაზრდებმა მალე დაიმკვიდრეს ადგილი ჯერ საფრანგეთის, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებაში. მშვენიერ ნინო მდივანს პარიზშივე ჰყავდა უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი. პოეტმა ნიკოლო მიწიშვილმა მას ლექსიც კი მიუძღვნა ("გამოთხოვება"). 1925 წელს ნინო ჩარლზ ჰუბერიხზე გათხოვდა. 1936 წელს ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს, სახელგანთქმულ მწერალ ართურ კონან-დოილის ვაჟს, დენის კონან-დოილს გაჰყვა ცოლად და მწერლის თხზულებების გამოცემის უფლება მემკვიდრეობით მიიღო, რამაც იგი ელიტარული ქრონიკის ინტერესის საგნად აქცია. დენისის დაღუპვის შემდეგ, 1955 წელს ის მესამედ გათხოვდა ენტონი ჰერვორდზე.
ამერიკაში გადასახლების შემდეგ კალიფორნიაში ძმებს ჰოლივუდის ვარსკვლა-ვებს შორის მოუხდათ ტრიალი. სამივე გამორჩეული იყო სილამაზით, განათლებით, დახვეწილობითა და არისტოკრატიზმით. თავადის წოდება, ფრანგუ-ლი გამოთქმით Prince, მათ სამეფო სახლის შთამომავალთა რიგში აყენებდა. როცა მათ მამას, ზაქარიას, ამ ტიტულით მიმართავდნენ, იცინოდა: "მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ ამქვეყნად, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისგან მიიღოო".
წოდება და "ძმები მდივნების ჯადო" ძალიან იზიდავდა დაბალი წარმოშობის მდიდარ ამერიკელებს.
თუმცა ამჯერად რუსუდან (რუსი) მდივანზე უნდა მოგითხროთ, რომელსაც უცხოურ წყაროებში პრინცესა იზაბელადაც მოიხსენიებენ.
რუსუდანი და-ძმებს შორის მხოლოდ რუსუდან (რუსი) მდივანი დაქორწინდა ერთხელ. ის ნიჭიერი მოქანდაკე იყო და პარიზში ჩასულ ქართველ მხატვრებთან - დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანსა და ქეთევან მაღალაშვილთან მეგობრობდა. ფოტოც კი აქვს მათთან ერთად გადაღებული. მის შემოქ-მედებაზე შეგვიძლია მის მიერ პარიზში შექმნილი ნიკოლო მიწიშვილის ბიუს-ტით ვიმსჯელოთ.
25 წლის რუსუდანი განთქმული ესპანელი მხატვარ-მონუმენტალისტის, 50 წლის ხოზე-მარია სერტის მოწაფე გახდა, რომელიც პიკასოს გამოჩენამდე პარიზში პირველ მხატვრად ითვლებოდა. სერტის ცოლი ნიჭიერი პიანისტი, დიდი ალღოს მქონე მეცენატი, რენუარისა და ტულუზ-ლოტრეკის მოდელი, მალარმეს მუზა, პრუსტისა და კოქტოს გმირების პროტოტიპი, მიზია გოდებსკა, მიჩვეული იყო ქალების ვიზიტებს ქმრის სახელოსნოში.
ამჯერად კი საფრთხე იგრძნო და მტკიცე გადაწყვეტილებით გაეშურა ახალგაზ-რდა მეტოქესთან შესახვედრად, მაგრამ ეს მაღალი, ქერა გოგონა ნაცრისფერ-მომწვანო თვალებითა და ანგელოზური ღიმილით სხვებს არ ჰგავდა. ის ისეთი უშუალო იყო, ისეთ უმწიკვლოებასა და სიწმინდეს აფრქვევდა, რომ მიზიამ მასში მტერი ვერ დაინახა. როგორც ჩანს, რუსუდანსაც ჰქონდა ძმების მსგავსი მომხიბვლელობა და ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი უნარი, ანუ ე.წ. "ძმები მდივნების ჯადო" გააჩნდა. მან მეტოქე მალე უფროს მეგობრად გაიხადა.
მიზიამ კი ახალგაზრდა ხელოვანი თავისი სამეგობროს წევრად აქცია. ანრი გიდელი წიგნში "კოკო შანელი" მიიჩნევს, რომ 53 წლის მიზიას, რომელსაც სამ ქმართან შვილი არ ჰყოლია, რუსუდანისადმი დედობრივი გრძნობა გაუჩნდა. ალბათ, მნიშვნელოვანი როლი საერთო პოლონურმა ძირებმაც ითამაშა. სერტიც და მიზიაც აღმერთებდნენ რუსის. ორივეს თავისებურად უყვარდა გოგონა. სერტი გაეყარა მიზიას და რუსუდანზე დაქორწინდა. ქორწილი 1928 წლის 18 აგვისტოს ჰააგაში გადაიხადეს. თუმცა ამ ქორწინების შემდგომაც მიზია სერტის ახლო მეგობრად და მისი შემოქმედების ყველაზე ზუსტ შემფასებლად დარჩა.
