"არ ვჩანდი იმიტომ, რომ ..." - რას ჰყვებოდა მამუკა ონაშვილი მის ახალ გატაცებაზე ერთ-ერთ ინტერვიუში
მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მამუკა ონაშვილი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
30 ივლისს, იგი ნატახტართან ავარიაში მოყვა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
მამუკა ონაშვილმა სოლო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ის იყო მუსიკალურ-გასართობი შოუ პროგრამების წამყვანი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე და აჭარის ტელევიზიაში.
2001 წლიდან მონაწილეობდა პროექტში-„იუმორინა“.
მამუკა ონაშვილს გამოშვებული აქვს ორი ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“.
გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი. მამუკა ონაშვილს მიღებული აქვს სხვადასხვა მუსიკალური ჯილდო.
ინტერვიუ არქივიდან (2019-03-25):
ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სცენაზე დგას და მღერის, ახლა არა სიმღერაზე, არამედ სრულიად განსხვავებულ თემაზე გვესაუბრება - მომღერალმა მამუკა ონაშვილმა ცოტა ხნის წინ ხატვა დაიწყო. ხატავს ზეთისა და აკრილის საღებავებით და გატაცებულია ამ საქმით...
"როდესაც ცარიელ ტილოსთან ვრჩები, ტილო "მესაუბრება", "მეუბნება", აქ ეს წავა, იქ ის უნდა გააკეთო, მაშინვე ფერებსაც ვხედავ. ხანდახან ყვავილების ხატვა მინდა, ხან პორტრეტის, ნათლად ვხედავ, სად რა უნდა განლაგდეს, რა ფერი იყოს, ჩრდილი საიდან უნდა... იმ წუთში რასაც ვხატავ, ზუსტად იმ განწყობასა და ხასიათზე ვარ", - გვეუბნება მომღერალი, რომელიც პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.
უკვე წლებია, თავისი ძირითადი საქმიანობით, როგორც ადრე, ისე აქტიურად აღარ ჩანს, მაგრამ ამბობს, რომ მომღერლობისთვის თავის დანებებას ნამდვილად არ აპირებს. კითხვაზე, რატომ არ ჩანდა, გვპასუხობს:
"არ ვჩანდი იმიტომ, რომ რამდენიმე წელი საქართველოში არ ვიყავი, ვმუშაობდი მოსკოვში და არა მარტო იქ. იყო სხვადასხვა ღონისძიება, კონცერტი, ვიყავი წამყვანიც, მომღერალიც... მაგრამ ნოსტალგიამ შემაწუხა და საქართველოში დავბრუნდი.
აქ კიდევ შოუბიზნესში, ჩვენს სფეროში თითქმის არაფერი ხდება, მაგრამ რაღაც ღონისძიებებში მაინც ვმონაწილეობ. არის კომერციული დაკვეთები... ახალი პროგრამის გაკეთებას ვაპირებ, რომლითაც მომდევნო წლიდან უფრო მასშტაბურად წარვდგები მაყურებლის წინაშე.
- "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ბოლო დროს, ნელ-ნელა აჩენდით ნახატებს, როგორც გაირკვა, ხატვა დაგიწყიათ და ნამუშევრებიც დაგიგროვებიათ... ხელოვნებათმცოდნე არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ჟანრობრივი მრავალფეროვნებაა - არის კუბიზმი, ნატურალიზმი, პეიზაჟები, პორტრეტები. მოგვიყევით ამის შესახებ...
- საქართველოში რომ ჩამოვედი, დრო მქონდა და ამ მიმართულებით რაღაცების გაკეთება მომინდა, სახლში ძველი საღებავები, გუაშებიც აღმოვაჩინე. მინდა, იცოდეთ, რომ თვითნასწავლი ვარ. უბრალოდ, ბავშვობაში რაღაცას ჩემთვის ვხატავდი, მაგრამ ამ საქმისთვის ხელი სერიოზულად არასდროს მომიკიდია...
მოკლედ, ავიღე ქაღალდი, ის გუაშები და ხატვა დავიწყე, მერე ვინც ნახა, ცუდად არ შემიფასეს - კარგი ჩანაფიქრებია, ფერებიც არ არის ცუდი, შენი ხედვა გაქვს და არ გაჩერდეო. ეს საქმე ჩემთვის უკვე ნარკოტიკივითაა - ჩამითრია, შემიყოლია ამ ყველაფერმა, ერთ ნამუშევარს რომ დავასრულებდი, დღე არ იყო გასული და მეორე მინდოდა, დამეწყო. სურვილს აჩენს, რომ მიჰყვე და სულ აკეთო.
მერე გუაშს თავი დავანებე და პროფესიულ ტილოზე მომინდა გადასვლა, რომ ზეთით მეხატა. ზეთი უკვე სულ სხვა რამ არის - სხვა ფერები, სხვა მიდგომა, ტექნიკა. ეს ნამუშევრებიც ნახეს სპეციალისტებმა, მხატვრებმა, მათაც მითხრეს - შენი ხედვა გაქვს, შენი ფერებიო. მოკლედ, არის პორტრეტები, ბუნება, ყვავილები, თაიგულები, კუბიზმი და სხვადასხვანაირი რამ... იხილეთ სრულად