უცნაურია, მაგრამ ქმრისგან მიტოვებულმაც კი შეინარჩუნა მეტოქის სიყვარული - ეხმარებოდა საქორწინო სამზადისში, რუსუდანისთვის კაბა კოკო შანელს აარჩევინა, ქმარს კი ნიშნობისთვის ლალისთვლიანი ბეჭედი და ლალისავე გულსაკიდი აყიდვინა. ამ სასიყვარულო სამკუთხედმა არაჯანსაღი მითქმამოთქმაც გამოიწვია. ის დაედო საფუძვლად ჟან კოკტოს პიესას "წმინდა ურჩხულები".
ესპანეთში, პალამოსში რუსუდანს ქმარმა სასახლე აუშენა, სადაც თავს იყრიდა პარიზული ბომონდი. ზაფხულობით სახელგანთქმული ძმები და ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ჩადიოდნენ. საზოგადოების სული და გული, ახალგაზრდა დიასახლისი საერთო სიყვარულით სარგებლობდა. სალვადორ დალი თავის უახლოეს მეგობრებად ასახელებდა "პარიზის ყველაზე ფანტასტიკურ ქალებს" ბეტინა ბერჟერს, კოკო შანელსა და რუსი მდივანს, რომელთანაც ხშირად მიდიოდა სტუმრად მეუღლესთან, გალასთან ერთად. ამბობდნენ იმასაც, რომ ის მშვენიერ ახალგაზრდა ქალს ფარულად ეტრფოდა კიდეც...
"1935 წელს გალა და მე იქ ერთი კვირის გატარებას ვაპირებდით. ზაფხულის მიწურულს იქ მთელი პარიზული ჯგუფი გაეშურა. ჩვენ იქ რამდენიმე დღე გავატარეთ, რომლებმაც მხოლოდ ნოსტალგიური მოგონება დაგვიტოვეს ბრწყინვალე, შეუდარებელ ომის შემდგომი პერიოდისა. მოჯადოება მონანავე ესპანური ცეკვების მუსიკითა და კოსტა-ბრავას მთელი საზღვაო მშვენიერებით, სამწუხაროდ, შეწყვიტა პალამოსიდან ფიგეიროსის გზაზე მომხდარმა ავტოავარიამ, რომელშიც დაიღუპნენ თავადი ალექსი მდივანი და ბარონი ტისენი"... - წერს სახელგანთქმული მხატვარი თავის მოგონებებში.
ალექსის დაღუპვა მდივნების ოჯახის ტრაგედიის დასაწყისად იქცა: ერთი წლის შემდეგ, ფილმის გადაღებისას, ფლორიდაში ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა სერგი. "რუსიმ ვერ გადაიტანა მწუხარება და ჩაიფერფლა ოთხი წლის შემდეგ... რომ დავამტკიცო რამდენად მიყვარდა, საკმარისია უბრალოდ ვთქვა, რომ რუსი წყლის ორი წვეთივით ჰგავდა "ლა ჰაიეს" მუზეუმში დაცულ ვერმეერის „გოგონას მარგალიტის საყურით", - წერს თავის მოგონებებში სალვადორ დალი.
ძმების სიკვდილით შეძრული, ჭლექით დაავადებული რუსუდანი მიზიამ და კოკო შანელმა სამკურნალოდ შვეიცარიაში წაიყვანეს, მაგრამ ვეღარ უშველეს - 1938 წელს გარდაცვალა სულ რაღაც 32 წლისა. მიზიამ გულით დაიტირა რუსუ-დანი, ამბობენ, რომ მედალიონი მისი გამოსახულებით სასიკვდილო სარეცელ-ზეც კი არ მოუხსნია...
მომზადებულია ჟურნალ "ისტორიანში" გამოქვეყნებული რუსუდან დაუშვილის სტატიის მიხედვით
იხილეთ ასევე: 5 ქართველი და-ძმის მსოფლიო სუპერთავგადასავალი
- თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
- „კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
- უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 4 მხატვარი გახდნენ ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე და სალვადორ დალი.
- სალვადორ დალის ტილოები ხელმისაწვდომი იქნება 15 აპრილიდან.
- ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
- დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
- http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13